მეცხოველეობის სექტორის განვითარების მიმართულებით, ახლახან, თბილისში ჩატარებულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, ოზურგეთელ წარმატებულ ვეტექიმს, პირუტყვის ხელოვნური დანერგვის ცნობილ სპეციალისტს თამაზ კილაძეს სპეციალური სერთიფიკატი გადასცეს.
_ სერთიფიკატი გადმომცეს მეცხოველეობის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. მე ჯილდოთი დაინტერესებული არასდროს ვყოფილვარ _ ჩემი პროფესიის უსაზღვრო სიყვარული მკარნახობს, ყოველდღიურად ვეძებო სიახლე და თითოეული ინოვაციური ნაბიჯი იყოს წარმატების მომტანი.
პირველი საერთაშორისო კონფერენცია მეცხოველეობის დარგის განვითარების მიმართულებით, "კავკასიის გენეტიკის" ინიციატივით ჩატარდა და ეს უდიდესი მნიშვნელობისაა იმ კუთხით, რომ აქ მოხდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მეცხოველეობის დარგში. გვქონდა მსჯელობა ჯიშთა გაუმჯობესების ჩვენეულ პრაქტიკაზე. კონფერენციაზე იმყოფებოდნენ კანადის, ისრაელის, ესტონეთის, სომხეთის წარმომადგენლები, აგრარული სექტორის სპეციალისტები, რომლებთანაც ვისაუბრეთ, როგორც წარმატების გზებზე, ისე წარუმატებლობის მიზეზების აღმოფხვრის საშუალებებზე, სანაშენე საქმიანობის მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვის აუცილებლობაზე. ჩემთვის ეს შეხვედრა იყო კიდევ ერთი დიდი სკოლის გავლა, როგორც ვეტექიმისთვის, _ ამბობს თამაზ კილაძე.
_ ბატონო თამაზ, თქვენ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელს თუ ესაუბრეთ და რა შთაბეჭდილება ან რჩევა მიიღეთ?
_ პირადად ვესაუბრე ისრაელის წარმომადგენელს. მან მკითხა, თუ რამდენპროცენტიანი შედეგი მაქვს პირუტყვის ხელოვნურად დანერგვის პრაქტიკაში. ვუთხარი, რომ 80-85% -იანი მაჩვენებელი. თქვა, რომ ეს არის ძალიან კარგ პირობებში მომუშავე ვეტექიმის ძალიან კარგი შედეგი. თუმცა, პირობები რომ ძალიან კარგი კი არა, კარგიც არ გვაქვს, ღიად დასანახია. თავიდან რომ დავიწყოთ, ეს არის საკვები ბაზის უქონლობა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. გარდა ამისა, პირუტყვს აქვს თავისი საკვები ერთეული, რომელიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული. ეს ჩვენთან თანმიმდევრულად არ არის დალაგებული _ სილოსის, სენაჟის დამზადება, თივის თავისი წესით დასაწყობება, რომ ის ხარისხიანი იყოს და ა.შ.
ისრაელის წარმომადგენელმა შენიშვნის სახით პირდაპირ მითხრა, რომ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პირობები, რომელსაც ვერ ვიყენებთ _ თუნდაც, წყლის ასეთი ბუნებრივი სიუხვე რად ღირს, რომელსაც, როგორც მან მითხრა, ისრაელში ძირითადად ყიდულობენ. სწორი და მიზანმიმართული დაგეგმარება, ჯიშთა გაუმჯობესებაზე განუხრელი ზრუნვა, სიახლეეების მუდმივი გადმოღება წარმატებული ქვეყნებიდან და ჩვენს პირობებში დანერგვა, ძალზე საშური საქმეა. ეს კონფერენციაც სწორედ მძლავრი საერთაშორისო ღონისძიება იყო ყოველივე ამის სწრაფად და შედეგიანად გახორციელებისთვის, _ გვითხრა თამაზ კილაძემ, რომელიც კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ რედაქციაში გვეწვია.
თბილისის პირველი საერთაშორისო კონფერენცია მეცხოველეობის განვითარების საკითხებზე, კერძო კომპანია "კავკასიის გენეტიკის" ინიციატივით მოეწყო. ამ კომპანიას დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა, რომლის განმავლობაშიც აქტიურ საკონსულტაციო მომსახურებას უწევს ფერმერებს, რომ დანერგონ ევროპული მენეჯმენტი საკუთარ ფერმებში, გამოიყვანონ ახალი ჯიშები. კომპანიამ მხოლოდ 2016 წელს ევროპიდან შემოიყვანა 500-მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ჯიშთა გაუმჯობესების მიზნით.