ქალებს გვიჭირს ხოლმე საკუთარი თავის წარმოჩენა. ზოგადად, გვირჩევნია კოლექტიური სიკეთე ვაღიაროთ, ვიდრე საკუთრი მე _ ორჯერ ჩავაბარე მოსახლეობას ანგარიში დეპუტატის რანგში…. კოლეგებისგან შენიშვნა მივიღე, ვიცით, ბევრს შრომობ და გირჩევთ, გაკეთებულ საქმეებზე, მეტი ილაპარაკეო.
ცნობილია, რომ მამაკაცებს პატარაობიდანვე ასწავლიან საკუთარი თავის მეტად ხაზგასმას, მუდმივ კონკურენციაში ყოფნას სხვა ადამიანებთან. ჩვენი თაობის ქალებს სხვანაირად გვზრდიდნენ _ თანამშრომლობა და არა კონკურენცია. თუმცა, ვგრძნობ რომ პოლიტიკა არის სფერო, რომელიც მთლიანად დგას კონკურენციაზე.
გულწრფელობის გამო ხშირად გავმხდარვარ კრიტიკის ობიექტი. არ მომწონს ის ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ გამოვიდნენ თავისი იმიჯიდან. რა მინდა ამ სივრცეში, თუ საზოგადოებას ვერ გავაგებინე, რა არის ჩემთვის ღირებული?!
ორშაბათი, 5 სექტემბერი
საქმიანი სექტემბრის ერთი კვირის ორშაბათი ჩემთვის თანაბრად დატვირთული დღე იყო, იმ დღეებთან შედარებით, რომელიც წინ მელოდა. მიწვეული ვიყავი კონფერენციაზე გრიგოლეთში სასტუმრო ,,ანდამატში“. კონფერენცია ,,საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის“ (IBDIPC) მიერ, პროექტის _ ,,საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა ტურიზმის განვითარებისთვის გურიაში“, ფარგლებში გაიმართა. კონფერენციაზე „გურული დღიურების“ გზის პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა.
პროექტის წარდგენას მოჰყვა დიდი ინტერესი, საინტერესო, საგნობრივი შეკითხვები და უამრავი ოვაცია. ნიჭიერმა ახალგაზრდებმა: გიორგი კეკელიძემ, ნინიკო ქორიძემ და ტატო კუბლაშვილმა მოახერხეს საინტერესო ქეისის შექმნა _ ტურპროდუქტი ორიგინალური პროდუქციის სახით შეფუთეს და ნაკლებად პოპულარული ლოკაციები მიმზიდველი გახადეს, რაც აღმოჩენა იყო ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის. მეც ჩემი წვლილი შევიტანე ამ პროექტში. სოფელ ბაღდადში გავხსენით რამდენიმე გესთჰაუსი. ერთ-ერთი არის დავით მგელაძის ოჯახში, სადაც ინახება ბზიფის ხეობიდან ჩამოტანილი ორსაუკუნოვანი საწნახელი და სხვა ეთნოგრაფიული ნივთები. როცა ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებს ეკითხებოდნენ, როგორია სერვისი გურიაში, კერძოდ ბაღდადში, პასუხობდნენ, სერვისი არ ვიცით მაგრამ გურიაში (ბაღდადში) იციან დახვედრაო!
სამშაბათი, 6 სექტემბერი
მე და გიგა ველოდებით სოფლის ავტობუსს. 30 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენს სახლთან სკოლის ტრანსპორტიც ჩამოივლის. ჩვენი უბნის მოსწავლეებს მთელი ამ ხნის განმავლობაში ფეხით უხდებოდათ შორი მანძილის გავლა სკოლამდე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ახალი პროექტი _ „სკოლების ხელმისაწვდომლობა“ აამოქმედა. ამ სიკეთით დღეს ჩემი ოჯახის ბინადარიც სარგებლობენ. გიგა ვახსენე. გიგას შვიდსულიანი ოჯახი, მე და ჩემმა დედამთილმა საცხოვრებლად დროებით, შარშან მივიღეთ. მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამა ჰყავს, მოხუცი ბებიები, ბაბუა და სამი წლის ძმა. ერთი ბებია, წლებია, ლოგინს არის მიჯაჭვული. გიგამ წელს გამახარა _ პროექტში _ „ჩემი სოფლის ისტორიები“, დიპლომი დაიმსახურა.
მე ვაგრძელებ გზას ქალაქისკენ. დილით ადრე კულტურის და დასვენების პარკში ვარ. პარკს ოთხი მხრიდან აქვს შესასვლელი. თანამშრომლებმა არ იციან, როდის საიდან მოვალ. ყოველ დღე ვამოწმებ ყველა ნარგავს, პარკის ინვენტარს, ჩემი არყოფნის დროს რამე ხომ არ დაზიანებულა… კარებთან მხვდება დამლაგებელი ნატაშა მიხაილოვნა, რომელიც პატივისცემის ნიშნად ინგა ბატონოს მეძახის. ნატაშა ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის შვილია.
ვიცით, რომ პარკს მრავალმხრივი ფუნქციური დატვირთვა აქვს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსებით, პარკის მმართველობის მხრიდან რთულდება არა მარტო სოციალური პროექტების, არამედ სავალდებულო საქმიანობის გახორციელება, რაც დებულების მიხედვით გევალება. ამიტომ მე და ლადუნამ (ლადუნა სპეციალისტია) მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის საპროექტო წინადადებების შეთავაზება.
რვა საათისთვის ვბრუნდები სოფელში, გზად მოვინახულე ორი მოქალაქე, რომელთა თხოვნა განვიხილე და ვფიქრობ, დახმარების ფორმაც გამოვნახო.
ოთხშაბათი, 7 სექტემბერი
ოზურგეთის თემთა გაერთიანებაში რიგითი დეპუტატი ვარ, ხოლო ქალაქის მერიაში ააიპ-ი კულტურის და დასვენების პარკის მენეჯერი. მოგეხსენებათ, რომ ოზურგეთი გაიყო ორ მუნიციპალიტეტად, მაგრამ მათ საქართველოში მას ცალკე-ცალკე არ მოიაზრებენ. ამიტომ ჩვენი გამარჯვებაც ერთია _ დამარცხება ღმერთმა გვაშოროს. როცა რაიმე პროექტზე ვმუშაობ, ორივეზე ერთდროულად ვფიქრობ _ სოფლების თემი, ქალაქის მერია……
საკრებულოს 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მხარი დავუჭირე არაჩვეულებრივ წამოწყებას _ ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო ტერიტორიაზე, სოფელ ნატანებში, წინასაპროექტო კვლევების სამუშაოების გახორციელებას. სამომავლოდ ინვესტორი იღებს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის ვალდებულებას, უნიკალური ფაუნის შენარჩუნებით. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმისმათთვის, ვინც თითო თეთრს ჩადებს ჩვენი რაიონის ტურისტული ზონის განვითარებაში.
პარკში ახალგაზრდები მეწვივნენ. ჩემი ხარჯებით ორი თანასოფლელი თბილისში გავუშვი მსოფლიო უსაფრთხოების ფორუმზე. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ქართველ ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების ჭრილში არ აქვთ ფუფუნება იმისა, რომ მიიღონ ისეთი მაღალი კლასის პროექტებში მონაწილეობა, როგორსაც ახორციელებს ,,ახალგაზრდული ალიანსი. ეკა გოგუაძე, პროექტში მონაწილე ცხემლისხიდის საჯარო სკოლა: "future security forum-მომავლის უსაფრთხოების ფორუმი ჩემთვის პირველი ნაბიჯი იყო გავრკვეულიყავი, თუ რას აკეთებენ ქვეყნები განვითარებისა და საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. მე ვიყავი ჯანდაცვის კომისიის წევრი. სამომავლოდ, ახალგაზრდულ ორგანიზაციას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შევიტანოთ წვლილი საქართველოს განვითარებაში! მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამ ფორუმში რეგიონებიდან მიიღო მონაწილეობა."
"Future Security Forum"-ზე გამოვლინდნენ საუკეთესო დელეგატები, რომლებიც საერთაშორისო პროექტზე, საქართველოს დელეგაციის სახელით ჰააგაში გაემგზავრებიან. მე და ჩემი სტუმრები ვემზადებით ახალი პროექტისთვის.
ხუთშაბათი 8 სექტემბერი
კულტურის და დასვენების პარკი. მართალი გითხრათ, როცა ქალაქის მერისგან შემოთავაზება მივიღე, არც დავფიქრებულვარ მცირე ჯამაგირზე. ვიცოდი, რომ ძალიან სასიამოვნო საქმესთან მექნებოდა შეხება. პარკში ბევრი საქმეა, რაც გარედან არ ჩანს. კარგი იყო ბატონი ავთო სირბილაშვილი დარჩენილიყო, გაეგრძელებინა კულტურული ღონისძიებები, მაგრამ ახლადშექმნილ ააიპ-ს თემთა გაერთიანებაში ჩამოყალიბებული, გამოცდილი კადრი სჭირდებოდა. ბატონმა ავთომაც არჩევანი სოფელზე გააკეთა. ავთო დღესაც ხშირად სტუმრობს პარკს და მიზიარებს გამოცდილებებს, მე კი კვარტალში ერთხელ, როგორც საკრებულოს დეპუტატი და საფინანსო საბიუჯეტო კომისიაში ხარჯვითი ნაწილის კონტროლისა და მონიტორინგის ჯგუფის უფროსი, ვისმენ მისი, როგორც მხარჯავი ორგანიზაციის ანგარიშებს, ვაძლევ რეკომენდაციებს. მოკლედ, სოფელი და ქალაქი გადაჭაჯვულნი ვართ ერთმანეთთან….
ისევ პარკი. ბუნებასთან ბავშობიდან მქონდა შეხება _ მამა ქალაქ სოხუმის გამწვანების ტრესტის მმართველი იყო, აფხაზეთის დამსახურებული აგრონომი, დედა _ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის დოცენტი. მამა ბავშობიდანვე მაზიარებდა მცენარეების სიყვარულს. მცენარეს ფოთოლზე რომ შევხედავ, სიმწვანის ხარისხით ვხდები მის მდგომარეობას. ამ ასაკში, გაგიკვირდებათ და მცენარეებს ვესაუბრები _ კეთილი სიტყვა მათზეც მოქმედებს.
ამ გარემოში ვიზიტორი, ადმინისტრაციასთან ერთად, ადამიანურ ბუნებრივ, უბრალო ყოფაში ცხოვრობს და ბევრ რამეს ენთუზიაზმით აკეთებს. ჯანსაღი ურთიერთობები უფრო მოტივირებულებს გვხდის. მართალია, მაღალი სტანდარტებით არ გამოირჩევა ჩვენი პარკი, მაგრამ მოვახერხეთ რამდენიმე კრეატიული პროექტის გახორციელება _ ერთ-ერთი წიგნების ბუდეა.
შვიდ საათზე ჩვენი დეპუტატობის კანდიდატის _ არჩილ თალაკვაძის შეხვედრას დავესწარი სოფელ ოზურგეთში.
პარასკევი, 9 სექტემბერი
დილით, პარკში, ამჯერად სკოლის მხრიდან შემოვდივარ, ვამოწმებ არხებს, ნაგვის ურნებს და ვატყობინებ დასუფთავების სამსახურის უფროსს ვოვა სალუქვაძეს: ვოვა, ბუნკერები სავსეა! არის, ქალბატონო ინგა, ვუშვებ მანქანას! _ მპასუხობს ვოვა.
პარკში კომპოსტის ყუთი დავდგი _ ჩემი ერთ ერთი პროფესია ბიოლოგობაა. ვიზიტორებს ვუხსნი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის ბიოპროდუქტი და როგორ უნდა მოაწყონ სახლის პირობებში კომპოსტის ყუთები აკურატულად. წელიწადის ამ დროს ულამაზესია პარკი _ დაახლოებით, მილიონი რუდბეკია ყვავის. მცენარე ყვავილობს ზაფხულის შუა რიცხვებიდან ყინვების დადგომამდე. იგი ფასობს მისი საუცხოო ვიზუალის გამო.
ორ საათზე გავრბივარ ნატანებში. სექტემბრიდან დაიწყება ინოვაციური პროექტი _ „დისტანციური სწავლების კურსები“. ეს არის ევროკავშირისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, რომელიც ჩემი ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება მუნიციპალიტეტში. ამ პროექტით გვინდა, თემის მოსახლეობას ელექტრონული საშუალებები გამოვაყენებინოთ არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ როგორც ახალი რესურსი სწავლების მისაღებად. ვირტუალური კომუნიკაცია და საოფისე პროგრამები _ ნატანების ჯგუფმა ეს კურსები შეარჩია. ლექციას ლაივში ატარებს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ლომინაძე. მაინტერესებს ჯგუფის მოლოდინები.
ვბრუნდები სამსახურში და მარინა ჯაფარიძესთან და ლიკა ღლონტთან ერთად ვმუშაობ შემოქმედებითი ევროპის საპროექტო წინადადებებზე. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ შეძლებს ყველა იდეის ფინანსურ მხარდაჭერას, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ორგანიზაციების ევროკავშირის პროგრამაში ჩართვა. გვქონდა სამუშაო შეხვედრა აჭარის კულტურისა და სპორტის სამინისტროში, შევხვდით ლიტველ ექპერტს, რომელმაც ისაუბრა იმ ძირითად ასპექტებზე, რომელიც პროექტის წარმატების წინაპირობაა.
მოგახსენებთ, რომ აქტიურად ვმონაწილეობ პროექტების განხილვაში, იქნება ეს მუნიციპალური განვითარების ფონდის რეგიონალური თუ სოფლის პროექტები. ინფრასტრუქტურის კომისიის აქტიური მუშაობის შედეგად მივაღწიეთ აღმასრულებელთან ერთად, რომ შექმნილიყო შპს, რომელიც მომსახურეობას გაუწევდა მუნიციპალიტეტში არსებულ სასმელ და სარწყავ არხებს. წელს დასრულდება სოფელ ჯუმათში წყლის ახლი ქსელის მოწყობა. ლაითურში იგეგმება 5-მილიონიანი პროექტი.
შაბათი, 10 სექტემბერი
ისევ ჩემი სოფელი. გავდივარ ბაღდადში. თავკობულის უბანში მოსახლეობა ითხოვს ტექნიკას, რადგან სოფლის პროექტით შეძენილი მილი მიწაში დაფლოს. ვურეკავ სოფლის გამგებელს ბატონ დავითს. დამპირდა ამ საკითხის უახლოეს დროში მოგვარებას. შემდეგ ბაღდადის ცენტრში ავდივარ, სადაც თანამედროვე სტანდარტების ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ამ კერის აღდგენით კუთხე შეგვინარჩუნდება, ჩვილბავშვიანი ოჯახები დამაგრდებიან სოფელში.
პარკში ახალგაზრდები მესტუმრნენ… მეკითხებიან, თუ როგორია სიღარიბის დაძლევის „წამალი“ ჩვენს ქვეყანაში. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ვეუბნები, რომ „წამალი“ არასოდეს იქნება ეფექტური, თუ ის წამოვა ხელისუფლებიდან. ხელისუფლებამ უნდა მისცეს გარკვეული მიმართულება საზოგადოებას, მაგრამ მნიშვნელოვანი გასაკეთებელი ხალხის მხრებზეა. საკუთარ საქმეს გამბედაობა და ინიციატივა სჭირდება.
8 საათისთვის ვბრუნდები სახლში და მეუღლის დედასთან ერთად გავდივარ საოჯახო საკითხებს _ ინგა, წისქვილის ქვაა მოსაკეკი; მორჩენილი ძროხა კოჭლობს, ვუმკურნალეთ, მაგრამ შედეგი არ გამოიღო; მეორე ძროხა დასამაკებელია _ ხვალ თამაზ. კილაძეა მოსაყვანი ხელოვნური განაყოფიერებისთვის; სარწყავი არხის სათავეა გადაგდებული. და ა. შ.
გიგა ამოვიდა _ მეუღლის დედა რუსულში ამზადებს გიგას.
გვიან ჩემს დისშვილს _ თემურს ვესაუბრები „ვაიბერით“. იგი სამი თვის წინ ავტოავარიაში მოხვდა და დღემდე ებრძვის კატასტროფის უმძიმეს შედეგებს. მე და ჩემი დის ოჯახმა ვიცით, რომ თემურის რეაბილიტაციას დიდი დრო დააგვიანდება. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვიდგახართ. ამ ერთობით გადაგვაქვს თავს დატეხილი დიდი განსაცდელი.
კვირა, 11 სექტემბერი
ცხემლისხიდის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ახალი ღვთისმსახური ჰყავს _ შემოქმედელი თეიმურაზ ბურჭულაძე. ყურადღებით ვისმენ სახარებისეულ ეპიზოდებს, ქადაგებას. ერთი ეპიზოდის განმარტება ასეთი იყო: ,,სიმდიდრე პატიოსნად უნდა ისტუმრო და პატიოსნად გაისტუმრო“.
11 სექტემბერი იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა. ამ დღეს ადამიანმა უაზრო ფიცის გამო საშინელება აღასრულა. ამ დღეს მარხვით განვიცდით, მაგრამ გვიხარია, რომ გვყავს უდიდესი მეოხი სასუფეველში.
ცხემლისხიდის ტაძრის მშენებლობა 1999 წელს ჩავიბარეთ მე და მამა ბასილმა, ამჟამად მამა იოანე კიკვაძემ. მამაომ ეკონომუსად დამნიშნა. ამ ფაქტმა განაპირობა ჩემი სოფელში დარჩენა. პასუხისმგებლობა დიდი მქონდა და ამიტომაც გადავიფიქრე ტრაგიკულად გარდაცვლილი მეუღლის საქმის გაგრძელება რუსეთში.
ცხემლისხიდში ნიჟა ლომინაძის სახელობის ფოლკლორული სკოლა-მუზეუმია, რომელიც ამჟამად უფუნქციოდაა. ჩემს კოლეგა, ცხემლისხიდის მაჟორიტარ დეპუტატი ლალი სიჭინავასთან ერთად აუცილებლად დავაყენებ საკითხს, სკოლაში განახლდეს საგალობლებისა და ხალხური სიმღერების სწავლება ჩვენი თემის ბავშვებისთვის.
გონებას კვირა საღამოსაც არ ვასვენებ და ანტონ სუროჟელს ვთარგმნი რუსულიდან ქართულად.
ორიოდე სიტყვა ოჯახზე.
ოცდაათი წლის წინ დავქორწინდი შოთა ბერძენიშვილზე. მყავს ორი ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი. ამჟამად ვცხოვრობ მეუღლის დედასთან ერთად ბერძენიშვილების საგვარეულო მამულში.
მგონი, ზედმეტად ბევრი ვისაუბრე ჩემს თავზე და კოლეგების შენიშვნა გამოვასწორე.
მომდევნო კვირის ბლოგპოსტს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ ქალბატონ ნანული ორაგველიძეს გადავცემ.
ინგა დუმბაძე,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი