“თუკი კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროს კონკრეტულ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა და ვინმეს ეს ფაქტები აქვს, პროკურატურას უნდა მიმართოს. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განცხადებები ვნებს სასამართლოს როგორც ინსტიტუციურ, ისე მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობას და საზოგადოებისთვის მართლმსაჯულების ნდობის გაძლიერებას არ ემსახურება”, _ ასე ეხმურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბოლო დროს სასამართლოსა და კონკრეტული მოსამართლეების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.
რას ფიქრობს სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე, აქვს თუ არა შენიშვნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რას პასუხობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს სასამართლოში კლანური მმართველობის შესახებ ეჭვებზე და რა გეგმები აქვს მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად, ამ საკითხებზე “გურია ნიუსი” უზენაესი სასამართლოს თავმჯომარეს, ნინო გვენეტაძეს ესაუბრა.
_ქალბატონო ნინო, დავიწყოთ ცოტა ხნის წინ ჩატარებული მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის თემით, რომელიც არასამთავრობო სექტორის კრიტიკის საგანი გახდა. მათი თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ არ ჩატარებულა და სისტემაში მოხვდნენ ისეთი მოსამართლეებიც, მაგალითად, თამარ ალანია, აქამდე ლევან მურუსიძე და ა.შ., რომელთა მიმართაც საზოგადოებას კითხვები აქვს. რამდენად საფუძვლიანია ეს კრიტიკა და თქვენ, როგორც საბჭოს ერთ-ერთი წევრი იღებთ თუ არა ამ მოსამართლეების არჩევაზე პასუხისმგებლობას?
_ როგორც საბჭოს თავმჯდომარე და მისი ერთ-ერთი წევრი, რომელიც ვმონაწილეობდი კენჭისყრაში, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას იმ გადაწყვეტილებებზე, რაც საბჭოს მიერ იქნა მიღებული.
_თუ კითხვის ნიშნის მქონე მოსამართლეებს სასამართლო სისტემაში მუშაობა უნდა გაეგრძელებინათ, მაშინ კონკრეტულად რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს სისტემის მიღმა დარჩენილმა ყოფილმა მოსამართლეებმა?
_ კონკრეტულ დასახელებულ კანდიდატებზე ბუნებრივია არ ვისაუბრებ, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ის ეტაპები, რომელიც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსისთვის არის გათვალისწინებული, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ანუ ფარულ კენჭისყრამდე, იძლევა შესალებლობას, რომ საბჭოს თითოეულ წევრს ჩამოუყალიბდეს საკუთარი დასაბუთებული ხედვა შეფასებისთვის. კონკურსანტებთან გასაუბრების ეტაპი, რომელიც კითხვა-პასუხის ფორმით მიმდინარეობს, ასევე ღიაა და ამ პროცესს არასამთავრობო სექტორიც აკვირდება. მათი შეფასებები გასაუბრების პროცესთან დაკავშირებით, შეიძლება საზოგადოებაში ასევე იწვევდეს აზრთა სხადასხვაობას. ბუნებრივია, პროცესს ახლავს გარკვეული ინდივიდუალური მიდგომები, რასაც ობიექტური რეალობა განაპირობებს. ხშირად კონკურსში მონაწილე კანდიდატს საბჭოს წევრთა უმრავლესობა, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე იცნობს, კანდიდატი წინა რამდენიმე კონკურსში მონაწილეობდა და მისი პროფესიული უნარები, თუ კომპეტენტურობასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული მონაცემები, საბჭოსთვის ცნობილია. ამდენად, მისადმი კითხვები ძირითადად იმ სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღების ინტერსს უკავშირდება, რომელიც საბჭოს წევრებს გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდებათ. ამასთან, კანდიდატების მიმართ ერთგვაროვანი კითხვების დასმა, შეიძლება არ იყოს ყველა შემთხვევაში მიზანშეწონილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გასაუბრებაგავლილი და გასაუბრებაზე გასასვლელი კანდიდატები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან. ბუნებრივია, დასმულ კითხვებზე ისინი ერთმანეთთან აზრებს ცვლიან და ემზადებიან ერთვგაროვან კითხვებზე სრულყოფილი პასუხებისათვის. ამიტომ, შეფასების საკითხია, კონკურსანტის მიმართ არაპროფესიულად, მიკერძოებულად, თუ დისკრიმინაციულად იქნა კითხვა დასმული და ა.შ. ეს უკვე ის პროცედურული დეტალებია, რომელზე სასაუბროდაც საბჭო მზად არის სამუშაო რეჟიმში. იუსტიციის საბჭოს მისამართით საჯაროდ გაკეთებული, ზედაპირული კრიტიკული შეფასებები საკონკურსო პროცედურების, თუ კენჭისყრის წესთან ან შედეგებთან დაკავშირებით, საბჭოსა და სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. თუ იმ რეალობას შევაფასებთ, რომ კანდიდატს კონკურსში მეორედ ან მესამედ მონაწილეობის შემდეგ გაუმართლა ან სამომავალოდ აქვს პერსპექტივა, მეტი წინდახედულობა გვმართებს ხმამაღალი შეფასებების გაკეთებამდე, რათა პროცესი არ დავაზარალოთ.
_გარკვეული მოსამართლეებისთვის, მაგალითად ურთმელიძისთვის, ჩემიასთვის უარის თქმას მოსამართლედ განწესებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა ნაწილი პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ეჭვს გამოთქვამენ, რომ ისინი მოსამართლედ არჩევნების შემდეგ დაინიშნებიან…
_ეს არის პროცესი და მისი პროგნოზირება რთულია. ბოლო წლების მიხედვით, იუსტიციის საბჭოს საქმიანობა სამოსამართლეო კონკურსებთან დაკავშირებით აჩვენებს ისეთ სურათს, როცა კანდიდატი პირველივე კონკურსში ან რამდენიმე კონკურსში მონაწილეობის შემდეგ აღწევს წარმატებას. კონკურსში წარუმატებელი კანდიდატის სუბიექტური მოსაზრებები საკონკურსო პროცედურებთან შეიძლება ზოგჯერ სამართლიანიც და გასათვალისწინებელიც იყოს. ამასთან, არასამთავრობო სექტორისა და რიგი პროფესიული გაერთიანებების კრიტიკა წარუმატებელი კანდიდატისთვის გასაჩივრების უფლების არარსებობის თაობაზე, ასევე გასათვალისწინებელია. უკმაყოფილო კონკურსანტის გასაჩვრების უფლების საკანონმდებლო რეგულაცია მართლმსაჯულების რეფორმის შემდგომი ეტაპია და მომავალ პარლამენტში მსჯელობის საგანი უდა გახდეს. მით უფრო, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ყოფილი მოსამართლეების სარჩელს და გასაჩივრების უფლების არარსებობას არაკონსტიტუცირად მიიჩნევს.
_თუ ეს არ უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს, რა შეიცვლება მომავალში ამ დაწუნებულ კანდიდატებთან დაკავშირებით?
_ბევრია დამოკიდებული კონკურსის რომელიმე ეტაპზე წარუმატებელი კანდიდატის მონდომებაზე. საკუთარ თავზე მუშაობით, პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებით, კვალიფიკაციის ამაღლებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებით, წარმატების მიღწევა მომავალში შესაძლებელია. ძირითადი კრიტიკა, რასაც საბჭო იზიარებს საკონკურსო პროცესთან მიმართებით არის ის, რომ საბჭოს წევრები კანდიდატისადმი წაყენებული კრიტერიუმების შეფასებისას უფრო გამჭვირვალენი და განჭვრეტადნი ვიყოთ. რაზეც უკვე მიმდინარეობს იუსტიციის საბჭოს რეგლამენტის და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების დახვეწის, ასევე, “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესაბამისი ცვლილებების გზით.
_ამ ეტაპზე, როცა კანდიდატს არა აქვს საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ხომ არ ფიქრობთ, რომ მათ ყველანაირი გზა ეჭრებათ მეორე კონკურსამდე?
_იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფიქრობს გასაჩივრების უფლების საკანონმდებლო რეგულაციაზე და თუ იქნება გადაწყვეტილება გასაჩივრებასთან დაკავშირებით, განჭვრეტადი პროცედურების თანხლებით, ისევ სასამართლო ხელისუფლებას მოუწევს მისი განხორციელება. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში გასაჩივრების მსგავსი პროცედურა სამწლიანი გამოსაცდელი (საპრობაციო) ვადით განწესებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით, განსაზღვრულია უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მეშვეობით. იმ ფონზე, როდესაც მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით აქტიური კრიტიკაა არასამთავრო სექტორიდან და განიხილება როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის პრობლემები, საბჭო მაინც ახერხებს მოსახლეობის მოლოდინის გამართლებას და მოსამართლეთა რიცხვის ეტაპობრივად გაზრდას. 2013 წლის იანვრიდან 2016 წლის აგვისტომდე მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი საბჭოს მიერ გამოცხადდა 7-ჯერ და საერთო სასამართლოების სისტემაში კონკურსის წესით დაინიშნა 160 მოსამართლე. მოსამართლეთა რიცხვის თანდათანობით ზრდის ტენდენცია ბოლო კონკურსის შედეგებითაც ნათელია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის სხდომაზე, მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად, მოსამართლეობის მსურველი 125 კანდიდატიდან შეირჩა 44 მოსამართლე. მათგან – 21 მოქმედი მოსამართლე, 14 ყოფილი მოსამართლე, 9 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელი.
_რაც შეეხება ფარულ კენჭისყრას რომელიც ასევე არის კრიტიკის ობიექტი, თუ არის მოსალოდნელი, რომ კენჭისყრა ღია გახდეს?
_ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსისათვის ღია კენჭისყრით, 10 ხმით, გადაწყვეტილების მიღების წესი რამდენიმე წლის წინ შეიცვალა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რადგან ამ წესის მიმართაც არსებობდა კრიტიკა. ამიტომ, მართლმსაჯულების რეფორმის შემდგომ ეტაპზე, საკანონმდებლო ცვლილებებისას მეტი დაფიქრება და წინდახედულება უნდა გამოვიჩინოთ.
_აღნიშნეთ, რომ საბჭოს გარკვეული ეტაპები აქვს გასავლელი, სანამ მოსამართლედ განამწესებს კანდიდატს. მინდა გკითხოთ ინფორმაციის მოძიების ეტაპთან დაკავშირებით; არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ პრეტენზია, რომ ინფორმაციის მოძიების ეტაპი ბოლო კონკურსის შემთხვევაში საბჭოს არ გაუვლია…
_ ტრადიციულად, ყველა კონკურსთან დაკავშირებით პირველი ეტაპი, რომელიც კანდიდატს და საბჭოს ავალდებულებს სრულყოფილი ინფორმაციის და მონაცემების წარდგენას და მოძიებას, არ უკრძალავს დაინტერესებულ საზოგადოებას, კანდიდატთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების დასადასტურებლად, მასალის წარმოდგენას. ამდენად, შენიშვნა არასამთავრობოების მხრიდან კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ვფიქრობ, არაეფექტურია. საბჭო, კანონმდებლობიდან გამომდინარე, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის შესახებ წარმოდგენილი მასალის გაზიარების თაობაზე. აღნიშნული აქტივობა თუნდაც, არასამთავრობო სექტორის მხრიდან საბჭოსთვის საინტერესო თანამშრომლობის ფორმატი იქნება. რასაკვირველია, მზად ვართ, კანონიერი წყაროდან მიღებული ინფორმაცია გავიზიაროთ, თუ ამ წყაროს სანდოობა ეჭვქვეშ არ დადგება. საკონკურსო პერიოდებში ჩვენ ასევე ყურადღებით ვეცნობით პრესას, ყველა იმ შეფასებას, რომელსაც საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი აკეთებს სასამართლოსთან ან კონკრეტულ მოსამართლეობის კანდიდატთან დაკავშირებით. შემდგომ ხდება ინფორმაციის შემოწმება და კონკურსის დროს გათვალისწინება. USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში პროექტის PROLOG-ის, ამერიკელი ექსპერტის თიმ ბალანდის რეკომენდაციით, კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მიღების ახალი გზები და საშუალებები იქნა შემოთავაზებული, რაც ვფიქრობთ, ყურადსაღებია. თუმცა, საბჭოს მიერ, სხვადასხვა წყაროებიდან კონკურსანტის შესაფასებლად ინფორმაციის გამოთხოვა, საბჭოში ჯერ მსჯელობის საგანია.
_თქვენ აღნიშნეთ, რომ სასამართლო სისტემას მოსამართლეთა გაორმაგებული ოდენობა სჭირდება, ვიდრე დღეს ჰყავს. კანდიდატისთვის ერთ-ერთი გზა, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლაა. დღეს კი, ამ სკოლაში ცოტა მსმენელია, რატომ?
_ბოლო კონკურსის შედეგად, იუსტიცის უმაღლესი სკოლის 9 მსმენელი განწესდა მოსამართლედ, საბჭოს პოლიტიკა მოსამართლედ დანიშვნის საკითხებში ორიენტირებულია ასევე სკოლადამთავრებული, კვალიფიციური ახალგაზრდა კადრის მოზიდვით. ამ სასწავლო წლისთვის მოხდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა ახალი ნაკადის მიღება. ამის წინარე პირობებია იუსტიციის საბჭოში მსმენელთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზება და კანდიდატებისათვის გასაუბრების გავლა. ვფიქრობთ, არანაკლებ ოცამდე მსმენელის შერჩევას სკოლაში ჩასარიცხად.
_რატომ ვერ ხერხდება უფრო მეტი რაოდენობით მსმენელების მიღება, თუ სასამართლო სისტემას მოსამართლეების დამატებითი რაოდენობა სჭირდება?
_ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირებასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო წინადადებების წარდგენა ვერ მოესწრო. დონორ ორგანიზაციებთან – USAID-ისა და GIZ-თან, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პროექტებთან თანამშრომლობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გეგმავს საკანონმდებლო წინადადებების მომზადებას სკოლის ეფექტურად საქმიანობისთვის. სკოლამ არა მხოლოდ ახალი სამოსამართლეო კადრის მომზადებაზე უნდა იზრუნოს, არამედ, სასამართლო სისტემაში უკვე დასაქმებული მოხელეების (მოსამართლის თანაშემწეების, მწერალი თანაშემწეების) პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, განგრძობად სწავლება-ტრენინგებზე.
_ამ სკოლაში კანდიდატების ჩარიცხვასთან და ტესტირებებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და არასამთავრობო ორგანიზაციები იმასაც აცხადებენ, რომ კონკრეტული სტრატეგია არ არის…
_კითხვები სკოლაში მსმენელად ჩარიცხვის პროცესთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს. ჩასარიცხი კანდიდატებისთვის ტარდება ორეტაპიანი გამოცდა. საგამოცდო რეგულაციები შემუშავებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. ბოლო გამოცდის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პროკურატურის პოზიციას ველოდებით. თუმცა, პროცესის მიმდინარეობას ეს ხელს არ უშლის. როგორც აღვნიშნე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სექტემბრის თვეში ატარებს სკოლაში ჩასარიცხი მსმენელების შესარჩევ კონკურსს და შემდგომ სკოლა ჩვეულ რეჟიმში განახორციელებს სასწავლო პროცესს.
_ტექსტების გამჟღავნებაზე მინდა კონკრეტულად გკითხოთ. საკმაოდ დიდი კრიტიკის საგანი გახდა, როდესაც პირველად მამუკა ახვლედიანმა განაცხადა ამასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ თქვენ ამაზე გქონდათ ინფორმაცია…
_ასეთი ინფორმაცია არც არსებობს, რომ გარეთ არის ეს ტესტები გასული, სხვა საკითხია რას იტყვის სხვა შემფასებელი ამაზე. ის, რაც საეჭვოდ გახდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არც დაყოვნებულა ისე გადააგზავნა პროკურატურაში გადამოწმებისთვის. ასე დასმული საკითხი, რომ ტესტები გარეთ გადიოდა, ძალიან არაკორექტულია. რეგულაცია არსებობს, რომელიც ტესტების შემდგენს და მის გამომყენებელს აძლევს ვალდებულებას, რომ კონფიდენციალობა დაიცვას. კითხვები რაზეც გაჩნდა, ჩვენც ველოდებით პასუხებს საგამოძიებო ორგანოდან. რომ გვცოდნოდა ტექსტების გამჟღავნების შესახებ ამაზე ჩვენც მოვახდენდით რეაგირებას.
_გაქვთ ინფორმაცია გამოძიება რა ეტაპზეა?
_ვერაფერს მოგახსენებთ, მეც ველოდები შედეგებს.
_დაკითხული ხართ?
_სხვა კითხვებზე ამასთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგცემთ.
_ გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ცოტა ხნის წინ მამუკა ახვლედიანთან ჩავწერეთ ინტერვიუ, სადაც ის აღნიშნავს კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით სასამართლო სისტემაში და კონკრეტულ პირებსაც ასახელებს, მაგალითად, ვალერი ცერცვაძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ზაზა მეიშვილს, ლევან მურუსიძეს… ახვლედიანი საუბრობს, რომ ეს ადამიანები ე.წ. გენერლები და “პოლკოვნიკები” მართავენ სასამართლო სისტემას და თქვენ სათანადო წინააღმდეგობას მათ ვერ უწევთ. კონკრეტულ საქმეებზეც საუბრობს, რომ ამ ადამიანების გავლენით მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებენ… რა როლი აქვთ სისტემის მართვაში დასახელებულ ადამიანებს?
_ სამწუხაროა, რომ ყოფილი მოსამართლე ამგვარ ფორმატში საუბრობს სასამართლო სისტემასა და კოლეგებზე. თუმცა, თუ ფაქტები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლო სისტემის კლანურ მართვასა თუ კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ხელყოფას ადასტურებს, მის მიერ პროკურატურისთვის უნდა იყოს მიწოდებული. სხვა, ზოგადი განაცხადები, ან დაუსაბუთებელი კრიტიკა, მისი ტაქტიკაა სასამართლო ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ.
_ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლაზე, შანტაჟზე და მუქარაზე. თუ გიორგი პაპუაშვილი ასეთ საკითხზე ღიად საუბრობს, რატომ არ შეიძლება მამუკა ახვლედიანის განცხადება იყოს სიმართლესთან ახლოს?
_ფაქტია, რომ ბატონ ახვლედიანს სათანადო ორგანოებისათვის არ მიუმართავს. ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში ბატონ მამუკას, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეს, არც იუსტიციის საბჭოს ფორმატში და არც საქალაქო სასამართლოში კოლეგებთან რაიმე დანაშაულებრივ სქემებზე და ზეწოლაზე არ უსაუბრია. არ გამოქომაგებია მოსამართლეებს, თუ მას, როგორც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართეს, კონკრეტული საქმის განხილვისას ზეწოლის ფაქტებზე. ამ თემებზე რომ ესაუბრა ჩემთან, კოლეგებთან, ან საბჭოს წინაშე, საქმეს შესაბამისი მიმართულება მიეცემოდა. არ მახსენდება არც ერთი ეტაპი, მისი სასამართლოში ყოფნის პერიოდიდან, რომ მსგავსი, თუნდაც უფრო მსუბუქი კრიტიკული შინაარსის განცხადება ან შეფასება გაეკეთებინოს სასამართლოში არსებულ რაიმე პრობლემებთან დაკავშირებით. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განცხადებები კი ვნებს სასამართლოს, როგორც ინსტიტუციურ, ისე მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობას და საზოგადოებისთვის მართლმსაჯულების ნდობის გაძლიერებას არ ემსახურება. უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი დღეს სასამართლო სისტემაში და ასეთ საკითხებზე დროის დაკარგვა, მით უმეტეს, თუ ის დაუსაბუთებელია, არ ღირს.
_ვიცით, რომ რამდენიმე ხნის წინ შეხვდით პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს. რა იყო თქვენი შეხვედრის მიზანი და ხომ არ უკავშირდება ეს სასამართლო სისტემის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს?
_ჩვენი შეხვედრის ძირითადი საკითხი სასამართლოსთვის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფრასტრუქტურული რესურსი უკვე არასაკმარსია იმ მოთხოვნებისადმი, რაც სამართალწარმოების წინაშე დგას. სამთავრობო დონეზე ჩვენი შეხვედრები უკავშირდებოდა საქალაქო სასამართლოს შენობის წინა ტერიტორიაზე, ოთხსართულიანი შენობის მოკლე ვადებში აშენებას, რათა საქალაქო სასამართლოს შეეძლოს დარბაზებიდან და მოსამართლეთა სამუშაო კაბინეტებიდან განიტვირთოს ძირითადი კორპუსი. დაახლოებით, 25 სასამართლო დარბაზის შემატებას ვგეგმავთ ახალ კორპუსში. შესაბამისად, მოსამართლეთა სამუშაო კაბინეტები და საარქივო ფართი დაემატება საქალაქო სასამართლოს. გარდა ამისა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით, დამატებითი რესურსის მოძიება და ინფრასტრუქტურის შეცვლა გარდაუვალია საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში. ეს არის საკითხები, რაზეც სამთავრობო დონეზე შედგა შეხვედრები და პრემიერ-მინისტრის თანადგომით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფინანსური სახსრებით, დავიწყეთ აქტიურობა. ვფიქრობთ, რომ 2017 წლის დასაწყისში უკვე დავიწყებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე ახალი ოთხსართულიანი კორპუსის მშენებლობას, რაც მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს და შესაძლებელი გახდეს ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტა.
_დაახლოებით როდისთვის ფიქრობთ ამ შენობის დასრულებას?
_ წელსვე დაიწყება მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და მომავალ წელს განხორციელდება ძირითადი სამშენებლო სამუშაოები. ახალი კორპუსის არსებობის პირობებში შევძლებთ, დავაკმაყოფილოთ ბიზნესსექტორის მოთხოვნა – საქმის განხილვის გონივრულ ვადებთან დაკავშირებით, რათა ბიზნესინტერესები, სამართლოს მიერ, საქმის გონივრულ ვადებში განხილვისა, იქნეს დაცული. სისმეტაში მიმდინარე რეფორმები მუდმივად ითხოვს ინფრასტრუქტრურული საკითხების მოგვარებასაც, ამიტომ გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ.
_სისტემაში მიმდინარე რეფორმები ახსენეთ, რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში ორი მოსმენით მიღებულია, თუმცა დამტკიცება ვერ მოხერხდა; რამდენად გიშლით ხელს მისი შეფერხება მართლმსაჯულების განხორიელებაში?
_ ფაქტია, რომ კანონპროექტის განხილვა შეყოვნებულია და ახალმა პარლამენტმა მოკლე ვადებში უნდა უზრუნველყოფს მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის დასრულება. საკანონმდებლო პაკეტში მნიშვნელოვანი ნოვაციებია სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასთან; საქმეთა ელექტრონულ განაწილებასთან; მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასთან; სასამართლოს თავმჯდომარის არჩევითობასთან დაკავშირებით; ასევე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა სწავლებასთან; მოსამართლის ანგარიშვალდებულების პროცედურებთან დაკავშირებით და ა.შ. რასაკვირველია, ამ საკანონმდებლო პაკეტს მოუთმენლად ველით, რადგან, მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლება დიდწილად იქნება დაკავშირებული ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებასთან.
იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო ინიციატივის იმპლემენტაციის მიზნით, დავიწყეთ საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, განაწილებისათვის მუშაობა. იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მეშვეობით ჩატარდა საჭირო სამუშაოები და მომზადდა საქმის ავტომატურად, ელექტრონული სისტემით განაწილების წესი.
ამასთან, აქტიურ ფაზაშია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობა მართლმსაჯულების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე. მოგეხსებებათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შექმნა სტრატეგიაზე მომუშავე კომიტეტი, რომელშიც გაერთიანებულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, საზოგადოებრიობის, პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, მედია და მოსამართლეების ჩართულობით დაიწო მუშაობა სამუშაო ჯგუფებში. ოქტომბრის ბოლოს პროექტის სახით უკვე გვექნება მართლმსაჯულების სტრატეგიის პირველადი ვარიანტი, რომელსაც ფართო მსჯელობის საგნად გავხდით და ამის შემდეგ, იუსტიციის საბჭო დაამტკიცებს მას.
_რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტში გინდოდათ რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის შეტანა და ვერ მოახერხეთ?
_ მაქვს გარკვეული უკმაყოფილების განცდა, დარჩა მიღმა საკითხები, რომელიც აუცილებლად საჭიროებს დარეგულირებას. მეც მქონდა საკუთარი ხედვები და სასამართლო კორპუსსაც თავისი მოსაზრებები, მაგრამ მართლმსაჯულების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ ახალი ხედვები.
_გვახსოვს ე.წ. ინსპექტორის ინსტიტუტთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე დაპირისპირებები თქვენსა და სასამართლო კორპუსს შორისს. აღნიშნულ კანონპროექტში ინსტიტუტი დარჩა, თუმცა ის თავდაპირველი დამოუკიდებლობისგან ცოტა შორს არის, რადგან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა აირჩიოს. თქვენ სხვა მოსაზრებები გქონდათ. რატომ ვერ მოხდა თქვენი ვარიანტის გათვალისწინება და რამენად ეფექტური იქნება ამ ინსტიტუტის მუშაობა?
_ ქმედითი დისციპლინური მექანიზმის შექმნა და პასუხისმგებლობა საჩივრების განხილვაზე, ფაქტიური გარემოებების შესახებ მოსამართლის განცხადებების /ინფორმაციის შეგროვებაზე და იმის დადგენაზე, არსებობს თუ არა საფუძველი დისციპლინური დევნის აღძვრისათვის, ეს არის დამოუკიდებელი ინსპექტორის ფუნქცია. ასეთი პირი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე კონკურსის პირობებში არჩეული პროფესიონალი. პროექტის ამ სახით დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის ამოქმედება ხელს შეუწყობს მოსამართლის ანგარიშვალდებულების საკითხის სწორად დარეგულირებას. თუმცა, დისციპლინური პასუხისმგებლობის თემა ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნითა და ფუნქციონირებით არ მთავრდება. საჭიროა დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლების დახვეწა და შესაბამისი კანონდებლობის სრულყოფა. მოქმედ კანონს ბევრი ხარვეზი აქვს, არ არის მკვეთრი აქცენტები გაკეთებული პასუხისმგებლობის საფუძვლებზე. ამ მხრივ შესწავლილია დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა, დასავლეთის ქვეყნების მდიდარი გამოცდილება და მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლების ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებს. მომავალ პარლამენტში ამ კანონპროექტის წარდგენასაც ვგეგმავთ.
ამავე თემაზე:
რა უშლის ხელს მოსამართლეების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაწყებას (ვიდეო)
რატომ უშვებს ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანს პროკურატურაში (ვიდეო)
არის თუ არა ნინო გვენეტაძე აქტიური მოსამართლე (ვიდეო)
“შეცდომები ყველა პროცესს თან სდევს” – გვენეტაძე მოსამართლეების არჩევაზე (ვიდეო)