ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ხმამაღალი კამათი მოჰყვა დეპუტატების მიერ იმ საკითხის განხილვას, რომელიც მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას ითვალისწინებდა.
მიუხედავად პოზიცია-ოპოზიციისა, თითქმის, ყველა დეპუტატისთვის ერთნაირად მიუღებელი იყო მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ის პროექტი, რომელიც პირველ ჯერზე აღმასრულებელმა რგოლმა საკრებულოს წარუდგინა.
დეპუტატთა აზრით, მმართველმა რგოლმა ბიუჯეტის შედგენისას მთავარი აქცენტი ხელფასების ზრდასა და პრიორიტეტების უკეთ განსაზღვრაზე უნდა გააკეთოს.
"დღეს, ჩვენს ქვეყანაში მინიმალური პენსია 180 ლარია, არ შეიძლება დასაქმებულს ამაზე ნაკლები ხელფასი ჰქონდეს _ ეს არის ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვა", _ ასე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ რომან ბიწაძემ მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.
ხელფასების მატებაზე გააკეთა აქცენტი ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა ბესიკ ტაბიძემაც:
"ეგნატე ნინოშვილის სახელობის მუზეუმის დარაჯის ყოველთვიური ანაზღაურება მხოლოდ 90 ლარია. საერთოდ, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში გადასახედია ხელფასების საკითხი, ზოგს აქ 1000 ლარი აქვს ანაზღაურება, ზოგს კი _ 90 ლარი".
დეპუტატების მხრიდან წამოსულ იდეას ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით მიესალმება გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი როლანდ ლაშხია. თუმცა, იგი ამის რეალურ შესაძლებლობას ნაკლებად ხედავს:
"კარგია ხელფასების ზრდა, მაგრამ რამდენად გვაქვს ამის საშუალება, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის შემცირებული პარამეტრები გადმოგვცა".
ბიუჯეტზე საუბრისას საკრებულოს წევრებს არც იმის გახსენება დავიწყებიათ, რომ მომავალი წლიდან ზოგიერთ ა(ა)იპ-ში ხელფასების 50-ლარიანი ზრდა იყო დაანონსებული. დეპუტატთა ნაწილის მოსაზრებით, არ არის გამორიცხული, მომავალ 2017 წელს ა(ა)იპ-ებში კადრების შემცირებები დაიწყოს და სწორედ ამის ხარჯზე მოხდეს დარჩენილი თანამშრომლებისთვის ანაზღაურების ზრდა.
ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ლანჩხუთელ დეპუტატებს განსახილველად 10 დეკემბრამდე დაუბრუნდებათ, რომელშიც, ლაშხიას თქმით, შეძლებისდაგვარად, ასახული იქნება დეპუტატთა მხრიდან ფრაქციებისა თუ კომისიების სხდომებზე გამოთქმული შენიშვნები.