ოდესის ყოფილი გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განმარტებას რუსთავი ორის ეთერში აკეთებს.
„ჩემთვის ეს არის მეორე სუნთქვა და მეორე ახალგაზრდობა. ძალიან ბევრი რამ გავს იმას, რაც იყო მაშინ საქართველოში. ეს ხომ თამაში არ არის, მიდის ბრძოლა უკრაინის გადარჩენისთვის.
უკრაინაში ხალხი უკვე მეორედ მოტყუვდა, რადგან ორჯერ მოხდა რევოლუცია და მას რევოლუციური ცვლილებები არ მოჰყოლია. აქ ძველი პოლიტიკური კლასი შენარჩუნდა, რამაც ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ უკრაინა არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა. ხალხი ძალიან გაბრაზებულია. ჩემთვის ასეთ პირობებში უკრაინის ხელისუფლებაში დარჩენა სრულიად უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ეს იქნებოდა პირადი კომფორტის ძიებაში სირაქლემას პოზიციაში ყოფნა. ქართულ არჩევნებთან კი ჩემს გადაწყვეტილებას კავშირი არა აქვს. მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და სხვა ასპექტები აქ არ არის", _ განაცხადა სააკაშვილმა.