ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები, 15 წლის თ. ქ. 3 სექტემბერს, შაბათს, დილით სახლიდან წავიდა და დღემდე არ დაბრუნებულა. გოგონას ბებიამ ამის შესახებ ოზურგეთის პოლიციაში განაცხადა. ის ამბობს, რომ პოლიციაში დახმარება აღუთქვეს, ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით, გოგონას ადგილსამყოფელს ვერ მიაგნეს. როგორც ქალბატონი ამბობს, გოგონა აქამდე მამასთან თუ ჩავიდოდა ბათუმში, ორიოდე დღით და ამის შესახებ ყოველთვის იცოდა.
გაუჩინარებული გოგონა მუსიკალური ნიჭითაა გამორჩეული. ის ოზურგეთის სალოტბარო სკოლია გოგონათა გუნდის წევრია, რომელიც ამ დღეებში სახალხო შოუს "ნიჭიერის" შესარჩევ ტურში აპირებდა მონაწილეობის მიღებას. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის ამბობდა, რომ თბილისში უნდა წასულიყო.
_მას ძალიან უხაროდა და ამბობდა, "ნიჭიერში" მონაწილეობა უნდა მივიღოო. არ ვიცი, იქნებ, სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა და ამით ნიღბავდა, მაგრამ 15 წლის გოგონას, ერთი შეხედვით მორიდებულს და უწყინარს, ამდენი ეშმაკობის თავი ჰქონდა? _ გვეუბნება ერთ-ერთი თანასოფლელი.
როგორც მეზობლები ამბობენ, გოგონას მშობლები გაშორებული არიან და სამ შვილიშვილს ძირითადად ბებია ზრდიდა.
_ბებია თან ყვებოდა შვილიშვილებს, როგორც შეეძლო. გაუჩინარებულ გოგონას ორი ძმა ჰყავს. არც მათ იციან არაფერი დის ადგილსამყოფელის შესახებ. გოგონას საკუთარი ტელეფონი არ აქვს. თუმცა, ბებია ამბობს, რომ საჭირო შემთხვევაში, ის მეგობრის ან ნაცნობის ტელეფონით ახერხებდა ოჯახთან დაკავშირებას. ამჯერად კი არაფერი ისმის. გოგონას დედა დღეისთვის საქართველოში არ იმყოფება, ის სამუშაოდაა წასული თურქეთის რესპუბლიკაში", _ აცხადებენ მეზობლები.
რაც შეეხება "ნიჭიერში " გოგონას შესაძლო მონაწილეობას, ამის შესახებ ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, სადაც ის სალოტბარო სკოლის გოგონათა გუნდში ირიცხება, არაფერი იციან.
_ეს მოზარდი სალოტბარო სკოლის გოგონათა გუნდში ირიცხება, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორის ფესტივალის გახსნისას მაყურებლის წინაშე "მრავალჟამიერით" წარსდგა. გუნდმა შეასრულა "მრავალჟამიერი". შემდეგ ის შინ დაბრუნდა. ამის შემდეგ ჩვენ მასთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია. რაც შეეხება "ნიჭიერს", როგორც ყველამ იცის, მასში საკუთარი სურვილით მონაწილეობს ნებისმიერი ადამიანი და ფოლკლორის ცენტრთან არანაირი შეხება არ ჰქონია. თქვენგან მესმის პირველად, _ გვითხრა საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ სურგულაძემ.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურს და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.