19 სექტემბერს, ლანჩხუთში, ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღის გახსნას, რომელმაც საზეიმო ვითარებაში ჩაიარა, უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძეც, რომელიც ამ დროისთვის ბრძანების საფუძველზე უფასო შვებულებაში იმყოფება და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს.
ლანჩხუთის გამგეობისა და საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ფოტოების მიხედვით ირკვევა, რომ იმ დღეს ზაზა ურუშაძემ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, ბაღის რამდენიმე აღსაზრდელთან ერთად ლენტი გაჭრა და ჯურუყვეთის ახალ საბავშვო ბაღში, რომლის ასაშენებლადაც ბიუჯეტიდან 258 520 ლარი გაიხარჯა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
ურუშაძის შვებულებაში ყოფნის ფაქტს გვიდასტურებს გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი შოთა ჩაგუნავა, რომლის თქმითაც, შვებულებაში მყოფი გამგებლის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში კანონდარღვევად მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ მისი მხრიდან იქ პოლიტიკური სახის განაცხადი გაკეთდებოდა.
განსხვავებული შეხედულება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით იურისტს თვითმმართველობის საკითხებში ლევან ხინთიბიძეს, რომელიც ფაქტში გარკვეული ტიპის გადაცდომებს ხედავს და თვლის, რომ საკითხი უწყებათაშორისი კომისიის შესასწავლია.
„შენობა, რომლის გახსნაშიც მონაწილეობა მიიღო შვებულებაში მყოფმა გამგებელმა, რომელიც ამ დროს საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, აშენდა საბიუჯეტო სახსრებით. ვთვლი, რომ ამ ფაქტში გადაცდომას აქვს ადგილი, რადგან იგი შეიძლება ფარულ პოლიტიკურ აგიტაციად ჩაითვალოს, საკითხი უწყებათაშორისი კომისიის შესასწავლია“, _ ამბობს ხინთიბიძე.
ამ ფაქტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ხედავს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი გურიაში, თამაზ ტრაპაიძე.
„ზაზა ურუშაძე, როგორც ჩანს, იმიტომ გავიდა შვებულებაში, რომ შტაბის უფროსის მოვალეობა შეესრულებინა. მას შვებულების პერიოდში შეჩერებული აქვს გამგებლის უფლება-მოსილება, აქედან გამომდინარე, იგი ამ პოსტს აღარ იკავებს და ყველა მის უფლება-მოსილებას მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს.
საბავშვო ბაღი, სავარაუდოდ, ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა და იგი წარმოადგენს თვითმმართველობის საკუთრებას. მისთვის დახარჯულია ადმინისტრაციული რესურსები და მისი გამოყენება პოლიტიკური აგიტაციისთვის არ შეიძლება“, _ ამბობს ტრაპაიძე.