განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 178 839 სტუდენტიდან სტატუსი 20%-ს შეუჩერდა, აქედან 6%-ს ფინანსური პრობლემების გამო.
როგორც "გურია ნიუსს" განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, მაჩვენებელი წინა წელსაც თითქმის იგივე იყო.
"2015 წლის პირველ კვარტალში 175 076 სტუდენტიდან სტატუსი 20%-ს შეუჩერდა, ფინანსური დავალიანების გამო 6%-ს. ამავე წლის მეორე სემესტრში კი 163 917 სტუდენტიდან სტატუსი 19%-ს შეუჩერდა, აქედან ფინანსური პრობლემის გამო 5%-ს.
რაც შეეხება 2014 წლის პირველ კვარტალს, 146 716 სტუდენტიდან სტატუსი 17%0ს შეუჩერდა ფინანსური დავალიანების გამო კი 5%-ს. ამავე წლის მეორე კვარტალში კი, 158 410 სტუდენტიდან სტატუსი 18%-ს შეუჩერდა, ფინანსური დავალიანების გამო კი 4%-ს.
2013 წლის პირველი კვარტლის მაშვენებლით კი, სტატუსი 147 648 სტუდენტიდან 15%-ს შეუჩერდა, აქედან ფინანსური დავალიანება მათ 4%-ს ჰქონდა", _ აღნიშნულია ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ ძირითად შემთხვევაში სტუდენტი სტატუსის შეჩერების თაობაზე განცხადებით სასწავლო დაწესებულებას საკუთარი ინიციატივით მიმართავს.
ცენტრში ასევე განმარტავენ, რომ სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერებას საფუძვლად უდევს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წელს გამოცემული ბრძანება.
ბრძანების თანახმად, სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების საფუძველია პირადი განცხადება, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც უცხო ქვეყანაში უმაღლეს სასწავლებელი სწავლის გაგრძელებას, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ასევე, ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.
სტატუსის შეჩერების საფუძველი ასევე შეიძლება იყოს ფინანსური დავალიანება, ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.
ამასთან, სტუდენტი 5 წლის განმავლობაში უფლებამოსილია აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი ამავე სასწავლო დაწესებულებაში, მისი სტატუსის შეჩერების საფუძვლის მიუხედავად, ან ისარგებლოს მობილობის უფლებით სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ცნობისთვის, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს 35 841 სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს.
ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში მოქმედი 75 ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ჯამში 35 841 სტუდენტს შეადგენს. ორგანიზაციის მიერ 2014 წლის ანალოგიურ კვლევასთან მიმართებით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების მდგომარეობა უკიდურესად გაზრდილია. 2013 წლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულ იყო 28,055 სტატუსშეჩერებული სტუდენტი, 2014 წელს კი – 33,575. საერთო შეფასებით, წარმოდგენილი მონაცემი ცხადყოფს, რომ 2013 წლიდან 2016 წლის მდგომარეობით, სტატუსშეჩერებული სტუდენტთა რაოდენობა გაიზარდა 7 786–ით, რაც პრობლემის არსებობას და მისი გადაჭრის სწრაფ მოქმედებაზე მიუთითებს.
ორგანიზაციის მიერ საკითხის შესწავლის შედეგად სტუდენტების სტატუსის შეჩერების საფუძვლებს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესი და მისი მიზეზები.
კერძოდ: ა) პირადი განცხადება; ბ) ორსულობა; გ) ჯანმრთელობის გაუარესება და დ) ფინანსური დავალიანება, ან წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველს სოციალური ფონი წარმოადგენს და ფინანსური დავალიანების გამო ვეღარ ხერხდება სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში. მართალია, სახელმწიფო ახორციელებს რიგ პროგრამებს, რომელთაგან აღსანიშნავია ბაკალავრიატის პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსება, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებიდან და სახელმწიფო სტიპენდიების გაორმაგების პროგრამები, თუმცა სტატუსშეჩერებული სტუდენტების ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა კომპლექსურ და სისტემურ მიდგომებს მოითხოვს, რაც მოგვარებადი პრობლემაა.
ორგანიზაციამ, აგრეთვე შეისწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების მდგომარეობაც.
"2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 1018-ს შეადგენს. შეჩერების საფუძვლებს, ძირითადად, ჯგუფში სტუდენტების არასაკმარისი რაოდენობა, სავალდებულო სამხედრო სამსახური, ჯანმრთელობის პრობლემა და ოჯახური გარემოებები შეადგენენ. აღნიშნული პრობლემების ერთ-ერთ პრევენციულ ღონისძიებას შიდა და გარე მობილობის პროგრამის დახვეწა და შემუშავება წარმოადგენს", _ აცხადებენ "ახალგაზრდა ადვოკატები".