"ინდივიდუალურ რეჟიმში ვაგრძელებ აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას და უახლოეს 2-3 თვეში მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით – მეტი პრობლემის გამო მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტური გზების ძიებისთვის" _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, სადაც დაადასტურა, რომ "რესპუბლიკური" პარტია დატოვა.
"დიალოგის და ერთობლივი განსჯის შემდეგ შევჯერდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც არსებული გამოწვევების ადეკვატური იქნება.
ფაქტია, რომ ევროპულ სახელმწიფომდე და კეთილდღეობამდე ვერ მიგვიყვანენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ვერც სახელმწიფოსთან შეზრდილი ბიუროკრატიული კონგლომერატები, ვერც ერთად ჩადენილი პოლიტიკური ცოდვების გამო კონსოლიდირებული ჯგუფები და ვერც მომცრო პოლიტიკური სამეგობროები შესაბამისი მომცრო ელექტორატით.
2020-ის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსის მქონე ახალი ტიპის პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც პოლიტიკურ-გენეტიკურ კოდში ექნება მრავალპარტიულობის აუცილებლობა და არა მისი მიუღებლობა, შეცვლადობა და არა შეუცვლელობა, ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა. მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ფეხზე მყარად ის, რაც მართლაც ერთადერთი და შეუცვლელია – ქართული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს სამშობლოს სათანადოდ უპატრონებს", _ განაცხადა უსუფაშვილმა, თუმცა, კონკრეტულ გეგმებზე არ უსაბრია.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით დავით უსუფაშვილი ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. თუმცა, ეს ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს არ დაუდასტურებია:
_ ორ-სამ ადამიანს უნდა შევხვდე და ორ-სამ თვეში უფრო კონკრეტულად ვისაუბრებ _ აღნიშნა უსუფაშვილმა.