მოსამართლეთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები შესაძლოა დასჯადი გახდეს. აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს ეკუთვნის, რომელიც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან შეხვედრაზე გააჟღერა. ინიციატივის თანახმად, მოსამართლეთა მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები მკაცრ ფინანსურ სანქციას უნდა ითვალისწინებდეს.
ვის შეიძლება შეეხოს სადამსჯელო ღონისძიება, გავრცელდება თუ არა ის მედიაზე და რა ვადებში აპირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ინიციატივის სრულყოფილად ჩამოყალიბებას, ამ საკითხებზე“გურია ნიუსი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს ესაუბრა.
_ბატონო ლევან, გუშინ მოსამართლეებთან შეხვედრისას განაცხადეთ, რომ მოსამართლეთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები დასჯადი უნდა გახდეს. რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა?
_ თვეების განმავლობაში მიმდინარეობს მოსამართლეების ლანძღვა, ტალახის სროლა, ეს უკვე აღარ არის კრიტიკა; ამიტომ სასამართლო სისტემა, მოსამართლეები ვფიქრობთ, როგორ მოვახდინოთ ამის პრევენცია. წამოვაყენე იდეა, რომ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ პროცესზე გამომსვლელ მხარეებს – ადვოკატებს, პროკურორებს მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ საკუთარი გამონათქვამების მიმართ. თუ ადვოკატი, რომელიც გამოდის და მოსამართლეს შეურაცხყოფას აყენებს, მის მიმართ უნდა არსებობდეს მექანიზმი, ჯარიმა ან სხვა რამ, რომელიც დაიცავს სასამართლოს და მოსამართლის იმიჯს შეურაცხყოფისაგან. სასამართლო კორპუსი იმსჯელებს ამ ინიციატივაზე და ვნახავთ რა გამოვა. ერთი რამ ჩემთვის ცხადია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. წლების განმავლობაში ჩვენ გველაპარაკებოდნენ, რომ კლანი ვართ, ახლა ადვოკატმა ისიც განაცხადა, რომ რაიონულ სასამართლოში საერთოდ უვარგისი მოსამართლეები არიან და საქალაქო სასამართლოში 2-3 მოსამართლეა ღირსეული, დანარჩენებმა ხაჭაპურები უნდა გამოაცხონ. ვფიქრობ, ადვოკატი, რომელიც ასეთ შეურაცხყოფას აყენებს სასამართლო კორპუსს, საჯარიმო ღონისძიებას უნდა დაექვემდებაროს, ეს სამაგალითო იქნება სხვა ადვოკატებისთვის, რომ მათ არ ჰქონდეთ სურვილი, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენონ სასამართლო სისტემას.
_ეს საჯარიმო ღონისძიება მხოლოდ ადვოკატებზე და პროკურორებზე გავრცელდება თუ რიგით მოქალაქეებზეც?
_ვფიქრობ ადვოკატებისთვის და პროკურორებისთვის- პროცესის მონაწილე მხარეებისთვის უნდა იყოს და არა რიგითი ადამაინებისთვის, რომელთა გამონათქვამებიც ნაკლებად დამაზიანებელია სასამართლოს და მოსამართლის იმიჯისთვის. თანაც, ადვოკატებისთვისა და პროკურორებისთვისაც მნიშვნელოვანია იზრუნონ სასამართლოს ავტორიტეტზე. ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ სასამართლო კორპუსმა იმსჯელოს ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ საკანონმდებლო ორგანოსაც მოუწიოს საკითხზე მსჯელობა. ახლა არანაირი სადამსჯელო მექანიზმი არ არსებობს კანონით. მხოლოდ პროცესზე თუ დაარღვევენ მხარეები ან მოქალაქე წესრიგს, მაშინ შეუძლია მოსამართლეს ის დააჯარიმოს. მაგრამ ტელევიზიით, ან სხვა მედიასაშუალებებით რომ გამოდიან და მოსამართლეებს, სასამართლო კორპუსს შეურაცხყოფას აყენებენ, ამაზე არანაირი სადამსჯელო მექანიზმი არ არის. სასამართლოში ძალიან მოიმატა საქმეების რაოდენობამ და აქედან გამომდინარე მოქალაქეებს აქვთ სასამართლოს ნდობა, მაგრამ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები იმიჯისთვის დამაზიანებელია. თუ ჩვენ 2-3 თვის განმავლობაში მორატორიუმს გამოვაცხადებთ, არ დავიწყებთ სასამარლოს ლანძღვას, საზოგადოება დაინახავს შედეგს. დავანებოთ თავი სასამართლო სისტემის ლანძღვას, მოსამართლეს თუ ვინმე უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს, უნდა იყოს პრევენციული ღონისძიებები, რომ სხვას ამ მტკივნეული მექანიზმის გამო მსგავსი სურვილი არ გაუჩნდეს.
არ შეიძლება ასე უსასრულოდ გაგრძელდეს ადვოკატების, არასამთავრობო ორგანიზაციების და თუნდაც ყოფილი მოსამართლეების მხრიდან სასამართლო კორპუსის დისკრედიტაცია და ლანძღვა. ეს ადამიანები ცნობადი სახეები არიან და საზოგადოებას მათი ნათქვამი გარკვეულწილად მცდარ აზრს უყალიბებს. ხომ არ შეიძლება სულ ვიძახოთ რომ კლანური მმართველობაა, ამას მერე საზოგადოებაც იჯერებს. როცა ჩვეულებრივი მოქალაქისგან ისმის მსგავსი განცხადებები, ეს კიდევ არ არის იმდენად დამაზიანებელი სასამართლოსთვის, მაგრამ ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პროცესის მონაწილე მხარეებისგან არ უნდა მოდიოდეს. თუ ჩვენ გვინდა მათლმსაჯულების ხარისხი ავამაღლოთ, მაშინ მსგავსი განცხადებების გაკეთებას უნდა შევეშვათ. მე არ მახსოვს სასამართლო სისტემაში ახლა რაც არის, ასეთი თავისუფლების ხარისხი ყოფილიყოს. ამას ახლა განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება. 2 თვე მაინც ნუ ვიტყვით სასამართლოზე ცუდს. თუ ისტერიკული ლანძღვა არ იქნება, დამერწმუნეთ, რომ საზოგადოება დაინახავს, რა ავტორიტეტი აქვს სასამართლოს. ყოველდღიური ლაპარაკით და შეტევებით, საზოგადოებას მცდარ აზრს თავს ახვევენ.
_როგორ გამიჯნავთ ერთმანეთისგან კრიტიკას და შეურაცხყოფას?
_ მოსამართლის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია, არასამართლიანია, უკანონოა – შესაძლოა იყოს ასეთი კრიტიკა, მაგრამ იმის თქმა, რომ მოსამართლემ მანტია უნდა გაიხადოს და ხაჭაპურები აცხოს, ეს აბსოლუტურად შეურაცხმყოფელია. შესაძლოა არ იყოს გამოყენებული პირდაპირ ჯარიმა, მაგრამ იყოს პრევენციის სხვა მექანიზმი; ამაზე უნდა დავჯდეთ, ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ.
_ჯარიმის გარეშე მსგავსი მექანიზმის ეფექტური მუშაობა როგორ წარმოგიდგენიათ?
_მზა რეცეპტი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, მოსაფიქრებელია. შესაძლოა გავითვალისწინოთ ევროპის, ამერიკის მაგალითები. მოძიება სჭირდება. ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.
_ვინ შეიძლება იმსჯელოს საჯარიმო სანქციაზე?
_ალბათ, სასამართლო იმსჯელებს ამაზე. როგორც მოსამართლე აჯარიმებს პროცესის მონაწილე მხარეს, ასევე, დააჯარიმებს სხვა შემთხვევაშიც, პროცესის გარეთ გაკეთებული განცხადებების გამო. მაგალითად, ამერიკაში მოხდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ადვოკატმა გაზეთში გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი წერილი მოსამართლეზე. ეს ადვოკატი სხვა მოსამართლესთან გამოდიოდა პროცესზე, მოსამართლემ მას ჰკითხა ადასტურებდა თუ არა გამოქვეყნებული ინფორმაციის სისწორეს, დადასტურების შემდეგ კი, ადვოკატი დააჯარიმა. ამიტომ მგონია, რომ ადვოკატთა ასოციაციას, პროკურატურას, არასამთავრობო სექტორს და სასამართლოს შორის უნდა შედგეს კონსესუსი, რომ ასეთი მიდგომები არ შეიძლება. სანამ არ იქნება, პასუხისმგებლობა მოსამართლის და სასამართლოს შეურაცხყოფისთვის, ეს ყოველთვის გაგრძელდება. როცა ვინმე დაისჯება, ეს სხვა პირებისთვის სამაგალითო იქნება.
_როგორ შეიძლება გაკონტროლდეს სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებები, ვინ გააკეთებს ამის მონიტორინგს?
_ ეს მექანიზმიც მოსაფიქრებელია.
_შეეხება თუ არა ეს საჯარიმო სანქციები მედიას, თუ ის გამოქვეყნდა მსგავსი განცხადებები?
_თუ მედიაში დაიწერა მსგავსი ინფორმაცია ის, რა თქმა უნდა, პირველწყაროსთან უნდა გადამოწმდეს. თუ ამას დაამოწმებს წყარო, შემდეგ გახდება ის მსჯელობის საგანი. თუ განცხადების სიზუსტე არ დადასტურდება, მაშინ საჯარიმო ღონისძიებაზე საუბარი არ იქნება. თუმცა, ჯერ ყველა ზემოთაღნიშნული მოსაზრება მხოლოდ იდეაა, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება, ვერ გეტყვით. ეს ინიციატივა საბოლოოდ მოსამართლეებთან შეჯერებით უნდა შემუშავდეს.
_რატომ არ გაჩნდა აქამდე მსგავსი ინიციატივა, როცა მოსამართლეების მიმართ წინა წლებშიც ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები?
_მაშინ მე არ ვიყავი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, როცა ეს თანამდებობა დავიკავე რამდენიმეჯერ მქონდა ინიციატივა არასამთავრობო სექტორს შევხვედროდით და გვესაუბრა ამ საკითხზე. მაგრამ რატომღაც, არასამთავრობო სექტორი სულ ბატონ მამუკა ახვლედიანთან მიდიოდა და მის ნათქვამზე აგებდნენ პოზიციას და პირდაპირ ჩვენი დისკრედიტაცია მიდიოდა. ახლა რადგან გამოჩნდა რა არის რეალობა, შეგვიძლია სხვანაირად ვილაპარაკოთ.
_ანუ თქვენ ამბობთ, რომ მამუკა ახვლედიანს უთანხმებდა არასამთავრობო სექტორი მათ რა განცხადებები გაეკეთებინათ?
_ჩვენ დავგეგმეთ ერთხელ შეხვედრა, მოვიწვიეთ არასამთავრობო სექტორი, გვინდოდა პრობლემებზე გვესაუბრა, თუმცა, ზუსტად იმ დღეს ბატონ მამუკასთან საქალაქო სასამართლოში შეიკრიბნენ და საბჭოს ფაქტიურად ხაზი გადაუსვეს, იგნორი გაგვიკეთეს, იქ წავიდნენ.
_ეს როდის მოხდა, შეგიძლიათ თარიღი გვითხრათ?
_ზუსტად არ მახსოვს გაზაფხული იყო. შესაძლოა, თებერვალიც. არასამთავრობო სექტორის გარდა დეპუტატები და ელჩებიც დაპატიჟებული გვყავდა. როცა ვცდილობდით რომ მათთან გვესაუბრა, არასამთავრობოებისგან ყოველთვის უარს ვიღებდით. ახლა, მე პირადად, რომელმაც მივიღე ამდენი შეურაცხყოფა, მზად ვარ დავივიწყო ეს წყენა და სუფთა ფურცლიდან დავიწყო ურთიერთობები.
_რა დრო დაგჭირდებათ ინიციატივის ჩამოსაყალიბებლად?
_არ ვიცი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მცდელობას არ დააკლებს. თანამშრომლობა ორმხრივი უნდა იყოს, ამაზეა დამოკიდებული, ჩვენ მზად ვართ, მეორე მხარე რას იტყვის ჯერ არ ვიცი.