უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დავით საყვარელიძეს ბრილიანტის მწვანე შეასხეს.
ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს.
ფოტოს მინაწერიდან ირკვევა, რომ შემთხვევა ხარკოვში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ მოხდა.
"ხარკოვში, სტუდენტებთან გამოსვლის შემდეგ, დავით საყვარელიძეს ქუჩაში სახეზე "ზელიონკა" შეასხეს. როგორ ჩანს, "ტიტუშკებს" ძალიან უყვართ Halloween. ღირს ბრძოლა, რომ Halloween არ გაგრძელდეს წელიწადში 365 დღე", _წერს სააკარშვილი.
თავად საყვარელიძე მომხდარს ხულიგნურ ქმედებად აფასებს.
"ხარკოველი "ტიტუშკების" პატრონები გულუბრყვილოდ იმედოვნებენ, რომ ასეთი სახით შეძლებენ ჩემი და ჩემისთანების გაჩერებას! მათ ალბათ სურდათ ეჩვენებინათ, ვინ არის აქ მთავარი და ვის ტერიტორიაზე არ ღირს ჩაჩრა. მინდა ისინი გავაწბილო – ასე ადვილად ჩვენ არ ვნებდებით. ასეთი გამოხდომებით არ შევშინდებით! ჩემნაირი უკრაინაში მილიონობითაა. მესმის, რომ მიეჩვივნენ ქუჩური ხულიგნური მეთოდებით მოქმედებას და სწორედ მათი დამსახურებით დროებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკრაინელი ხალხი მალე ჩარეცხავს ამ არაშორსმჭვრეტელ მოღვაწეებს, რომლებსაც პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებენ ისე, როგორც ახლა მე ჩამოვირეცხავ ამ "ბრილიანტის მწვანეს". თან ეთერში მიმეჩქარება, სადაც სიმართლეს ვილაპარაკებ მოქმედ ხელისუფლებაზე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი. ჩვენი ბრძოლა ახლა იწყება! კარგად გაეცანით ჩემ აღზრდასა და წარსულს, ასევე იმას, საიდან ვარ წარმოშობით", _ წერს საყვარელიძე "ფეისბუკის" გვერდზე.