იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ". მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა წარუდგინა კანონმდებლებს, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითხოვს. ეს ეხება კოდექსის 236-ე მუხლს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევას ითვალისწინებს.
შალვა ხუციშვილის განმარტებით, პროექტის შესაბამისად, ზუსტდება დისპოზიცია და იცვლება გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნისა და გასაღებისათვის. კომიტეტის წევრთა უმრავლესობა დაეთანხმა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე პასუხისმგებლობა მართლაც უნდა გამკაცრდეს, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს შენახვას. მომხსენებლის განცხადებით კი, სტატისტიკა სულ სხვა რამეზე მეტყველებს და მთავრობაც ამის გამო შემოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას წინადადებით, ვინაიდან მოსაზრებები ორად გაიყო, გადაიდო კანონპროექტზე კენჭისყრა და გადაწყდა, რომ გაიმართება დამატებითი კონსულტაციები.
კომიტეტმა ამავე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტები: „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ", „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ", „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" .
მომხსენებლმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ კანონპროექტების ზოგადი პრინციპების თაობაზე ისაუბრა. „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ"ახალი კანონპროექტის მიზანია ჩვენი კანონმდებლობის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მიერ მიღებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
„წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ" ახალი კანონპროექტი ასახავს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა გამოყენებისა და დაცვის შესახებ შემუშავებულ სტანდარტებს. საერთაშორისო კანონმდებლობაში ამ კუთხით განხორციელებული ცვლილებები დღემდე არ იყო ასახული ქართულ კანონმდებლობაში.
გარდა ამისა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით განისაზღვრა, რომ წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის და წითელი კრისტალის ემბლემისა და სახელწოდებების კანონის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში ზუსტდება იმ მუხლის დეფინიცია, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევისთვის სახელმწიფოთაშორისი ან შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს პასუხისმგებლობას განსაზღვრავს.
კომიტეტის წევრებმა აღნიშნულ კანონპროექტთა პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.