ამ წუთებში ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს სოფელ ღრმაღელეში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაა შეკრებილი და ადგილობრივი ხელისუფლებისგან სოფლის ცენტრალური გზის გაკეთებას ითხოვს.
მოსახლეობის თქმით, აღნიშნულ გზაზე ხშირია მძიმეტვირთიანი მანქანების მოძრაობა, რის გამოც ზაფხულის სიცხეს მტვერი და ბუღი ემატება და ირგვლივ გაუსაძლისი ხდება სუნთქვაც კი.
„ძირითადად, ჩინური კომპანიის კუთვნილი, მძიმეტვირთიანი მანქანები მოძრაობენ, კარიერიდან ხრეშს ეზიდებიან. დღითიდღე უარესდება აქ მდგომარეობა. ვითხოვთ გაგვიკეთონ გზა, არა სამერმისოდ, როგორც ამას გვპირდებიან, არამედ ახლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიძლევით პირობას, რომ ხელისუფლებას არ მივცემთ არჩევნების ჩატარების საშუალებას, საარჩევნო უბანს არ გავხსნით და არჩევნებს ჩავშლით“, _ ასეთია აქციაზე შეკრებილთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები.
სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ მარშანიშვილის თქმით, საუბარია 650 მეტრი სიგრძის სოფლის ცენტრალურ გზაზე, რომელიც სოფლის სკოლასთან მიდის. დეპუტატის თქმით, გზის რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის იგეგმება, თუმცა, მოსახლეობა ამ აზრს არ იზიარებს და ახლავე ითხოვს სამუშაოების დაწყებას.
გარდა ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულისა და მაჟორიტარი დეპუტატისა, აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ცინცაძეც იმყოფება.