31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს ქალაქ ბათუმში გაიმართა სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი "BLACK SEA STAR", რომლის ორგანიზატორი იყო ნატალია სტუარტ-ფოქსი. კონკურსში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებსაც აფასებდნენ სპეციალისტები იტალიიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.
ჩოხატაურიდან კონკურსში მონაწილეობა მიიღეს კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის სამმა სოლისტმა _ ლილიანა ლომინეიშვილმა, ქეთი მოდებაძემ და ლიზი ლომინეიშვილმა, რომლებმაც ჟიურის წევრების მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
_ მე შევასრულე ორი სიმღერა "კრიმანჭული" და "დივა პლავალაგუნა". დავიმსახურე ჟიურის მაღალი შეფასება და დავიკავე პირველი საპრიზო ადგილი. ჩემმა მეგობრებმა მიიგეს ლაურიატის წოდება. ქეთი მოდებაძე, ასევე, მიიწვიეს იტალიაში.
ჩემთვის პირველი ადგილი ძალიან დიდი წარმატებაა. როგორც ყოველი კონკურსის შემდეგ, ახლაც უდიდესი გამოცდილება შევიძინე, რომელიც ჩემს მომავალ წინსვლას აუცილებლად შეუწყობს ხელს.
ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი, რომ არა ჩემი პედაგოგი ლარისა დოლიძე, რომელსაც მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო. რომ არა მისი მუხლჩაუხრელი შრომა და პროფესიონალიზმი, ამ შედეგს ნამდვილად ვერ მივაღწევდი. მადლობას ვუხდი ჩემს ყველა გულშემატკივარს და გპირდებით, კიდევ მრავალი წარმატებით გაგახარებთ, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ლილიანა ლომინეიშვილი.