ბოლო დღეებში ლანჩხუთის სპორტულ ცენტრში რიგი საკადრო ცვლილებები გახორციელდა და სამსახურის დატოვება ცენტრის რამდენიმე თანამშრომელს მოუწია. მათ შორისაა, ამირან მორჩილაძეც, რომელიც აქ პრესასთან ურთიერთობას გასული წლიდან კურირებდა.
ამირან მორჩილაძემ, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის, აკაკი ჩხაიძის აშკარა მხარდამჭერია, მანამდე კი „ქართული ოცნების" მთავარი კოორდინატორი იყო აცანა-მამათი-აკეთის ზონაში, საარჩევნო შტაბი ერთი თვის წინ დატოვა. როგორც მაშინ მორჩილაძე ამბობდა, ლანჩხუთში „ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის არჩევისას, ზოგიერთმა წევრმა პრეტენზია გამოთქვა მისი მისამართით და მას დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატთან, აკაკი ჩხაიძესთან თანამშრომლობაში დასდო ბრალი. მორჩილაძე არც უარყოფდა, რომ ის, თუნდაც, ნათესაური კავშირებიდან გამომდინარე, ვალდებული იყო აკაკი ჩხაიძის გვერდში დამდგარიყო და ის, რაც მაშინ შტაბში მოხდა, მისი აზრით, დადგმული სპექტაკლი იყო.
„ოცნების“ შტაბის დატოვებიდან, დაახლოებით, ერთ თვეში ამირან მორჩილაძეს კიდევ ერთი გადაწყვეტილების მიღება მოუწია სამსახურიდან წასვლის თაობაზე. იგი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ სამსახურიდან წასვლის განცხადება, სადაც, როგორც წესი, მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა, საკუთარი ხელით, სპორტული ცენტრის დირექტორთან, გაგა იმნაიშვილთან საუბრის შემდეგ დაწერა. თუმცა, იმასაც დასძენს, რომ ამის აუცილებლობა მან ცენტრის დირექტორთან საუბრის შემდეგ დაინახა.
„ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა „ოცნების“ შტაბში განცახდება გავაკეთე, რომ შტაბს ვტოვებდი და სამუშაოდ აკაკი ჩხაიძესთან გადავდიოდი, სადაც გაგაც იყო. ამ ფაქტიდან მეორე დღეს მას ვუთხარი, რომ უხერხულობას არ შევუქმნიდი და თუ საჭირო იქნებოდა, საკუთარი განცხადებით დავტოვებდი სპორტულ ცენტრში სამსახურს. როგორც ჩანს, ეს უხერხული მომენტიც დადგა და 29 აგვისტოს, ორშაბათ დღეს, როცა სამსახურში მივედი, დირექტორმა დამიძახა. მის საუბარში აშკარად იგრძნობოდა მინიშნება, რომ განცხადება უნდა დამწერა და წამოსვულიყავი. დავწერე კიდეც და ჩავაბარე. ჩემი განცხადების ჩაბარების შემდეგ გადმომცეს ბრძანება გაფრთხილების შესახებ. როგორც ჩანს, წინასწარ იყო დაგეგმილი, თუ განცხადებას არ დავწერდი ამ ერთ გაფრთხილებას მეორესაც მოაყოლებდნენ და ასე მაინც გამიშვებდნენ სახლში. რომ მცოდნოდა, რომ გაფრთხილება დაწერილი იყო ჩემს სახელზე, არ დავწერდი სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებას“, _ ამბობს ამირან მორჩილაძე.
ამირან მორჩილაძისგან განსხვავებით, სპორტული ცენტრის დირექტორი გაგა იმნაიშვილი ამბობს, რომ მორჩილაძემ წასვლის განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც გაფრთხილების ბრძანება ჩაბარდა.
„26 აგვისტოს საღამოს მოვიკითხე ბატონი ამირანი, ის სამსახურში არ დამხვდა, რის საფუძველზეც მიეცა მას ოფიციალური გაფრთხილება. ორშაბათ დილით დავიბარე ჩემთან და ვთხოვე ემუშავა, არანაირ მინიშნებას სამსახურიდან წასვლის თაობაზე ჩემი მხრიდან ადგილი არ ქონია, მან ეს გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო, ზეწოლას ადგილი არ ქონია“, _ ამბობს გაგა იმნაიშვილი და აქვე განმარტავს, რომ სამსახურიდან ამირან მორჩილაძის გარდა, კიდევ ორი თანამშრომელი გათავისუფლდა.
„ერთ-ერთი, ვინც სამსახურიდან გავათავისუფლე კახა გუჯაბიძეა, რომელიც იტალიაში წავიდა. ასევე, გავათავისუფლე კიდევ ერთი თანამშრომელი, რადგან, როცა ადამიანი სამსახურში არ მოდის, ამბობს, მე ამას არ ვიზამ, არ გავაკეთებო, ასეთი ადამიანებს ხელფასს ვერ მივცემ. რაც შეეხება ალეკო წილოსანს, რომელზეც ითქვა, რომ თითქოსდა, სპორტული ცენტრიდან დავითხოვე, სიმართლეს არ შეეფერება. ალეკო შვებულებაში იყო და ეტყობა ამის გამო გავრცელდა მასთან დაკავშირებით ჭორები. იგი არის რაგბის მწვრთნელი და პარალელურად, ხელშეკრულებით სასწავლო ნაწილის გამგის პოსტი ეკავა. მე მას ხელშეკრულება შევუწყვიტე სწორედ ამ უკანასკნელ თანამდებობაზე და აქ დავნიშნე გია ჩხაიძე, რომელიც 25 წელია ცენტრის თანამშრომელია“, _ განმარტავს სპორტული ცენტრის დირექტორი.