გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციას დღეს გამართავს. ქვეყნის სივრცითი მოწყობა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია.
სივრცითი მოწყობის პროექტი, ასევე, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, მაღალმთიანი რეგიონების, დაცული ტერიტორიების, კურორტებისა და სხვა სეგმენტების განვითარებას გულისხმობს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან გვატყობინებენ, სივრცითი მოწყობის პროექტი სივრცის რაციონალურ, მდგრად და დაბალანსებულ დაგეგმვას, ასევე, ტრანსპორტის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, წარმოების და სხვა სექტორების ინტეგრირებულ და ტერიტორიულ განვითარებას, ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
სწორი სივრცითი დაგეგმარება, რეგიონებში თანაბარი ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას შეუწყობს ხელს, ხოლო ქვეყანას, არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალებას მისცემს.