GDI-ის განცხადება ხმის დათვლის დროს გამოვლენილი ძალადობის ფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა შეშფოთებას გამოხატავს არჩევნების დათვლის ეტაპზე გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, და ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ დაარბიეს რამდენიმე საარჩევნო უბანი (მაგ: ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 2 საარჩევნო უბანი), სადაც კომისიის წევრთა განცხადებით მმართველი პოლიტიკური ძალა მარცხდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით ამავე უბანში, ძალადობისას, დაზიანებები მიიღეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასევე ბოლო საათში გავრცელებული ვიდეოჩანაწერები ადასტურებენ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და მათზე ფიზიკურ ძალადობას (ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია).
აღწერილი ფაქტები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს, რასაც დაუყოვნებლივ უნდა მოჰყვეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან რეაგირება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობისთვის აუცილებელია არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ კენჭისყრის ეტაპის მშვიდობიანად ჩატარება, არამედ კენჭისყრის შემდეგ ხმათა დათვლისა და არჩევნების შეჯამების პროცესის კანონშესაბამისად და მშვიდობიან გარემოში წარმართვა.
გამომდინარე ზემოთ ქმულიდან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საკუთარი პოზიტიური ვალდებულების შესრულება და ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შეჯამების მშვიდობიან გარემოში კანონშესაბამისად წარმართვა, მოძალადეთა და სხვა სამართალდამრღვევთა მყისიერად პასუხისგებაში მიცემა და მსგავსი ძალადობის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება".
—