წელს, ეროვნულ გამოცდებზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოთხმა კურსდამთავრებულმა სახელმწიფოსგან 70%-იანი გრანტი მიიღო.
წარმატებულ ახალგაზრდებს "ივლიტას ბიბლიოთეკამ" უმასპინძლა, სადაც ივლიტას ოჯახისგან, "ივლიტას ბიბლიოთეკის" სახელით _ ბიბლია, "გურია ნიუსისგან" კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ჩვენი რესპონდენტები ფიქრობენ, რომ მთავარია, მოინდომო, დაისახო მიზანი და იბრძოლო მის მისაღწევად.
ელისაბედ სიხარულიძე, შუა ამაღლების საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი: _ უმთავრესი, წარმატების მიღწევაში მონდომებაა, გასულ წლებზე რომ არაფერი ვთქვა, ეს ერთი წელი, აბიტურიენტობას ვგულისხმობ, უნდა გვემუშავა მთელი მონდომებით, მხოლოდ დასახულ მიზანზე კონცენტრირებული უნდა ვყოფილიყავით. მხოლოდ შრომით მიიღწევა ის, რაც ჩაიფიქრე, სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ არაფერი გამოვა. მეც, ეტყობა ბოლომდე ვერ დავიხარჯე, რადგან ვერ შევძელი იმის გაკეთება, რაც დავისახე მიზნად _ ასპროცენტიან გრანტს ვგულისხმობ.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემი სკოლის მასწავლებლებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ჩემს განათლებას. მადლობა ივლიტას დედამთილს _ ქალბატონ მზია სიხარულიძეს საჩუქრისთვის, მადლობა თქვენ, "გურია ნიუსს", რომ დაინტერესდით ჩვენით და გაგვახარეთ, _ გვითხრა ელისაბედმა.
ასევე, 70-პროცენტიანი გრანტის მფლობელი თაზო თავაძე, ფიქრობს, რომ "მნიშვნელობა არ აქვს, რომელი სკოლა დაამთავრე. თუ სურვილი გაქვს, ყველგან შეძლებ საფუძვლიანი განათლების მიღებას. თაზომ ვან-ზომლეთის საჯარო სკოლა დაამთავრა და ახლა სწავლას თსუ-ს სოციოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძობს: _ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად სწავლობდი _ ქალაქში, რაიონში თუ სოფელში და როგორ სკოლაში _ პრესტიჟულში თუ ნაკლებად პრესტიჟულში, რადგან თუ სურვილი გაქვს, სწავლას და განათლების მიღებას ყველგან შეძლებ. მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი მიზანი მქონდა _ წარმომეჩინა ჩემი სკოლა და ვფიქრობ, რომ ეს ნაწილობრივ შევძელი. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში: ოჯახს, მასწავლებლებს. მადლობას გიხდით თქვენ საჩუქრებისთვის, _ ამბობს თაზო.
სამრევლო სკოლის კურსდამთავრებული ირაკლი რამიშვილიც ფიქრობს, რომ წარმატების მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესი პირობა მონდომებაა:
_ მე რუსთავში ვსწავლობდი. ბოლო ერთი წელია, რაც ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად ჩოხატაურში გადმოვედით და სამრევლო სკოლაში გავაგრძელე სწავლა. ისე მიმიღეს, თითქოს მთელი ცხოვრება აქ გამეტარებინოს. მადლობას ვუხდი მათ ამ სიყვარულისთვის, მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებლებს, თქვენ, ივლიტას ოჯახს ამ საჩუქრებისთვის. მეც თსუ-ში მოვხვდი, იურიდიულ ფაკულტეტზე _ არჩევანში პირველი მეწერა და ძალიან გახარებული ვარ. ვფიქრობ, ყველამ რაღაც დავაკელით, მაგრამ ჩვენს ძალებს ახლა უმაღლეს სასწავლებელში გამოვცდით, _ აღნიშნა ირაკლიმ.
თამთა კიკვაძემ ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. მთავარია, მიზანი, სურვილი და შემდეგ გააცნობიერო, რა გინდა, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო: ალბათ, მეტის მიღწევა შეიძლებოდა, რადგან აბიტურიენტობის პერიოდში იყო ცოტა გართობა, სიზარმაცეც, მაგრამ თინეიჯერობა ისეთი ასაკია, როცა ამ ყველაფერზე უარს ვერ იტყვი. მაქსიმუმი უნდა მოითხოვო საკუთარი თავისგან. მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებლებს თავდაუზოგავი შრომისთვის, ოჯახს, რომლის მხარდაჭერის გარეშე, ალბათ, არაფერი გამომივიდოდა, მადლობა თქვენ და ივლიტას ოჯახს ამ სიხარულისთვის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თამთამ.
წარმატებული კურსდამთავრებულების მთავარი მიზანი ხარისხიანი განათლების მიღება და პროფესიული განვითარებაა. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს შემდეგ სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებენ. კითხვაზე, მიზნის მიღწევის შემდეგ დაუბრუნდებიან თუ არა მშობლიურ რაიონს, ოთხივე მათგანს ერთნაირი პასუხი აქვს: "აქ დავიბადეთ, ძალიან გვიყვარს ჩვენი რაიონი, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით, მაგრამ, აქ პროფესიული განვითარების ნაკლები პერსპექტივაა და კარიერის აწყობას, ვფიქრობთ, რაიონში ვერ შევძლებთ", _ ამბობენ პირველკურსელები და დასძენენ, რომ თავიანთ გამოცდილებას აუცილებლად მოახმარენ საკუთარ რაიონს.