19 სექტემბერს, 1 საათზე პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ამომრჩეველს შეხვდა.
ამ შეხვედრაზე, რომელიც პირველ საათზე დაიწყო, გამგებლის წარმომადგენელი ბელა შათირიშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით შევხედრაზე ყოფნის უფლება ჰქონდა, რადგან შვებულებაშ იყო, თუმცა გურია ნიუსმა“ გაარკვია, რომ შეხვედრის მიმდინარეობის დროს გამგებლის წარმომადგენელი შვებულებაში არ იმყოფებოდა, რადგან მის მიერ დღეს დაწერილ განცხადებას გამგებლის რეზოლუცია 19 სექტემბერს, 17 საათსა და 15 წუთზე არ ედო და შესაბამისად, არც ბრძანება არსებობდა.
_ ეს არის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებული, რასაც დრო სჭირდება. შეიძლება საღამოს 11 საათზეც მოაწეროს ხელი გამგებელმა ბრძანებას. ბელა შათირიშვილს დღევანდელი რიცხვით აქვს განცხადება დაწერილი და გვიანაც რომ მოაწეროს გამგებელმა ბრძანებას ხელი, შვებულებაში დღეიდან ითვლება, _ ამბობდა იურისტი და გვიხსნიდა, რომ გამგებლის ბრძანების მომზადებას და ხელმოწერას დრო სჭირდება.
ეს დრო კი 19 სექტემბერს, დაახლოებით 23 საათზე დადგა და ბრძანებაც ბექა შენგელიამ ფეისბუქზე ამავე დროს გამოგვიგზავნა იმის დასტურად, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა.
თუმცა, ზემოთაღნიშნულ ფაქტთან ერთად, როგორც იურისტები ამბობენ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტს კიდევ ერთი ლაფსუსი "გაეპარა". საქმე იმაშია, რომ ბრძანებაში შათირიშვილის გათავისუფლების საფუძვლად საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 41-ე მუხლი აქვს მითითებული, რომელიც საია-ს ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, კონკურსში მონაწილე კანდიდატის შეფასების წესს ეხება:
_ დროულიც რომ ყოფილიყო, ამ ბრძანების საფუძველზე შეუძლებელია პირის შვებულებაში გაშვება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ.
ტრაპაიძემ ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა საჩივრით, რომლის განხილვა ამ კვირაშია ჩანიშნული.
საია-ს ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თქმით დარღვეულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც პირის 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.