შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, იან კელის შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება იყო. შს მინისტრმა აშშ-ს ელჩს სამინისტროს მიერ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
„საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატულება, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმის დაცვით. შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან, უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო“, _ განაცხადა აშშ-ს ელჩთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილმა იან კელის შსს-სა და ცესკო-ს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე შს მინისტრმა და აშშს-ს ელჩმა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბალტიმორში დაგეგმილი შს სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის დეტალებიც განიხილეს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს მთავრობა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ორ, 110-ფუთიან Island-კლასის საპატრულო ხომალდს საჩუქრად გადასცემს.