დღეს, მმართველმა პარტიამ პოლიტიკური ოპონენტებისთვის შეთავაზებული ე.წ. "მშვიდობის მემორანდუმი" გაასაჯაროვა. მემორანდუმი წინასაარჩევნოდ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შეთანხმებისკენ მოუწოდებს, რათა უზრუნველყონ მათი აქტივისტების დისტანცირება სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.
მშვიდობის მემორანდუმის გაფორმებას თავისებურად ხსნის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი იაგო ხვიჩია _ “მშვიდობის მემორანდუმი” არის სადღეგრძელო, რომელიც თქვა პრემიერ-მინისტრმა და ახლა მეკითხებით, ჭიქას მივუჭახუნებთ თუ არა? _ რატომაც არა“, _ ამბობს ხვიჩია.
ხვიჩია ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო გარემოს მშვიდობიანობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და ვერანაირი მემორანდუმი ამას ვერ შეცვლის.
„ხელს მოვაწერთ თუ არა კოალიციის გადასაწყვეტია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო გარემოს მშვიდობიანად ჩატარებაზე პასუხიმგებლობა ეკისრება მთლიანად ხელისუფლებას. ვერანაირი მემორანდუმი და ვერანაირი სხვა დოკუმენტი ამ პასუხისმგებლობას სხვა პარტიას ვერ გადაუნაწილებს. მე ისედაც მაქვს ჩემი მორალი, ჩვენს კოალიციას აქვს თავისი მორალი და ზუსტად ვიცით როგორ არ უნდა მოვიქცეთ ამ მორალის საწინააღმდეგოდ. თუ რომელიმე ადამიანი მოიქცევა ცუდად, ამაზე პასუხის დაკისრება, მოთხოვნა თუნდაც იმ პარტიაზე ვისი წევრიც არის ეს ადამიანი, იქნება აბსურდი. ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ“, _ თქვა იაგო ხვიჩიამ.