საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნების ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისას გამოიკვეთა არაერთი დარღვევა, ასევე ინციდენტი და დაპირისპირება მოხდა მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე, სადაც სიტუაციის განმუხტვისთვის სპეცრაზმის შეყვანა გახდა საჭირო, 48-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი შეწყდა.
რამდენიმე წუთში ცნობილი გახდება ეგზიტპოლის შედეგები. ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმების დათვლის პროცესს იწყებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტის 150 წევრი 4 წლის ვადით აირჩია.
მოქმედებს შერეული სისტემა, შესაბამისად 77 დეპუტატი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 _ მაჟორიტარულით.
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას, ანუ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს დააგროვებს. რაც შეეხება პროპორციულ სიას, პარლამენტში მოხვდება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავს.