საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე კენჭისყრა ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საკითხების კომიტეტში 5 სექტემბერს გაიმართება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება „მოამბესთან" აღნიშნულ ინფორმაციას ევროპარლამენტარებიდა ლიბეს კომიტეტის თავმჯდომარე ადასტურებს.
კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის საკითხის ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე გატანაა საჭირო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ოქტომბერში, სასესიო კვირას იგეგმება.
ლიბეს კომიტეტამდე, საკითხზე კენჭისყრა გამართა საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა ზაფხულში. კომიტეტის წევრებმა უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირეს.
"ანგარიშს კენჭისყრაზე მომავალ კვირას გავიტანთ. ლიბეს კომიტეტში ანგარიშის მომხსენებელი მარია გაბრიელაა. კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს კომიტეტში საკითხის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებაა. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ქართულ დელეგაციასთან, აქედან გამომდინარე ველოდები პოზიტიურ კენჭისყრას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დანამდვილებით დღეს რამის თქმა არ შემიძლია. რა თქმა უნდა, ერთი ან ორი წევრი სახელმწიფო დააყენებს საკითხებს, რომლებიც, როგორც წესი ტრადიციულად უკავშირდება უვიზო მიმოსვლას. საქართველოსთვის უზივო რეჟიმის მინიჭების თაობაზე კომიტეტში კენჭისყრა ემთხვევა იმ დროს, როდესაც ვცდილობთ ამ ნაბიჯით ახლო ურთიერთობები დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოში მყოფ სახელმწიფოებთან. ეს არ არის ცალმხრივი გზა, პასუხისმგებლობას იღებს ორივე მხარე", _ამბობს ლიბეს კომიტეტის თავმჯდომარე კლაუდე მოარესი.