”მოგეხსენებათ, რომ მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა და საჯაროდ განხილვა ბავშვების სირთულეებისა თუ მიღწევების, არ არის კარგი შემთხვევა. თქვენ, როგორც საუკეთესო პედაგოგები, სწორედ ამას აკეთებთ და ინდივიდუალურად ისედაც მუშაობთ მშობლებთან. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს დავაკანონოთ, შესაბამისად, ეს საათების და კრედიტების წყარო გახდეს. მშობლებთან დამატებითი მუშაობაც ნებაყოფლობითია”, _ ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პედაგოგის ხელშია როგორ ადამიანად ცამოყალიბდება მოსწავლე.
”სკოლა მხოლოდ სწავლის ინსრუმენტი არ არის, სკოლა პირველ რიგში არის აღზრდის ინსტრუმენი. როგორი პრემიერი და განათლების მინისტრები იქნებიან, ეს თქვენს ხელშია. პედაგოგი, რომელიც თავის მოსწავლეს ახარჯავს დროს პატრიოტული, ისტორიული, ქართული, სიღრმისეული მიმართულებით განვითარებისთვის, თუნდაც საზოგადოებრივ საკითხებზე, ან გნებავთ პოლიტიკურ, დემოკრატიის, ევრონტეგრაციის საკითხებზე მუშაობს, ჩვენ ვაპირებთ, რომ ესეც გავხადოთ კრედიტების წყარო”, _ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრმა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პედაგოგები, რომლებიც დამატებით ჩაატარებენ სსმ მოსწავლეებთან გაკვეთილებს, დამატებით კრედიტებს მიიღებენ.
”ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ბავშვებს არ ყოფნით სტანდარტული საათები. ყველა პედაგოგი, აქაც ნებაყოფლობით, ვინც დამატებით საათებს ჩაატარებს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, ესეც იქნება კრედიტების წყარო”, _აღნიშნა ჯეჯელავამ.