თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკის" და მამუკა ხაზარაძის სარჩელი გაზეთ „ასავალ-დასავალის", მისი რედაქტორისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ და დააკისრა ფულადი ჯარიმა, 6000 ლარი _ ცილისწამებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის.
საქმე ეხება ბანკსა და გაზეთს შორის ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაწყებულ სასამართლო დავას, რომელიც „ასავალ-დასავალის" მიერ ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნებას მოჰყვა.
თიბისი ბანკმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2014 წლის 21 თებერვალს მიმართა. ბანკი და მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ასავალ-დასავალის" მიერ გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდნენ.
ერთწლიანი განხილვის შემდეგ 2015 წლის 11 მარტს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „თიბისი ბანკის" და მამუკა ხაზარაძის სარჩელი და გაზეთს მის მიერ გამოქვეყნებული სტატიების იმავე გვერდებზე უარყოფა დაავალა.
ამის შემდეგ „ასავალ-დასავალმა" კვლავ გააგრძელა ბანკისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნება, რასაც "თიბისი ბანკმა" და მამუკა ხაზარაძემ სააპელაციო საჩივრით უპასუხეს.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაზეთის მიერ ცრუ ფაქტების გავრცელებით პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ და დამატებით „ასავალ-დასავალს", მის რედაქტორსა და ჟურნალისტებს სოლიდარულად 6 000 ლარის გადახდა დააკისრა.
„მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ფულადი ანაზღაურების საკითხიც და მიიღო ადექვატური გადაწყვეტილება. როდესაც მედიასაშუალება მხილებულია მოქალაქის პატივისა და ღირსების შელახვაში, ასეთ შემთხვევაში მას უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურებაც, რასაც არ პასუხობდა წინა სასამართლოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება თანხას, სასამართლომ გაითვალისწინა „მსუსხავი ეფექტის" ალბათობა და გაზეთს ის თანხა დააკისრა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდა მისი არსებობის საკითხს", _ აცხადებს თიბისი ბანკის ადვოკატი ქეთი ქვარცხავა. (R)