თბილისის საქალაქო სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„პატრიოტთა ალიანსი“ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილს ასაჩივრებს, რომლითაც მათ ცესკომ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა, თუმცა მიაჩნი, პარტიაში მიაჩნიათ, რომ რეალურად მეტი ეკუთვნით _ 17 მანდატი, რომელიც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებისგან მოგროვდა, პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.
როგორც სხდომის დასრულების შემდგომ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გოჩა თევდორაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, ხელისუფლებას არ სურს მანდატების დათმობა, თუმცა პარტია სამართლებრივ დავას განაგრძობს და მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. ის ვერ გათავისუფლდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება. ხელისუფლებას არ სურს ერთი მანდატის დათმობაც კი. ჯერ ცესკოს მიაღებინა გადაწყვეტილება, ახლა საქალაქო სასამართლოს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, _ განაცხადა გოჩა თევდორაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, კახა ნარეკლიშვილის თქმით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. მისივე განცხადებით, მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა არგუმენტები, თუ რის გამო უნდა გაეუქმებინა ცესკოს მიერ მიღებული აქტი. „სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ამ ოქმის შედგენის დროს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელა საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, თითქოს საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლი ითვალისწინებს პარლამენტის წევრთა მანდატების გადანაწილებას, ასევე, საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლი, ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა. სრულიად სამართლიანი იყო სასამართლოს გადაწყვეტილება“, _ აღნიშნა კომისიის წარმომადგენელმა.