დღეს, საყდრისის დაცვის კომიტეტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ ე.წ. საყდრისის მუზეუმი, რომელიც უნიკალური მაღაროს აფეთქების სანაცვლოდ უნდა აშენებულიყო, მორიგი სიცრუე აღმოჩნდა. რუსული კომპანია RMG GOLD-ის წარმომადგენლების განმარტებით, კომპანია ბოლნისში მხოლოდ მუზეუმის შენობის აშენება-გარემონტებას აფინანსებს, ხოლო საყდრისის ექსპოზიციის (3D მოდელი და სხვ ) დაფინანსების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. ასევე, საყდრისის ექსპოზიციის დაფინანსებაზე ინფორმაცის არ ფლობს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თავად მუზეუმის კონცეფციის ავტორთა ჯგუფიც. ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდით კომუნიკაციას საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და კულტურის სამინისტროსთან. საყდრისის დაცვის კომიტეტი ითხოვდა შეხვედრას ე.წ. გაფართოებულ ფორმატში ( კულტურის სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი, ძეგლთა დაცვის სააგენტო, საყდრისის კონცეფციის ავტორები და კომპანია RMG GOLD ), სადაც განხილული იქნებოდა საყდრისის ექსპოზიციასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა, შეხვედრა არ შედგა, ასევე არ მიგვიღია პასუხები კულტურის სამინისტროდან შესაბამის წერილებზე. საყდრისის დაცვის კომიტეტისათვის ცნობილი გახდა, რომ სექტემბრის ბოლოს კულტურის სამინისტრო გეგმავს ბოლნისის მუზეუმის პრეზენტაციას, სადაც, სავარაუდოდ, მხოლოდ საყდრისიდან თავის დროზე შესასწავლად ამოღებული მასალა ( ე.წ ქვის უროები ) გამოეფინება, რითაც კიდევ ერთხელ დაკნინდება საყდრისის, როგორც უძველესი ოქროს მაღაროს უნიკალურობა.
საყდრისის დაცვის კომიტეტი ითხოვს, დროულად იყოს მოძიებული ფინანსები, დაპირებისამებრ, მაღაროს 3D მოდელის შესაქმნელად, რათა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი _ საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.