ეროვნულ ბანკთან ერთად, მთავრობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო პაკეტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, ონლაინსესხების გაცემა აიკრძალება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“კიდევ ერთი სიახლე მინდა დავაანონსო. ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინსესხების გაცემა, რაც, ასევე, მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან.
ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია, როგორც უკვე აღვნიშნე, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც ზოგ შემთხვევაში მომენტალური, მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი საშუალო და გრძელვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება“, _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
“რა თქმა უნდა, რეკლამის განთავსება ინტერნეტში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ აეკრძალება, თუმცა ის ბიზნესმოდელი, რომელიც დღეს მუშაობს, როდესაც საპროცენტო განაკვეთები არის უსაზღვროდ მაღალი და მასში გათვალისწინებულია ძალიან მაღალი ალბათობა გამსესხებლის მხრიდან სესხის დაკარგვის, იქნება შეზღუდული”, _აცხადებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
რა კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს მთავრობა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პრემიერის ამ განცხადებამ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია. სოციალური ქსელების პოსტების უმეტესობა ონლაინ სესხების აკრძალვას ეხება. ნაწილი წერს, რომ მთავრობის პოზიცია მათთვის მისაღებია, ნაწილის აზრით კი, ონლაინსესხების აკრძალვა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
“არანაირად არ მივესალმები ონლაინ სესხების აკრძალვას, იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ გამომიყვანა უიმედო კრიზისიდან და არა მარტო მე….ვინც გადამხდელი არაა ის არც ონლაინ სესხებს გადაუხდის და არც კომერციულ ბანკებს…აი, საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ქვოტა თუ დაწესდება და გაცემის წესები გამკაცრდება, ეს ცუდი ნამდვილად არ იქნება”.
“ონლაინ სესხი არასდროს მქონია, ბანკის მილიონჯერ. მაგრამ აი, რომ დაფიქრდე, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მომცემს სესხს და ვინ მომატყუებს, ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის?”
“უკიდურესად მაგარი ამბავია, ძაან მაგარი ინიციატივა, მალე უნდა შევიდეს ძალაში და აღიგავოს პირისაგან მიწისა თაღლითი და საშინელი კომპანიები” _ წერენ მოქალაქეები.
თუმცა, ექსპერტების ნაწილის შეფასებით, მთავრობამ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების აკრძალვასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ონლაინკრედიტების გაუქმება, მიმართულია თუ არა ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და რა პოზიცია აქვთ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.
როგორც ჩვენთან საუბრისას “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, მისი ორგანიზაცია ამ სფეროში რეგულაციების დაწესების მომხრე იყო, თუმცა, მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მაინც მიესალმება.
“ვფიქრობ, მთავრობამ ჩახედა ონლაინსესხების კუთხით შექმნილ მდგომარეობას და მივიდა იმ დასკვნამდე რომ ეს პროდუქტი საერთოდ ასაკრძალია საქართველოში. გამომდინარე იქედან, რომ ასეთი რაოდენობაა სესხების, მოსახლეობას აქვს დაფარვის პრობლემა, კომპანიებიც ძალიან ცუდად მუშაობენ ამოღების კუთხით- არღვევენ ადამიანის უფლებებს, შესაბამისად, მთავრობა მივიდა ამ დასკვნამდე.
ჩვენ უფრო რეგულაციებს ვემხრობოდით, გვინდოდა გაგვეგო, თუ რა მდგომარეობა იყო ამ სექტორში. გაესაჯაროებინათ მათ რა რაოდენობის სესხები იყო გაცემული და რა რაოდენობაზე შეიძლებოდა შექმნილიყო პრობლემა ამოღების კუთხით. როგორც ჩანს, მთავრობამ ნახა ეს მდგომარეობა და გადაწყვიტა ამის აკრძალვა. სიმართლე გითხრათ, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, ბევრ ქვეყანაში აკრძალულია მსგავსი ტიპის სესხები. ბევრ ქვეყანაში მკაცრი რეგულაციებია ზოგგან სესხის საპროცენტო განაკვეთზე ზედა ზღვარია დაწესებული, ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ონლაინსესხები ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს, ზღაპარი იქნება.
ჩვენ კვლევაც ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმეტესობა ჯიბის ფულად იღებს ამ სესხს, მიმდინარე ხარჯების გასასტუმრებლად. არა მგონია, ამის აკრძალვამ ძალიან ცუდი პროცესები გამოიწვიოს. აკრძალვას არ ველოდი, ძალიან ხისტი პოზიციაა, მაგრამ როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, მთლად არარეგულირებად სფეროს ჯობია საერთოდ აიკრძალოს. მე ვემხრობი მთავრობის ა პოზიციას, ფაქტია, რომ ამ სფერომ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. თუ გადახედავთ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას, ნახავთ, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში საერთოდ აკრძალეს ეს სესხები, “გუგლმა” უარი თქვა მათ რეკლამირებაზე”, _ აღნიშნავს ჯანიაშვილი.
მისივე თქმით, ონლაინსესხი ყველაზე ძვირიანი სესხია ბაზარზე, რაც არაერთი მოქალაქისთვის ე.წ. შავ სიაში მოხვედრით სრულდება.
“ამ სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთები 400%-დან იწყება და ზოგიერთ შემთხვევაში 1000%-საც აჭარბებს. ყველაზე ძვირადღირებული სესხია ბაზარზე. ამასთან ერთად, ისინი პირდაპირ ატყუებენ მომხმარებელს, როცა ეუბნებიან, რომ სესხი უპროცენტო ან 0%-იანია. ასეთი სესხი ბუნებაში არ არსებობს. უბრალოდ ისინი არქმევენ საკომისიოს იმ თანხას, რომლის გადახდაც მომხმარებელს უწევს სესხის მომსახურებისთვის, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამას საკომისიოს დაარქმევ, თუ საპროცენტო განაკვეთს. ალბათ, ესეც გახდა მთავრობის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი, რომ კომპანიები მომხმარებელს ატყუებენ.
მეორე მხრივ, ამ პრობლემას უკვე სოციალური დატვირთვა აქვს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ფინანსური განათლება ძალიან დაბალია, უამრავი ადამიანი გაება ამ მახეში და მოხვდა ე.წ. შავ სიაში 200-300 ლარიანი სესხის გამო. ის ამ საკრედიტო ორგანიზაციის გამო, ბანკიდანაც ვერ გამოიტანს სესხს.
ეს კომპანიები არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, ამიტომ დაახლოებით, 6 თვის წინ მთავარ პროკურატურას მივმართეთ განცხადებით, რომ მათი საქმიანობა შეესწავლათ. თუმცა, რეაგირება არ ყოფილა”, _ აღნიშნავს აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი.
დაწესდება თუ არა რაიმე საშეღავათო პირობები იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ონლაისესხებით ისარგებლეს და ამ დროისთვის თანხა გადასახდელი აქვთ, ძნელი სათქმელია. მთავრობას ჯერჯერობით არც ონლაისესხების აკრძალვისა და არც მანამდე განსახორციელებელი ნაბიჯების გეგმა არ წარმოუდგენია. ჯანიაშვილი კი ამბობს, რომ შესაძლოა ამ საფინანსო ორგანიზაციებმა კიდევ უფრო დაარღვიონ ადამიანის უფლებები და თანხების ვადამდე ადრე ამოღებაზე იზრუნონ.
“წარმოიდგინეთ, როცა ეს ხელისუფლებამ გააჟღერა, ჯერ არ მომხდარა კანონპროექტის ინიცირება, ის ადამიანები, რომლებიც იხდიდნენ, არ გადაიხდიან ამ სესხებს. ეს კი კიდევ უფრო დაამძიმებს ამ კომპანიების მდგომარეობას. კარგი იქნებოდა, ზუსტად ყოფილიყო ვადებში გაწერილი როდის მოხდება აკრძალვა და თან კანონპროექტის ინიცირებაც მომხდარიყო. ახლა იქნება გაურკვევლობა საზოგადოებაში და ბაზარზეც, თუ იკრძალება, როდის და როგორ იკრძალება. მეორე მხრივ, ამ კომპანიებს ამოღების მექანიზმი აქვთ ძალიან ცუდი და არ არის გამორიცხული კრედიტორის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. სასამართლოები ისედაც ძალიან იყო გადატვირთული უამრავი საქმით ამ მცირე სესხების გამო. სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება სასამართლოებში სარჩელების რიცხვი, რადგან ეს კომპანიები დააჩქარებენ ამ თანხების ამოღებას და მაქსიმალურად ეცდებიან ის სესხები, რაც გაცემული აქვთ სწრაფად დაიბრუნონ”, _ აღნიშნავს ჯანიაშვილი.
ჯანიაშვილის მსგავსი პოზიცია აქვს ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძესაც.
“გასაგებია ეს ერთი დეტალი იყო, მაგრამ ეს იყო აღვირახსნილი კამპანია და კარგია რომ გაუქმდა. საერთოდ, ეს თაღლითი ორგანიზაციები სასაუბრო თემა არ არის. ეს იყო ხელისუფლების უპასუხისმგებლობის შედეგი, კარგია რომ გონზე მოვიდნენ“, _ ამბობს გიორხელიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.
კითხვაზე: ონლაინსესხების გაუქმება ხომ არ მისცემს ბანკებს უფრო მეტი თავისუფლების საშუალებას?_ გიორხელიძე გვპასუხობს: “არაფრის საშუალებას არ მისცემს. ისინიც რეგულირებას დაექვემდებარებიან. მათაც უკვე თავზე ხელი აქვთ აღებული და არანორმალურად იხეირეს ამ ხალხის გაჭირვების ფონზე, ამიტომ ნაბიჯები კარგადაა გაგადგმული, თუმცა არამგონია, ეს საკმარისი იყოს”, _ განაცხადა გიორხელიძემ.
ცენტრ “მომავლის ინიციატივების” ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ ონლაინსესხების გაუქმებით პრობლემა ვერ მოგვარდება.
“ინტერნეტის კონტროლი ხომ შეუძლებელია, ონლაინკომპანიები გადავლენ სხვა ქვეყანაში, გააკეთებენ/გადაიტანენ საიტს, საბანკო ანგარიშებს და გააგრძელებენ უცხო ქვეყნიდან საქართველოში სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემას, ადგილზე კი ეყოლებათ მხოლოდ ადმინისტრატორ/აღმასრულებლები. ინტერნეტბიზნესის რეგულაციაზე აშშ–ში უკვე ათწლეულია ფიქრობენ, მაგრამ უშედეგოდ. აკრძალვის გზით არ მგონია პრობლემა მოგვარდეს, ველი მეტ კონკრეტიკას”, _ ამბობს ალაფიშვილი და დასძენს:
“_სესხს მხოლოდ ონლაინკომპანიები ან ბანკები არ გასცემენ, ჩვენ მოქალაქეები და ბიზნესიც გავცემთ და ვიღებთ სესხს ნებისმიერ ფულად ერთეულში. ეს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით გარანტირებული და რეგულირებული საკითხია. ყველას, მათ შორის მოქალაქეებსაც დაუწესდება აკრძალვა? კონსტიტუციური იქნება ამ გზით სიარული? აკრძალვის დაწესების შემთხვევაში როგორ გააკონტროლებს სახელმწიფო, ”ობხ”-ს მაგვარის შექმნით? რა იქნება სანქცია? ფარულ/ჩრდილოვან ნაწილში რომ გადაინაცვლებს ეს ყველაფერი? მეტი კონკრეტიკა აქაც საჭიროა.
და ბოლოს, იმპორტიორ კომპანიას ბანკი ლარში რომ მისცემს სესხს, მერე იქვე რომ გადაუკონვერტირებს თავისი კურსით, მერე ამ გადანაკონვერტირალი ფულით ნაყიდი პროდუქცია საქართველოში რომ შემოვა ვინ იზარალებს და რა მოხდება? სწორია, ეს პროდუქტი გაძვირდება. იმპორტიორი კომპანია არ იზარალებს იმ გაზრდილ ხარჯებს მომხმარებლებისგან აინაზღაურებს!“, _ აღნიშნავს ალაფიშვილი.
“გურია ნიუსი” რამდენიმე ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციას დაუკავშირდა. მიუხედავად მცდელობისა მკითხველისთვის მათი პოზიცია შეგვეთავაზებინა, ორგანიზაციებში აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირი ან ვერ პოვეს, ან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
“ემმას კრედიტში” კი გვიპასუხეს, რომ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებენ.
“ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს რას გულისხმობდა პრემიერი კონკრეტულად. შესაძლოა, სხვაგვარი ინტერპრეტაცია მივცეთ ამ განცხადებას. ამიტომ თავს შევიკავებ განცხადებისგან. თუმცა უახლოეს მომავალში განცხადებას არა მარტო ჩვენ, არამედ საქართველოს არასაბანკო კრედიტორების ასოციაცია გააკეთებს”, _ აღნიშნეს ორგანიზაციაში.
საქართველოს არასაბანკო კრედიტორების ასოციაციაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ონლაინ კრედიტებზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთები 500%-დან 1100%-მდე მერყეობს. მიუხედავად ამისა, ამ საკრედიტო ორგანიზაციებს კლიენტი არ აკლია.
“სესხები.გე’’-ს ვებ-გვერდიდან, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო პირობების ასარჩევად სხვადასხვა ონლაინ კომპანიების პირობებს სთავაზობს, ვგებულობთ, რომ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი “სისი ლოუნ”-ში – 708%, “ილოუნი” – 435%, “ნეტკრედიტი” – 730%; “ვივუსში” – 435%, “ემაკრედიტი” – 1174%, (“ემაკრედიტს” თავის ვებ-გვერდზე 365%-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აქვს მითითებული), “მანიმენი” – 800%; “კრედიტონი” – 850%, “კრედიუმი” – 558%.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მარტში ონლაინ სესხების გაუქმების მოთხოვნით პეტიციაც მომზადდა, სადაც ამ დროის მონაცემებით 4341 ადამიანის ხელმოწერაა დაფიქსირებული. პეტიციის ადრესატი საქართველოს ეროვნული ბანკი იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების (მ/ო) აქტივები 2015 წელს 31,3%-ით, 1,611 მლრდ ლარამდე გაიზარდა (2014 წ -36%; 2013 წ – 18%).
სასესხო პორტფელმა 1,2 მლრდ ლარს მიაღწია (2014 წ – 852 მლნ ლარი).
ხოლო ორგანიზაციების ჯამურმა კაპიტალმა 364 მლნ ლარს გადააჭარბა. შემოსავლებმა 442 მლნ ლარი შეადგინა; წმინდა მოგება 124 მლნ ლარი (2014 – 80 მლნ; 2013 -62 მლნ), რაც წინა წელთან შედარებით, გაზრდილია 55%-ით. მიკროსაფრინანსო ბაზარზე, ოპერირებად ეკონომიკურ სუბიექტებს შორის, სებ-ში რეგისტრირებულია 69 ორგანიზაცია.
ამავე თემაზე:
გიორგი კვირიკაშვილი: ონლაინ სესხები აიკრძალება
ონლაინ კრედიტების მსხვერპლი მოსახლეობა: რა გამოსავალს ხედავენ სფეროს სპეციალისტები
ონლაინ სესხებით დაზარალებულები
ონლაინ გამსესხებლები კრედიტებს 1100%-ად გასცემენ
გაღატაკებული ხალხისგან ამოღებული მილიონები