საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას და არჩევნების მეორე ტურში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
„ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ორი თვის განმავლობაში მოვუწოდებდით საზოგადოებას აქტიურობისკენ და მონაწილეობის ის პროცენტი, რაც დაჯდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონ საარჩევნო გარემო, აქტიური არჩევნების პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, იყო მშვიდი, კონსტრუქციული, რიგი გამონაკლისების გარდა, რომლებიც საერთო ფონს ნამდვილად არ ართულებდა და არ ცვლიდა. არჩევნების დღემ, ასევე მშვიდად ჩაიარა, მოსახლეობის აქტიურობით, ამომრჩევლის აქტიურობით და, ფაქტობრივად, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენს ქვეყანაში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდად. სამწუხაროა, რომ დათვლის პროცესში გამოჩნდა რამდენიმე სერიოზული სამართალდარვევა, მათ შორის, აგრესიული ქმედებები. ეს არის არამარტო სამწუხარო, არამედ ამ პროვოკაციულ შემთხვევებს, რომლებიც რამდენიმე უბანზე მოხდა, სჭირდება დროული, ძალიან სწრაფი რეაგირება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები. ჩვენი ყველას მიზანია, რომ ეს არჩევნები შეფასდეს, როგორც მაღალი სტანდარტის არჩევნები და შეფასდება იგი როგორც 8 ოქტომბრით, ასევე, 8 ოქტომბრის ექსცესებსა და ინციდენტებზე დროული რეაგირებით და ასევე იმით, რანაირად მივალთ ჩვენ არჩევნების მეორე ტურებამდე და რანაირად ჩავატარებთ ამ მეორე ტურებს“, _ განაცხადა მარგველაშილმა.