დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურშიც ამომრჩევლების მაღალი აქტივობა იქნება და ღირსეული კანდიდატები გაიმარჯვებენ, _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე და ”ქართული ოცნების” ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
”მართალია, ჯერ არ არის გამოქვეყნებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგი, მაგრამ ყველა წინასწარი მონაცემით, „ქართული ოცნების“ უპირატესობა ძალიან დიდია. ეს არის უდიდესი მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა ქვეყნის მართვას სწორედ ჩვენ გვანდობს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის და ამავე დროს ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც, ჩვენი გუნდი, თითოეული ჩვენგანი გაათმაგებული შრომით უპასუხებს”, _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წინასწარი მონაცემებით, ბევრ საარჩევნო ოლქში მოსალოდნელია მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მეორე ტური და ამის მიზეზი ის არის, რომ ამ ხელისუფლებამ სრულიად შეგნებულად აწია ბარიერი 50%-მდე, რათა დემოკარტიულობის და ლეგიტიმაციის ხარისხი ყოფილიყო მაღალი.
”მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი საპარლამენტო არჩვენები, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატებს ასეთი მაღალი ბარიერის გადალახვა უწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურშიც იქნება ამომრჩევლების მაღალი აქტივობა და ღირსეული კანდიდატები გაიმარჯვებენ”, _ აღნიშნა პრემიერმა.