დღეს, ჩოხატაურში, „კრიმანჭულის“ სკვერში "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გურიის რეგიონის მხარდამჭერებს შეხვდა.
შეხვედრა დაანონსებული 12 საათის ნაცვლად 13 საათზე დაიწყო და დაგვიანების მიზეზად პარტიის ლიდერმა „გურულების წესი“ მოიშველია _ „როგორც მითხრეს, გურულებს წესად გქონიათ, 10 საათზე რომ გეპატიჟებიან, 12-ზე მიდიხართ, ასე რომ, მე კიდევ ადრე მოვედი და ეს ერთი საათით დაგვიანება უნდა მაპატიოთ“, _ მიმართა ნინო ბურჯანაძემ მხარდამჭერებს, რომლებიც გზადაგზა, სანამ შეხვედრის ადგილისკენ გადაინაცვლებდნენ, სამახსოვროდ ფოტოებს იღებდნენ.
ნინო ბურჯანაძემ შეკრებილებს თავისი პარტიის ხედვები და მიზნები გააცნო, რის შემდეგაც მხარდაჭერების კითხვებს უპასუხა, რომელთა ძირითადი ნაწილი შეჩერებულ ან მოხსნილ სოციალურ დახმარებას ეხებოდა.
ნინო ბურჯანაძე შეკრებილებს, პარლამენტში თავისი გუნდით მოხვედრის შემთხვევაში, ყველა ძირითადი პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბურჯანაძემ „გურია ნიუსთან“ 26 მაისის ამ დრომდე გამოუძიებელ საქმეზე კომენტარი გააკეთა: „ასჯერ მივმართე ხელისუფლებას, აჩიკო კბილაშვილს და კატეგორიულად მოვთხოვე, გამოეძიებინათ 26 მაისის საქმე და გამოეკვეთათ ვისი ბრალეულობა იყო. 26 მაისი რომ გამოეძიებინათ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ხმას საერთოდ ვერ ამოიღებდა. მაგრამ არ გამოიძიეს იმიტომ, რომ იქ ძალიან ნათლად გამოჩნდებოდა, რომ ბურჯანაძე არსად გაქცეულა, ხალხი არ მიუტოვებია, მათთვის არ უღალატია და რეალურად, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ. იმიტომ არ გამოიძიეს 26 მაისი, არ აწყობთ გამოძიება. მე შვიდი ნოემბრის გამოძიებაც მაწყობს, მაგრამ მათ არ აწყობთ, რადგან აღმოჩნდება, რომ სულ ტყუილები ილაპარაკეს. ირმა ინაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც პრეზიდენტის აპარატში დანიშნეს, ნინო ბურჯანაძის ექსკორტით პოლიციელი მოკლა.
პოლიციელის მოკვლისთვის ჯერ ერთი მძღოლი იჯდა, მოკლეს კინაღამ ცემით. შემდეგ მეორე ჩასვეს, ისე სცემეს, დღესაც კოჭლობით დადის. ბოლოს, მესამე ბიჭი, რომელიც ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო, 6 თვე ამბობდა, რომ არ მოუკლავს პოლიციელი, მაგრამ ბოლო სასამართლო სხდომაზე ზეწოლას ვეღარ გაუძლო და აღიარებითი ჩვენება დააწერინეს.
მე შევხვდი გარდაცვლილის და და სიძეს და ვუთხარი, რომ ამ საქმეს აუცილებლად გამოვიძიებდი. იმ მანქანას, რომელშიც მე ვიჯექი, ნამდვილად არ მოუკლავს, მაგრამ ექსკორტს მთლიანად ხომ ვერ უყურებ. ოჯახს ვუთხარი, რომ ხელს არ დავაფარებდი და შევთავაზე ერთად გამოგვეძიებინა. პირველ დღეს რომ დამთანხმდნენ, ერთი კვირის შემდეგ უარი გვითხრეს, რატომ? _ იმიტომ რომ ფირმა „ახალ ნათებაში“ წილი შესთავაზეს.
მისი ოჯახიდან ვიცი, რომ გარდაცვლილის დედამ როცა ბიჭებს ჰკითხა, რა მოხდა, არავინ არაფერი იცოდა, როგორ კაცს გადაუარეს და არაფერი დაგინახავთო? _ როგორ დაინახავდნენ, როცა არავინ მოუკლავთ. იმ ბიჭის ოჯახიდან ვიცი, რომ უთქვამს მე ისეთი რაღაც ვიცი, აუცილებლად მომკლავენო და უკეთეს მომენტს ვერც შეარჩევდნენ, მოკლეს და ჩვენ დაგვიგდეს.
ამას მე მაგათ არ შევარჩენ, მოვა დრო და ყველაფერს გამოვიძიებ, _ თქვა ნინო ბურჯანაძემ.