საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, მთავრობის წევრებს მთავრობის წევრების მოვალეობის შესრულება დაეკისრათ.
პრეზიდენტის მრჩევლის, ანა დოლიძის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ მოხდა ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობას ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება.
„გარდამავალ პერიოდში, სანამ მოხდება ახალი მთავრობის დაკომპლექტება, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მთავრობის წევრები ასრულებენ მთავრობის წევრების მოვალეობას.
როდესაც მოხდება ახალი პრემიერის წარმოდგენა და ახალი მთავრობის დაკომპლქტება, რა თქმა უნდა, აღარ გვეყოლება მოვალეობის შემსრულებელი და გვეყოლებიან მთავრობის წევრები“, _აღნიშნა დოლიძემ.
კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება უწყდება.
ძველ მთავრობას ახლის არჩევამდე დროებით მოვალეობის შესრულება ეკისრება, რაზეც შესაბამის სამართლებრივ აქტს პრეზიდენტი გამოსცემს.
ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები პარლამენტში სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება. კერძოდ, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 5-დღის ვადაში პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, ხოლო პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 7 დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს წარუდგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან 7-დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.