სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრინმა დღეს ჟურნალისტებს IRI-ის ანგარიში გააცნო, რომელიც 20 ჯგუფის დამკვირვებლისგან შემდგარი ჯგუფის მონაცემებს ეყრდნობა. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები, ძირითადად, წყნარ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდა.
„შიდა პოლიტიკური დაძაბულობისა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებული მუდმივი ზეწოლის გათვალისწინებით, მისასალმებელი იყო ქართველების მონაწილეობა ამ არჩევნებში, როგორც ამომრჩევლებად, ასევე ,კანდიდატებად, პარტიების წარმომადგენლებად და საარჩევნო მოხელეებად. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი მიდგომა და ჩართულობა შენარჩუნდება მომდევნო კვირებშიც“, _ განაცხადა მარკ გრინმა.
დამკვირვებლების განცხადებით, არჩევნები უმეტესწილად კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მაინც ხარვეზებით მიმდინარეობდა, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერი იყო პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ არჩევნებისთვის, მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ არჩევნების სრული პროცესი ჩაითვალოს წარმატებულად. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო დღეებში ამომრჩევლები და პოლიტიკური ლიდერები გააგრძელებენ მუშაობას მშვიდად და გაწონასწორებულად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გათვალისწინებით“, _ განაცხადა მარკ გრინმა.
როგორც გრინმა აღნიშნა, IRI-ს სადამკვირვებლო მისია აღცევნების მეორე ტურსაც დააკვირდება.