საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში 10% შემცირებები უკვე დააანონსა. საჯარო სამსახურებში შემცირებები ადგილობრივ თვითმმართველობებსაც შეეხება, მათ შორის, არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს, რაც გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა დაგვიდასტურეს. ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების პირველი პირები ააიპ-ებში კონკურსებს გეგმავენ, შემცირების საბოლოო ვარიანტზე ჯერ არ ჩამოყალიბებულა ლანჩხუთის გამგებელი. რაც შეეხება ჩოხატაურს, მუნიციპალიტეტის გამგებელს ააიპ-ების რეორგანიზაცია აქვს დაგეგმილი, თუმცა კონკრეტული ცვლილებების გეგმა ჯერ უცნობია. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დიდი ნაწილი სწორედ ააიპ-ების თანამშრომელთა ხელფასებს ხმარდება, რომელთა რიცხვი, სტატისტიკის თანახმად, ყოველ საარჩევნო წელს მატულობს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
"გურია ნიუსის" მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, 16 ააიპ-ი ფუნქციონირებდა. 2011 წელს ააიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 672 ადამიანს შეადგენდა და მათ სახელფასო ანაზღაურებაზე 1 549 491 ლარი დაიხარჯა; 2012 _ საარჩევნო წელს შტატები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 908 ადამიანი შეადგინა; შესაბამისად გაიზარდა სახელფასო ანაზღაურებაც _ 2012 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ააპ-ების თანამშრომელთა ხელფასებზე 2 401 2891 ლარი დაიხარჯა. 2013 წელს შტატები შემცირდა, თუმცა, 885 თანამშრომლის ხელფასი ბიუჯეტს უფრო მეტი _2 587 158 ლარი დაუჯდა. 2014 წელს კი, თვითმმართველობის არჩევნების წინ დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 975 თანამშრომლის ხელფასისთვის ბიუჯეტიდან 3 341 963 ლარი დაიხარჯა.
არჩევნების შემდეგ, 2015 წელს, ლანჩხუთში ააიპ-ების რეორგანიზაცია გახორციელდა და 11 დარჩა _ ჯამში, 521 თანამშრომლით, რომელთა სახელფასო ანაზღაურების ფონდი 2 911 268 ლარი იყო; წლევანდელ საარჩევნო წელს კი შტატები ისევ გაიზარდა და 563 თანამშრომლის ხელფასი ბიუჯეტს 2 266 786 ლარი დაუჯდა.
თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც 2014 წლის აგვისტოში შეიქმნა, 18 ააიპ-ი ექვემდებარებოდა და ჯამში, დასაქმებული იყო 927 თანამშრომელი. მათ სახელფასო ანაზღაურებაზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხუთ თვეში მილიონ ასოთხი ათასი ლარი დაიხარჯა.
2015 წელს მერიამ რეორგანიზაცია განახორციელა და 13 ააიპ-ი დატოვა, სადაც 880 თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში ორი მილიონ შვიდას ოთხმოცდაცამეტი ათასი ლარი დაჯდა.
როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, მიმდინარე წელს შემცირება მოხდა და 13 ააიპ-ში 835 კაცი დარჩა. მათი ხელფასები კი ბიუჯეტს ორი მილიონ შვიდას სამოცდახუთი ათასი ლარი დაუჯდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ოზურგეთის მერიის მსგავსად, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე არსებული სტატისტიკა მოგვაწოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც, რადგან ოზურგეთი თემთა და ქალაქის მუნიციპალიტეტად სწორედ ამ დროს გაიყო.
ამ დოკუმენტების თანახმად კი ირკვევა, რომ 2014 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 15 ააიპ-ი ფუნქციონირებდა და ჯამში, 599 ადამიანი იყო დასაქმებული. მათი სახელფასო ანაზღაურება 756.2 ათას ლარს შეადგენდა. 2015 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ააიპ-ების რაოდენობა არ გაუზრდია, თუმცა გაიზარდა საშტატო ნუსხა _ 865 ადამიანის ხელფასები 2015 წელს 2 მილიონ 225 ათასი ლარი დაჯდა. დასაქმებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა წლევანდელ, საარჩევნო წელს _ ააიპ-ების 914 თანამშრომლის ხელფასები 2 მილიონ 694.8ათასი ლარი დაჯდა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების გაყოფამდე, ოზურგეთში 24 ააიპ-ი ფუნქციონირებდა. თუმცა, მუნიციპალიტეტების გაყოფის შემდეგ, იმავე ტერიტორიაზე, იმავე საქმიანობის გასახორციელებლად, დღეს 28 ააიპ-ია და შესაბამისად, შტატებიც და სახელფასო ფონდიც გაზრდილია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
2011 წელს 11 ააიპ-ში 410 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი სახელფასო ანაზღაურება ბიუჯეტს ცხრაას ოთხმოცდაათი ათას ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი ლარი დაუჯდა. 2012 წელს 12 ააიპ-ი იყო 437 თანამშრომლით და მათი საერთო სახელფასო ფონდი ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი ათას რვაას ოთხმოც ლარს შეადგენდა. 2013 წელს კიდევ ერთი ააიპ-ი დაფუძნდა და ჯამში, 456 თანამშრომელი მუშაობდა, რომელთა ხელფასებზე მილიონ ას ორმოცდათხუთმეტი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი ლარი დაიხარჯა. 2014 წელს აიპის, არა მაგრამ შტატების მატება მოხდა _ 463 დასაქმებულის ანაზღაურება ბიუჯეტის მილიონ ოთხას ოთხმოცდაათი ათას შვიდას ორმოცდაშვიდი ლარი დაუჯდა. შტატების მატება გასულ წელსაც დაფიქსირდა და 488 თანამშრომლის ანაზღაურებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მილიონ შვიდასამოცდაშვიდი ათას რვაას სამოცდაშვიდმეტი ლარი მოხმარდა.
რაც შეეხება 2016 წელს, ჩოხატაურში კიდევ ერთი ააიპ-ი დაფუძნდა და ნოემბრის მონაცემებით, 14 ააიპ-ში დასაქმებულთა ჯამი 493 ადამიანს შეადგენს. მიმდინარე წლის 11 თვეში კი, მათი ხელფასებისთვის, მილიონ ცხრაას ორმოცდაოთხი ათას ექვსას სამოცდახუთი ლარია დახარჯული.
***
ჯამში, გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში 54 ააიპ-ი ფუნქციონირებს და ბოლოს სამი წლის განმავლობაში, იქ მომუშავეთა ხელფასებზე 26 069 909 ლარი დაიხარჯა.
კანონმდებლობით, 2014 წლის ბოლომდე არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებს, გამგეობის წარდგინებით, საკრებულო აფუძნებდა, თუმცა კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, ეს ფუნქცია სრულად გამგებლებისა და მერების პრეროგატივა გახდა. თუმცა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, კანონი ააიპ-ების საქმიანობის გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს.
"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი", საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" და საქართველოს კანონი "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" სათანადოდ არ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ააიპ-ების საქმიანობის გამჭვირვალობას და მათ მიერ გახორციელებული შესყიდვების თუ ქონების გასხვისების კონტროლს;ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ, ააიპ-ების დაფუძნების შემთხვევაში, არ ხდება დასაბუთება, თუ რა გარემოებები დაედო საფუძვლად ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას; ზოგიერთ შემთხვევაში, წესდებით არ არის განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული ააიპ-ების კონტროლის მექანიზმები, ხოლო სხვა შემთხვევაში, არ ხდება არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენება," _ აღნიშნულია კვლევაში.
სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ საჯარო სექტორის რეფორმა და იქ დასაქმებულთა ოპტიმიზაცია ხელისუფლების უმთავრესი გამოწვევაა:
"ქვეყანაში, სადაც უდიდესი დამსაქმებელი საჯარო ადმინისტრაციაა, სახელმწიფოს განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია. მთავრობა არ უნდა ქმნიდეს სამუშაო ადგილებს; იგი უნდა ქმნიდეს პირობებს კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო სექტორის რეფორმა და იქ დასაქმებულთა ოპტიმიზაცია უმთავრესი გამოწვევაა. რეფორმა უნდა წარიმართოს გასაგები გეგმის საფუძველზე და არა _ მექანიკურად; გამჭვირვალედ და არა _ სუბიექტურად, კრიტერიუმების გარეშე; კანონის სრული დაცვით და არა _ იძულებით; კომპენსაციით და არა _ მის გარეშე. სწორედ ამ კონტექსტში უნდა წარიმართოს საქმიანობა ცენტრალურ დონეზეც და მუნიციპალიტეტებში. ცენტრალურმა მთავრობამაც და ადგილობრივმა ადმინისტრაციამაც უნდა გამოაქვეყნონ მათი ხედვა და გახორციელების გეგმა. ეს უნდა გახადონ მსჯელობის საგნად და ამის შემდგომ შეუდგნენ გახორციელებას _ ოპტიმიზაცია იქნება, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია თუ სხვა. ყველა სხვა შემთხვევაში, საწყის ეტაპზევე შესაძლოა მოხდეს რეფორმის იდეის დისკრედიტაცია, რაც მთავრობასა და საზოგადოებას შორის კონფრონტაციაში შეიძლება გადაიზარდოს. რის შემდეგაც, რეფორმა _ წარუმატებლობისთვის, ხოლო მთავრობა _ მძიმე პასუხისმგებლობისთვის იქნება განწირული," _ მიაჩნია ლევან ალაფიშვილს.