მიმდინარე წლის ივლისში, "გურია ნიუსმა" გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება სათაურით _ "მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული, ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს".
მასალაში საუბარი იყო შემოქმედის ეპარქიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოყოფილ თანხებზე და მის მიზნობრივ ხარჯვაზე. ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე მომზადებულ გამოძიებაში ვკითხულობთ: "2015 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 25 ივნისის ჩათვლით, არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიული პირს _ "შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდს", რომლის დამფუძნებელი შემოქმედის ეპარქიაა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 90 000 ლარი აქვს მიღებული.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #45 დადგენილების თანახმად, 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა _ 65 000 ლარი უნდა მოხმარებოდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს; ასევე, ამ თანხიდან უნდა გადახდილიყო ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედის ეპარქიის კომუნალური გადასახადები და დაფინანსებულიყო სხვადასხვა რელიგიური ღონისძიებები.
2016 წლის ბიუჯეტში ამ კუთხით მცირე ცვლილება შევიდა. საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის #56 დადგენილებით დაკონკრეტდა, რომ გამოყოფილი თანხა _ 55 000 ლარი უნდა მოხმარებოდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების, ეკლესია-მონასტრების მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას და შემოქმედის ეპარქიის კომუნალურ გადასახადებს.
თანხების გადარიცხვა სუბსიდირების ხელშეკრულებით ხდება, რომლის საფუძველი საკრებულოს დადგენილებაა.
ხელშეკრულებაში წერია: "მიმწოდებელი (ანუ მერია) ვალდებულია, გადაურიცხოს შესაბამის საბანკო ანგარიშზე მიმღებს თანხა არაუმეტეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობისა, ეტაპობრივად მიმღების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად; აწარმოოს მონიტორინგი ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.
მიმღები (შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდი) ვალდებულია: ხელშეკრულების განსაზღვრული თანხა გამოიყენოს ფონდის საქმიანობისთვის, სუბსიდიის მისაღებად მიმწოდებელს მიაწოდოს სრულყოფილი დოკუმენტაცია, მიმწოდებელს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის გადარიცხული სუბსიდიის მიზნობრივად ხარჯვის თაობაზე".
სწორედ ეპარქიიდან მერიაში მონიტორიგისთვის წარდგენილი დოკუმენტების საჯაროდ გამოთხოვის საფუძველზე მომზადდა "გურია ნიუსის" ჟურნალისტური მოკვლევა, რომელშიც გამოთქმული იყო საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები შემოქმედის ეპარქიას არამიზნობრივად აქვს დახარჯული.
მონიტორინგის პროცესში ეპარქიიდან მერიისთვის წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მერია ეპარქიის მიერ ბიუჯეტის ფულით გაწეულ ხარჯებს არამიზნობრივად თვლის, ქალაქ ოზურგეთის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში დასაფინანსებელ პრიორიტეტებში რელიგია აღარ იქნება.
"რატომ არ ვაფინანსებთ? ეს არ არის ჩვენი_ თვითმმართველობის ვალდებულება, ეს იყო კეთილი ნება, რომელიც წელს არ გამოვიჩინეთ; გინდათ კიდევ უფრო კარგად გითხრათ? არ იხარჯებოდა მიზნობრივად არც ერთი თეთრი და ამიტომ არ ვაფინანსებთ. ჩავატარეთ მონიტორინგი და ვნახეთ, რომ არამიზნობრივ ხარჯვასთან გვქონდა საქმე; თქვენ შეგიძლიათ სპეკულირება ყველა თემაზე, გარდა ამ თემისა!" _ დაფინანსებაზე უარის თქმის მოტივი ასე განუმარტა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ საკრებულოს სხდომაზე საკითხით დაინტერესებულ დეპუტატებს.
მოგვიანებით, საკუთარი გადაწყვეტილება ბეგლარ სიორიძემ საგანგებო განცხადებაში უფრო დეტალურად ახსნა:
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ განსაკუთრებულ პატივს ვცემთ მართლმადიდებელ დედა ეკლესიას, პატრიარქს, სინოდს, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს ჩვენს ეკლესიასთან დაპირისპირებას. აქ საუბარია ბიუჯეტზე, რომლის წინაშეც ყველანი, განურჩევლად რწმენისა და იდეოლოგიისა, თანაბრად ვართ ანგარიშვალდებულნი. ასევე, ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ მე, როგორც ხალხის მიერ არჩეული მერი, ანგარიშვალდებული ვარ მოქალაქეების და არა კონკრეტული პირების წინაშე, რა წოდების მქონენიც არ უნდა იყვნენ ისინი.
გამომდინარე აქედან, ბიუჯეტი ხალხის ფულია, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გადასახადებისგან შედგება და ნებისმიერმა ორგანიზაციამ მიზნობრივად და მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა დახარჯოს საბიუჯეტო თანხები. ქალაქ ოზურგეთის მერიას, სხვა მხრივ, არანაირი დაპირისპირება და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა არ აქვს შემოქმედის ეპარქიასთან და მეუფე იოსებთან. დაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ის გახლავთ, რომ ფინანსური მონიტორინგის დროს, ჩვენ ვერ დავინახეთ წინა წელს გაცემული თანხების მიზნობრივად ხარჯვა.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ თანხა, რომელიც წელს ეპარქიისთვის უნდა მიგვეცა, სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვან და აუცილებელი პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენებთ. ხოლო ფინანსური საშუალების არსებობის შემთხვევაში, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ დახმარებას, ჩვენ აუცილებლად დავაფინანსებთ.
კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩემს უდიდეს პატივისცემას და აღვნიშნავ, რომ ხსენებული საკითხის ამგვარად გადაწყვეტის მიზეზი გახლდათ ჩვენი უცვლელი პრინციპი, რომ საბიუჯეტო სახსრები უპირობოდ მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს, რაც სავსებით არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიას ვუპირისპირდებით.
სწორედ დედა ეკლესიის, რელიგიისა და პატრიარქისადმი უღრმესი პატივისცემის ნიშნად, ჩვენ შეგნებულად არ ვასაჯაროებთ იმ არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს, რომელიც დოკუმენტაციაშია ასახული, თუმცა საპატრიარქოსა და კომპეტენტურ ორგანოებს აღნიშნულ დოკუმენტაციას აუცილებლად გადავცემთ," _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც განცხადებითვე უპასუხა შემოქმედის ეპარქიამ:
"სამწუხაროდ, ქალაქ ოზურგეთის მერმა გამოაქვეყნა ცილისმწამებლური ინფორმაცია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების მიმართ, რომელსაც შემოქმედის ეპარქია მოგვიანებით გასცემს პასუხს და გამოაქვეყნებს იმ დოკუმენტებს, თუ რაში დაიხარჯა ის 25 ათასი ლარი, რაც იქნა გადმორიცხული 2016 წელს ქალაქის მერიის მიერ", _ აღნიშნული იყო შემოქმედის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი 2015 წელს გაწეული ხარჯების შესახებ; ჩვენ კიდევ ერთხელ ვცადეთ კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხი მიგვეღო, თუმცა, მეუფემ ჩვენთან სატელეფონო საუბარი არ ისურვა და კომუნიკაცია სოციალური ქსელის მეშვეობით ამჯობინა. საჯაროდ დაგვპირდა, რომ განმარტებებს 2015 წელს გაწეულ ხარჯებზეც გააკეთებდა და იქვე, სამწუხაროდ, სიცრუის ტირაჟირებაშიც დაგვდო ბრალი:
_ თქვენ ცრუობთ, ღმერთის წინაშე აგებთ პასუხს, არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნეთ! _ ასეთი იყო მეუფის შეფასება. მეორე დღეს ეპარქიამ მართლაც გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ქალაქის მერის განცხადებებს და ეპარქიისადმი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაღებული ფინანსური დახმარების საკითხს.
ნებისმიერი შემოწირულობა, დაფინანსება და მიზნობრივი დახმარება მოხმარდა და ხმარდება ეკლესია-მონასტრების მშენებლობას და განვითარებას;
დაფინანსება, რომელსაც ქალაქის მერია გამოყოფს, არასოდეს ყოფილა წელიწადში 55 000 (ორმოცდათხუთმეტიათასი) ლარზე მეტი, ხოლო 2016 წელს გაცილებით ნაკლები _ 25 000 (ოცდახუთიათას) ლარს შეადგენდა;
ტაძრის ქტიტორებმა და მშენებლებმა კარგად უწყიან, რომ აღნიშნული დაფინანსება ერთი მცირე ტაძრის მშენებლობისთვისაც კი არ არის საკმარისი;
ეპარქია საკუთარი მეურნეობის და საეკლესიო შემოწირულობებიდან ეხმარება სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს საკვებით, მედიკამენტებით და სხვა;
მზადყოფნას გამოვთქვამთ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფინანსისტებთან ერთად, დეტალურად განვიხილოთ მერიის მხრიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვითი ნაწილი და ანგარიში; ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ, შევთანხმდეთ სამომავლოდ, ანგარიშვალდებულების ნებისმიერ მისაღებ მექანიზმზე.
ჩვენ ვლოცულობთ მრევლისთვის, მთავრობისა და მხედრობისთვის, მათ შორის ქალაქის მერის და მისი თანამშრომლების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისთვის", _ ნათქვამია შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების განცხადებაში, რომელშიც არაა ფაქტობრივი მასალა, კონკრეტულად რას მოხმარდა ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები.
უფრო მეტი კონკრეტიკა მეუფემ არ მოისურვა, თუმცა, სოციალურ ქსელში, ამ თემის განხილვაში სასულიერო პირები ჩაერთვნენ და ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე "გურია ნიუსი" მეუფის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულეს. უფრო მეტიც _ ვინმე ეფემია ჩხარტიშვილი, რომელიც როგორც გავარკვიეთ, სასულიერო პირია, ბრალს ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის ინტერესების გატარებაში გვდებს და საჯაროდ ამტკიცებს, რომ ჩვენ სიმართლე დავმალეთ. ამის დასტურად ეფემია ჩხარტიშვილს შემოქმედის ეპარქიის ბუღალტრის მანანა დარსანიას განცხადება მოჰყავს, რომელიც ამ უკანასკნელმა 7 დეკემბერს სოციალური ქსელით გაავრცელა:
"მე ვარ ეპარქიის ფინანსისტი; ამ ზაფხულს დამირეკეს მერიიდან და მომთხოვეს, სასწრაფოდ, ერთი საათის განმავლობაში წარმომედგინა 2015-2016 წლების შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდის პირველადი დოკუმენტები, თუ რაში იხარჯებოდა მერიიდან გამოყოფილი თანხა. შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდის საგადასახადო საიტიდან ამოვბეჭდე სასაქონლო ზედნადებები. ვინაიდან მეუფე იმყოფებოდა საბერძნეთში, ვერ გავიარე მასთან კონსულტაცია და ზუსტად არ ვიცოდი, თუ რომელი თანხიდან რა ჰქონდა მეუფეს შეძენილი, რადგან თვითონ განკარგავდა თანხის ხარჯვას. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ზედნადებით შეძენილი საქონელი არ იყო ბიუჯეტის თანხით ნაყიდი, რადგანაც ფონდი ფინანსდება ბიუჯეტის გარდა სხვადასხვა შემოწირულობებით, მათ შორის, პირველი დამფინანსებელი თვითონ მეუფეა (საკუთარი შრომით მოწეული თაფლის რეალიზაციიდან). მერიაში ჩემ მიერ მიტანილი ზედნადებებიდან აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ზედნადებით შეძენილი საქონელი არ იყო ბიუჯეტის თანხიდან შეძენილი, რაც მეორე დღესვე გამოვასწორე, მივუტანე შესწორებული სახით და თან მოვუხადე ბოდიში მერს, ჩემი შეცდომის გამო, რომელიც იყო გამოწვეული დროის სიმცირით. ჩემი შეცდომა გახდა მეუფის განკითხვის მიზეზი. შენდობას ვთხოვ მეუფეს და ბოდიშს ვუხდი," _ წერს დარსანია.
ჩვენი კითხვა _ ეს განცხადება რატომ გაკეთდა ახლა, როცა მერიამ ეპარქიას დაფინანსება შეუწყვიტა და რატომ არ ითქვა მაშინ, როცა ჟურნლისტური გამოძების პროცესში მეუფეს დავუკავშირდით, უპასუხოდ დარჩა. ასევე უპასუხოდ დარჩა კითხვა _ თუკი მეუფემ საკუთარი სახსრებით გაურემონტა ბინა კერძო პირს, რატომ აიტვირთა დოკუმენტები რეესტრში, როცა ამას არავინ ავალდებულებს.
"მეუფე იოსები ეხმარება ადამიანებს, მაგრამ არა ბიუჯეტის თანხით, არამედ თავისი ნაშრომით…. თუ გაინტერესებთ, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება მეუფის მიერ დახმარება, უამრავ ადამიანს უდგას გვერდში ფინანსურად თუ სულიერად. მინდა ნახოთ დღის ორ საათზე რა ხდება რეზიდენციის წინ. და კიდევ, მოგაწოდებთ ინფორმაციას ვის ჭირდება დახმარება _ იქნებ, თქვენ გაიღოთ თქვენი ჯიბიდან მოწყალება," _ მოგვწერა ეფემია ჩხარტიშვილმა.
სოციალურ ქსელში გამართულ დებატებში რიგითი მოქალაქეებიც ჩაერთვნენ _ უმრავლესობამ ქალაქ ოზურგეთის მერის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსაც ანალოგიური ნაბიჯისკენ, მინიმუმ, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მონიტორინგისკენ მოუწოდა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ რელიგიის დაფინანსება გურიის დანარჩენი სამი მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.