საოლქო საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სია, ცნობილია მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა და პარტიული სიები.
კანონის თანახმად, პარლამენტის წევრობის მაჟორიტარმა და პარტიული სიით წარდგენილმა კანდიდატებმა უკვე დატოვეს დაკავებული თანამდებობები.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე 28 დღეა დარჩენილი და ჩვენი კორესპონდენტები დაინტერესდნენ, ფიქრობენ თუ არა ახალგაზრდები, რომ მათი ხმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანია. გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ ახალგაზრდების უმრავლესობას არჩევნებზე მისვლა არ სურს და მიაჩნიათ, რომ მათი ხმა არაფერს წყვეტს.
თითოეული ხმის მნიშვნელობაზე, წარსულზე, დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა "ივლიტას ბიბლიოთეკაში" შეკრებილ ახალგაზრდებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქში ნინო კვიტაიშვილი, რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარიც გახლდათ.
_ წარმოშობით ლანჩხუთელი ვარ _ დედით და მამითაც. დაწყებითი განათლება მივიღე ლანჩხუთში, შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისში _ დავამთავრე 123-ე საჯარო სკოლა. ვიყავი ამავე სკოლის მასწავლებელი და დირექტორიც. შემდეგ, განათლების სამინისტროში ვხელმძღვანელობდი ზოგადი განათლების მართვის დეპარტამენტს. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავტოვე განათლების სამინისტრო და გადავინაცვლე კერძო სექტორში, სადაც დამფუძნებლებთან ერთად შევქმენით თანამედროვე განათლების აკადემია, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას ნინო კვიტაიშვილმა.
მისივე თქმით, სამინისტროს მუშაობით იმედგაცრუებული საჯარო სექტორში დაბრუნებას არ ფიქრობდა, თუმცა, "ყველაზე ინტელექტუალური და განათლებული გუნდისგან მიღებული შეთავაზების შემდეგ", გადაწყვეტილება შეცვალა.
_ მივიღე შემოთავაზება იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელსაც მივიჩნევ ყველაზე ინტელექტუალურ და უალტერნატივო ძალად _ ასეთია ჩემი მოსაზრება და საბედნიეროდ, არა მარტო ჩემი. ამიტომ დავთანხმდი _ საუბარი იყო გურიაზე, რომლის მიმართ დიდი ინტერესი გამაჩნია, _ თქვა კანდიდატმა.
_ ქალბატონო ნინო, ყველაზე ინტელექტუალური გუნდი ახსენეთ. თუმცა, ამ გუნდს ბევრ ბრალდებას უყენებენ და ერთ-ერთია ძალადობა. როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, ამაზე იფიქრეთ? იმის გათვალისწინებით, რომ ძალადობის ფაქტები თქვენი გუნდის წევრებმაც აღიარეს, თქვენც იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას?
_ რა თქმა უნდა, არც ერთი ნორმალური ადამიანისთვის ძალადობა არ არის მისაღები, მით უფრო, რომ ჩემი საქმიანობის გარკვეული ნაწილი სწორედ ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული. შესაბამისად, ამ ყველაფერს ვგმობ. თუმცა, ამ გუნდს აბსოლუტურად გაცნობიერებული აქვს საკუთარი საქმიანობის ცხრაწლიანი პერიოდი და ის ახლა ახალი ენერგიით, განახლებული სახეებით მოდის პოლიტიკაში უკვე სახელისუფლებო ძალად.
_ გაქვთ იმის გარანტია, რომ იგივე არ განმეორდება?
_ არასოდეს ვიქნები იმ გუნდის წევრი, სადაც ძალადობა იქნება დაშვებული. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და თუკი იმ ცხრაწლიან პერიოდში კონკრეტული ძალადობის ფაქტები იყო, უნდა გამოიძიონ. შესაბამისად, ხელისუფლებისგან, ისევე როგორც ყველა, ჩვენც ველოდით, რომ დამნაშავეებს დაადგენდნენ და დასჯიდნენ მათი არსებობის შემთხვევაში.
_ ეჭვი გეპარებათ, რომ არსებობდნენ?
_ არსებობდნენ, რა თქმა უნდა. თუმცა, ისეთი მასშტაბური სახის დასადგენად, რომელზეც იყო ძირითადი აქცენტი გადატანილი, გამოძიებაა საჭირო. მე ვენდობი გამოძიებას და იქედან გამომდინარე ვმსჯელობ, თუ რამდენი ადამიანი დაისაჯა ამ ძალადობის გამო. ასევე, ძალიან კარგად მახსოვს ოთხწლიანი პერიოდის მანძილზე გამოუძიებელი საქმეები. დღემდე არ მაქვს პასუხი რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული თემაა _ პირველ რიგში, იგი ეხება ბავშვის სიცოცხლეს.
_ გეთანხმებით, მაგრამ გამოუძიებელი ფაქტები და უპასუხო კითხვები ბევრი იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც _ გვირგვლიანი, ვაზაგაშვილი, ქუჩაში დაცხრილული ადამიანები… მათ შორის ლანჩხუთშიც _ ამ თემებზე "გურია ნიუსი" ბევრს წერდა…
_ ფაქტები, სადაც კი იყო ძალის და უფლებამოსილების გადამეტება, უნდა იქნას გამოძიებული. ეს არის ჩემი და ჩემი გუნდის პოზიცია. თუმცა, ვიმეორებ, რომ ამ ოთხწლიან პერიოდშიც ბევრი საქმეა გამოუძიებელი. ალბათ, თქვენც კარგად ხედავთ, როგორი კრიმინოგენული მდგომარეობაა ქვეყანაში და რომ ბევრი პრობლემაა. ზოგადად ვფიქრობ, რომ მუდმივად აპელირება წარსულზე კარგს არაფერს მოგვიტანს. უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები და უნდა ვისაუბროთ იმ პერსპექტივებზე, იმ გეგმებზე, განვითარებაზე და წინსვლაზე, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ის კი არ უნდა იყოს, კონკრეტულად რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს _ მთავარი გამოწვევა უნდა იყოს ქვეყანაში არსებული მძიმე პროცესების გამკლავება, რომელიც მოსახლეობასთან ერთად უნდა დავძლიოთ.
_ კითხვაზე არ მპასუხობთ… რა გარანტია გაქვთ, რომ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ძალადობას ადგილი არ ექნება? "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხომ ისევ ის ადამიანები არიან, რომლებიც მაშინ თანამდებობებზე იყვნენ? თქვენი ლიდერი ხომ ისევ მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც ბევრი ბრალდება აქვს წაყენებული _ მათ შორის ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა და ის ქვეყანაში ძებნილია..
_ ბრალდების წაყენება ადვილია. არამიზნობრივი ხარჯების დოკუმენტებიც გვინახავს, როგორც ამ ხელისუფლების, ასევე იმ ხელისუფლების პირობებშიც. რაც შეეხება გარანტიას, ის ყველაფერი პარტიის პროგრამაშია, რომელშიც ნათლადაა გაწერილი ჩვენი დამოკიდებულება სამართალდამცავი ორგანოების, პროკურატურის, სასამართლოს მიმართ.
_ საარჩვენო პროგრამა გარანტიად მიგაჩნიათ?
_ ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიებს ქმნის თავად სახელმწიფო. შესაბამისად, ჩვენს პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის მიმართულება, რაც ხვალინდელი დღის, ჩემი და თქვენი უფლებების დაცვის გარანტად უნდა იქცეს.
_ ამ ხელისუფლების და თქვენი _ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროსაც ბევრი წინასაარჩევნო დაპირება შემორჩა გაზეთის ფურცლებს… ეს პოლიტიკოსების ჩვევაა და ამის გარანტიად აღქმა უცნაურად არ მიგაჩნიათ?
_ ვერავინ იტყვის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გუნდს აკლია ან ცოდნა, ან ნიჭი, ან უნარი, ან გამოცდილება. გამოცდილება არსებობს როგორც დადებითი, ასევე _ უარყოფითი. თუ აკეთებ საარჩევნო პროგრამას, რომელიც ადეკვატურია დროსა და სივრცესთან მიმართებაში, თუ გაქვს პოტენციალი, რომ ეს პროგრამა განახორციელო, მასში დაწერილი თითოეული პუნქტი უნდა იყოს შესრულებული, რაც იქნება სახელმწიფო მშენებლობის და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტია, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას კვიტაიშვილმა.
მისივე თქმით "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პროგრამაში დიდი ნაწილი ახალგაზრდებს და მათ განათლებას ეთმობა:
_ ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო დაფინანსების ზრდა 50%-ით იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს საჯარო სკოლებში ხვდებოდეთ ნორმალური ინფრასტრუქტურა, რომ არსებობდეს მასწავლებლის წახალისების მექანიზმები, რომ არსებობდეს უამრავი შიდა სასკოლო პროექტი, რომლის დაფინანსებასაც თავად სკოლა გადაწყვეტს. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ვაუჩერის 50%-ით ზრდით. ასევე გეტყვით, რომ მასწავლებლის ხელფასის ზრდა ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული მინიმუმ 650 ლარამდე, რაც მათი ღირსეული შრომის გარკვეულ მოტივაციასაც განაპირობებს. რაც შეეხება უკვე სტუდენტურ ასაკს _ ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ხუთი ათასი სტუდენტით გაიზრდება იმ სტუდენტების დაფინანსება, რომლებიც საჭიროებენ სახელმწიფოსგან მსგავს ინვესტიციას. ალბათ, დამერწმუნებით რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე სერიოზულია, _ ამბობს კვიტაიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა კონკურენტებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მითვის კონკრეტულ სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ აქვს:
_ ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ ჩაანაცვლა კანდიდატი, რაც იმის დადასტურებაა, რომ მათ დაინახეს ის რეალური კრახი, რომელიც ელით. პირველი კრახი "ოცნებამ" უკვე განიცადა და ვფიქრობ, 8 ოქტომბერს მეორე ელის. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი კონკურენტის სახელს და გვარს _ ის არის სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი და მის მიმართ უკვე გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა.
_ სხვათა შორის, ეს კითხვები "ქართული ოცნების" ამჟამინდელი კანდიდატის ნინო წილოსანის ოჯახის "ნაციონალურ მოძრაობასთან" შესაძლო კავშირზე გაჩნდა..
_ ასე სიღრმისეულად არ გავცნობივარ ამ საკითხს. ყველა კონკურენტს პატივს ვცემ და იმედია, ღირსეული ბრძოლა იქნება…
_ მეორე ტურს ელოდებით?
_ საკმაოდ რთული ოლქია და მე მზად ვარ, როგორც პირველი, ასევე მეორე ტურისთვის.
_ დამოუკიდებელ კანდიდატებს როგორ აფასებთ? ანგარიშგასაწევ ფიგურებად არ მიგაჩნიათ?
_ ძალიან ბევრი მსმენია აკაკი ჩხაიძის წინარე საქმიანობის შესახებ და ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ამ საქმიანობის ირგვლივ კორუფციულ გარიგებებზე, ბიუჯეტის თანხების მითვისებაზე…
_ თუმცა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს ჩხაიძეს ვერ დაუმტკიცა და რამდენიმე მილიონის გამორთმევით დაკმაყოფილდა…
_ ეს არის სახელმწიფო ბრალდების საკითხი. ჩხაიძეს შეეფარდა ის, რაც მაშინ საჭიროდ ჩათვალეს და მას თანხა ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაახდევინეს. არ ვარ სამართალმცოდნე და შეიძლება ტერმინებში არევა მქონდეს. ფაქტი ის არის, რომ ჩხაიძემ ბიუჯეტის სასარგებლოდ მილიონები გადაიხადა და მას ეს თანხა ჰქონდა მაშინ, როცა ხელფასები მიზერული იყო, _ აღნიშნა კვიტაიშვილმა გადაცემაში სტუმრობისას.
გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრისა და საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის ერთობლივი პროექტი "ინფორმირებული არჩევნისთვის _
საინფორმაციო კამპანია ყველა რეგიონისთვის" ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.