ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივის პროექტის – "აღადგინე ისტორია არქივთან ერთად!" ფარგლებში, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ამავე არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის – "ვინ მოკლა ილია" და წიგნის – "არქივის კვალდაკვალ – მცხეთა-მთიანეთი" პრეზენტაცია გაიმართა.
კრებულში შსს-ს არქივში დაცული, წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული მასალების საფუძველზე მომზადებული სხვადასხვა საინტერესო სტატია და ნარკვევია წარმოდგენილი, რომლებიც გასულ საუკუნეში რეგიონში მომხდარ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს ასახავს.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, შსს-ს არქივის ხელმძღვანელის ომარ თუშურაშვილის თქმით, კრებულში "არქივის კვალდაკვალ – მცხეთა-მთიანეთი" შსს-ს არქივში დაცული გასაიდუმლოებული მასალებია წარმოდგენილი, რომელიც საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ კრებულზე. ვფიქრობ, ეს წიგნი საშუალებას მისცემს რეგიონის მოსახლეობას კიდევ უფრო ახლოს გაეცნოს იმ დოკუმენტებს, რომელიც წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული და ხელმიუწვდომელი იყო მრავალი მკვლევარისთვის და მკითხველისთვის. ამ კრებულით საზოგადოებას შეუძლია მიიღოს ინფორმაცია პირველადი წყაროებიდან, რომელიც სხვადასხვა არქივებში იყო დაცული, მაგალითად, ყოფილი "სუკის", ყოფილი პარტიული არქივისა და შსს-ს ყოფილი პოლიციის არქივის დოკუმენტებს. დოკუმენტებზე, რომელსაც ამ კრებულში წარმოვადგენთ, პერსონალურად არის მრავალი პიროვნების შესახებ ინფორმაცია. აქ არის მონაცემები იმ პიროვნებების შესახებ, რომლებიც 1937-938 წლებში გასამართლებულები იყვნენ ე.წ. შინსახკომის მიერ. ასევე, წარმოდგენილია მონაცემები იმ პიროვნებების შესახებ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში უზგო-უკვლოდ დაიკარგნენ ან დაიღუპნენ. ამ კრებულით მივიღებთ ინფორმაციას 1921-1990 წლამდე. აქ არის მონაცემები დუშეთისა და მთიანეთის მაზრის აჯანყებისა და სპეცოპერაცია "გრაზას" შესახებ, რომელიც 1951 წელს განხორციელდა", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას თუშურაშვილმა.
რაც შეეხება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ გადაღებულ ფილმს "ვინ მოკლა ილია", რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტური მასალებზე დაყრდნობით მომზადდა, თუშურაშვილი ამბობს, რომ იგივე მასალები კრებულში "არქივის კვალდაკვალ – მცხეთა-მთიანეთი" უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი.
"დღეს როგორც ვიცით, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ საზოგადოებისთვის წარმოგვედგინა შსს-ს არქივის მიერ გადაღებული ფილმი "ვინ მოკლა ილია"-ს შემჭიდროვებული ვერსია. ფილმი ნათლად ჩანს რა გარემოებებში ვითარდებოდა სიტუაცია, როდესაც ილია გარკვეული ბანდიტური ჯგუფების მიერ იქნა ლიკვიდირებული. ფილმში წარმოდგენილია რამდენიმე ახალი ვერსია, რომელსაც მაყურებელი უფრო ახლოს გაიცნობს", _ აღნიშნავს თუშურაშვილი და დასძენს, რომ მსგავსი კრებულები სხვა რეგიონებზეც გამოიცემა.
საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დღეს გამართულ ღონისძიებას შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, ცენტრალური და ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.