"სიკეთე გადამდებია" _ ამ დევიზით, ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი დიდი ხანია სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება. სოციალურ ქსელში დაწყებულ საქველმოქმედო საქმიანობაში მხარი ბევრმა ადამიანმა აუბა და დღეს ძალიან ბევრ აქტივობას ახორციელებს _ ეხმარება უსახლკაროებს, ობლებს… ერთი სიტყვით, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ძალიან სჭირდება დახმარება.
აკა სინჯიკაშვილის პოსტებს ფეისბუქზე ბევრი გამოხმაურება აქვს და შესაბამისად, ბევრი სასიკეთო საქმეც კეთდება. სწორედ ასეთი ერთიანობის შედეგი იყო, რომ გასულ კვირას აკას და მისი თანამოაზრეების მიერ შეგროვებული 6 ტონა ტვირთი, რომელშიც ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და სათამაშოები შედიოდა, ჩოხატაურში ჩამოვიდა.
აკას და "გურია ნიუსის" ერთობლივმა აქციამ ბევრი ადამიანი გაახარა _ ყველა სოფელში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ტვირთი გამგებლის წარმომადგენლებმა წაიღეს.
თუმცა, მანამდე საკმაოდ შრომატევადი საქმის გაწევა მოუხდათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებს _ ზუსტად ერთ საათში, გამგეობის სამსახურის უფროსებმა და საკრებულოს სპეციალისტებმა 6 ტონა ტვირთი ივლიტას ბიბლიოთეკაში მოათავსეს. იმავე დღეს დაბაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ეს ტვირთი გადაეცათ. მეორე დღეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოფლის რწმუნებულებმა სოფლებში წაიღეს.
"გურია ნიუსის" ამ აქციაში მონაწილეობისთვის და გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ მამალაძეს და მის თანამშრომლებს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავას და მის თანამშრომლებს, ზურაბ კოტრიკაძეს, დავით ჟღენტს, ჩოხატაურის პოლიციის უფროსს ზურაბ მუჯირიშვილს და მის თანამშრომლებს: ზაქრო უნგიაძეს და დავით ირემაძეს; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს თამარ კეკელიძეს და მის თანამშრომლებს: ლელა ბოლქვაძეს, კატო ჩიგოგიძეს, თამარ გიორგაძეს, ნინო სიხარულიძეს და ვერიკო გოგოლაძეს.
გახსოვდეთ, სიკეთე გადამდებია!
პ.ს. თუ თქვენც გაქვთ სურვილი აკეთოთ კეთილი საქმე, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე: თიბისი ბანკი, GE90TB7603845061100016; მიმღები აკაკი სინჯიკაშვილი.
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.