3 დეკემბერს, ანასეულში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საგრანტო პროექტის "აგრარული პროფილის სპეციალისტების პროფესიული გადამზადების ცენტრი" დასრულებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებში მონაწილე ფერმერებს და სპეციალისტებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალური სერთიფიკატები გადაცათ.
პრეზენტაციის პარალელურად კი ადგილობრივი წარმოების სასურსათო პროდუქტების გამოფენა-დეგუსტაცია მოეწყო.
"პროექტის განხორციელების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ აგრარული მიმართულებით გადამზადებაზე მოთხოვნის მასშტაბები მნიშვნელოვნად უფრო დიდია, ვიდრე ეს პროექტის დაწყებამდე იყო წარმოდგენილი; ასევე გადამზადებაზე მოთხოვნა არსებობს არა მხოლოდ ფერმერებსა და საჯარო სექტორში მომუშავე სპეციალისტებში, არამედ სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში დასაქმებული სპეციალისტების მხრიდან, რაც დადასტურდა ბენეფიციართა დაგეგმილზე ორჯერ და მეტი რაოდენობით, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან, _ აღნიშნა საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრის ხელმძღვანელმა თემურ რევიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა გაიარეს სრული თეორიული, პრაქტიკული და ლაბორატორიული სასწავლო კურსი არეალისათვის დამახასიათებელი პრიორიტეტული სასოფლო-სამეურნეო დარგების მიმართულებით. სპეციალური პროგრამებით ლექციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები ატარებდნენ.
_ სასწავლო კურსების გავლის შედეგად ბენეფიციარებმა შეისწავლეს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირების და მათ წინააღმდეგ ინტეგრირებული ბრძოლის თანამედროვე მეთოდები, მეფუტკრეობის, ვეტერინარიისა და მეცხოველეობის საფუძვლები, არეალისათვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების (სუბტროპიკული კულტურები, ჩაი და სხვ.) მოვლა-მოყვანის სრული აგროტექნოლოგიური ციკლი და მათი შენახვა-გადამუშავების ტექნოლოგიები.
ტრენინგებზე მიღებული ცოდნა ფერმერ-ბენეფიციარებს დაეხმარებათ საკუთარი მეურნეობების მართვის გაუმჯობესებაში, ხოლო სპეციალისტი ბენეფიციარები,- მიღებული ცოდნის და მასალების საშუალებით შეძლებენ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ მათ მიერ წარმოებული საკონსულტაციო სერვისები, _ ამბობს რევიშვილი.