პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პროპორციულ საარჩევნო სიაში ისკო დანესი 26-ე ადგილს იკავებს. მართალია, 155კაციანი სიიდან იგი ერთადერთი კანდიდატი არაა, რომლის შესახებაც საზოგადოებამ არაფერი იცის, მაგრამ დასენი იმითაა გამორჩეული, რომ ე.წ. "გამსვლელ სიაში" მოხვდა.
მის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ იძებნება. ერთადერთი რაც ვიპოვეთ მოლდოვას რესპუბლიკის საკონსულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მონაცემებია, რომლითაც ირკვევა, რომ ისკო დასენი დაიბადა 1958 წლის 30 მარტს თბილისში.
1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
"დამთავრების შემდეგ 2012 წლამდე მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე" _ ვკითხულობთ საიტზე.
ამავე საიტის თანახმად, დასენი 1986 წლის იანვარში დაინიშნა თბილისის კიროვის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად, შემდეგ მუშაობდა ამავე რაიონის პროკურატურის პროკურორის თანაშემწედ.
1993 წლის 11 ივნისს სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სადაც მუშაობდა საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად, შემდეგ კი ამავე საგამოძიებო ნაწილის პროკურორად.
ისკო დასენი მუშაობის პერიოდში სწავლას აგრძელებდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2013 წლის 12 დეკემბერს, როგორც დამფუძნებელი იქნა არჩეული მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია „ლიდერკრედიტი “ -ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო 2013 წლის 21 დეკემბერს, სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარედ.
2014 წლის 6 ოქტომბერს, იგი დაინიშნა საქართველოში მოლდოვას რესპუბლიკის საპატიო კონსულად.
ისკო დასენს ყავს მეუღლე და ორი შვილი.