საინფორმაციო სააგენტო "All media"-ს ჟურნალისტის გიგა გელხვიიძის ინფორმაციით, ობჩის მე-15 საარჩევნო უბანზე მას კომისიის წევრი, "კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენელი, გოგი მაჩიტაძე ფიზიკურად დაუპირისპირდა; რასაც კომისიის თავმჯდომარე არ ადასტურებს და აცხადებს, რომ გელხვიიძე ცრუობს.
როგორც "გურია ნიუსს" გელხვიიძემ განუცხადა, მაჩიტაძის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ის საჩივრის დაწერას აპირებდა.
მისივე ინფორმაციით, ხმის დათვლის პროცესში კომისია ერთ-ერთი ბიულეტენის გაუქმებას აპირებდა, რომელზეც არცერთი კანდიდატის ნომერი შემოხაზული არ იყო. მისივე თქმით, ბიულეტენზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გასწვრივ ამომრჩევლის ხელმოწერა იყო დაფიქსირებული. გელხვიიძე მიიჩნევს, რომ ამით ამომრჩევლის ნება გამოვლენილი იყო, რასაც კომისიის წევრები არ დაეთანხმნენ, რის გამოც, მან საჩივრის დაწერა გადაწყვიტა.
"დავრეკე ოლქში აღნიშნულთან დაკავშირებით, სადაც მითხრეს, რომ თუ კომისია გადაწყვეტდა, შეიძლებოდა ხელმოწერა ამომრჩევლის ნების გამოვლინებად ჩათვლილიყო. ამაზე მქონდა უფლება დამეწერა საჩივარი, ვწერდი ამას და ატყდა ამბები. ნახევარი საჩივარი დაწერილი მქონდა, როდესაც კომისიამ გადაწყვიტა ბიულეტენი არ ეცნო ბათილად. საჩივრის ფურცელი ჯერ კიდევ ხელში მეჭირა, როცა მომვარდა კომისიის ერთ-ერთი წევრი გოგი მაჩიტაძე, გამომგლიჯა ფურცელი ხელიდან, რა დროსაც, მისი აქნეული ხელი წარბში მომხვდა. გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რომელიც უბანთან ახლოს არის, თუმცა ის უნაბზე არ შემოსულა", _ აცხადებს გელხვიიძე და დასძენს, რომ არც კომისიის თავმჯდომარე და არც წევრები ფაქტს არ ადასტურებენ.
გელხვიიძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ობჩის მე-15 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მშვილდაძე.
როგორც მშვილდაძემ "გურია ნიუსს" განუცხადა, კომისიის არცერთი წევრი გელხვიიძის გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"კომისია ხმის დათვლის პროცესშია. ბიულეტენების ბათილობას განიხილავდა კომისია, რა დროსაც რაღაც არ მოეწონა გელხვიიძეს და მომთხოვა საჩივრის ფურცელი. ამის შემდეგ საჩივრის დაწერა რატომღაც გადაიფიქრა, დაკუჭა თუ დახია ეს ფურცელი არ ვიცი, არ მიმიქცევია ყურადღება ხმის დათვლის პროცესში ვიყავი ჩართული. მერე გამოვიდა და თქვა, ხელი დამარტყაო. არაფერი არ მომხდარა აქ, არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. არცერთ წევრს ეს არ დაუნახავს", _ აცხადებს მშვილდაძე.
მისივე თქმით, ხმის დათვლის პროცესი უბანზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.