დღეს მეგრელაძის ქუჩაზე ადგილები ალაგ-ალაგ კვლავ გადათხრილია და არაერთგან გახეთქილ მილში წყალი კიდევ უფრო უარესად გამოდის. დგას გუბეები… თავღიაა გზაზე მდებარე ჭა, სადაც ფეკალური მასაა გაჭედილი.
_ ეს ჭა მე ავხადე, რადგან ფეკალური მასა გადმოდიოდა, არ ატარებს… შეგვპირდნენ, მოვალთო და ჯერ არ ჩანან; დღეს კიდევ რომ არ მოვიდნენ, აქ ძალიან ცუდად წავა საქმე, _ გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა. კითხვაზე, ვინ შეჰპირდა დახმარებას ან ვის ელოდებოდნენ, გვითხრეს, რომ წყალკანალის უფროსს ვანო ტაბატაძეს დავუკავშირდით და მოსვლას შეგვპირდაო.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ აქ სამი დღის წინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მოსული ხალხთან შესახვედრად, თუმცა ამ ქუჩის მცხოვრებლები პროტესტის ნიშნად არ მოვიდნენ, რადგან აღარ სჯერათ, რომ რაიმე გაკეთდება, მართალი აღმოჩნდა.
_ კი იყვნენ მოსული, რა გიჭირთო, გვკითხეს, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა გავეფრთხილებინეთ? ჩემთვის არავის უთქვამს, _ ასეთი მოსაზრებაც მოვისმინეთ ერთი რესპონდენტისგან.
_ ამ ქუჩას დაბადებიდან არ აქვს საშველი. გადათხარეს, წყალს გაგიკეთებთო, ჩააგდეს ცენტრალური მილი, მეტი მილები კი არ გვაქვს, ველოდებითო, _ გვითხრეს. ესაა საქმე? ყოველ ნაბიჯზე გახეთქილია მილი.
“გურია ნიუსი” ვანო ტაბატაძეს დაუკავშირდა და აღნიშნული პრობლემის შესახებ ჰკითხა.
_ მე ახლა ჩოხატაურში ვარ, გაგზავნილი მყავს იქ ხალხი და აკეთებენ.
_ იქ ნახევარი საათის წინ ვიყავით და არავინ იყო…
_ ახლა არიან, გადაამოწმეთ თუ გინდათ, _ გვითხრა ტაბატაძემ. ჩვენ აუცილებლად გადავამოწმებთ რამდენად შეეფერება სიმართლეს ტაბატაძის ნათქვამი.
თუმცა მოსახლეობას, არსებული პრობლემების მოგვარების უახლოეს მომავალში მოგვარების იმედი არ აქვს. მიზეზიც საფუძვლიანი აქვთ:
_ მალე-მალეს ძახილი კი იცოცხლე, ეხერხებათ. ასე გაჰყავთ დრო. ბუნებრივია, ეს წყალი თუ არ გაკეთდა, ვერც გზა დაიგება. ვართ ასე მტვერსა და ბუღში, ერთ დღეს გადავირიოთ, იქნებ, _ ამბობენ მეგრელაძის ქუჩის მცხოვრებლები და დასძენენ, _ აქ, შეკრებაზე ტყუილების სალაპარაკოდ ნუ გვეძახიან, სწორედაც არ მივალთ ამდენი სიცრუის მოსასმენად, საქმე გააკეთონ. მაგათი მოგონილია _ საქმე ლაპარაკის ნაცვლად! დაავიწყდათ?!