(გურია ნიუსი) _ საკმაოდ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები, ოზურგეთში, 19 იანვარს, 13 საათსა და 17 წუთზე დაფიქსირდა. დედები, ჩვილი ბავშვებით ხელში, ყვირილით გამორბოდნენმაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლებიდან. დაბნეულებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. დაახლოებით, 10 წუთი, მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა და ძალიან ციოდა, მოსახლეობა ეზოში იდგა _ ისინი შიშობდნენ, რომ ბიძგები ისევ განმეორდებოდა.
_ ბავშვს ვაძინებდი. კიდევ კარგი, არ იყო ჩაძინებული, მტვრევის ხმა გავიგე. უცებ, აზრზე ვერ მოვედი. ხმა ისევ რომ განმეორდა, წამოვხტი. დავინახე, კარადიდან ცვიოდაჭურჭელი. უაზროდ დავავლე ბავშვს ხელი და აღარც კი მახსოვს, როგორ ჩამოვიარე ხუთი სართული, _ გვითხრა 29 წლის ნათიამ.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ მიწისძვრის გამო გამოძახება მათ სამსახურში არ შესულა. შეტყობინება არც გურიის საგანგებო და სამაშველო სამსახურში მიუღიათ.
საკმაოდ დიდი რყევები დაფიქსირდა ჩოხატაურშიც _ ისინი იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე სახლში ჭაღიც კი ჩამოაგდო. რამდენიმე წუთში მიწისძვრა ისევ გამეორდა და ბიძგები რამდენიმე წამს გაგრძელდა. ჩოხატაურელები ამბობენ, რომ ასეთი ძლიერი მიწისვრა არ ახსოვთ და შიშობენ, რომ ისევ განმეორდება.
როგორც საქართველოს სეისმოლოგიური ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, მიწისძვრის ეპიცენტრი იმერეთის რეგიონში, კონკრეტულად კი, ვანის რაიონიდან 18 კილომეტრის დაშორებით იყო.
ბიძგები შესაძლოა მთელი დღის მანძილზე, ან მთელი კვირის მანძილზე განმეორდეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved