სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გახორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წლიდან დაიწყო და ამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 50 მილიონი ლარი იხარჯებოდა, თუმცა, 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში მსგავსი პროგრამა აღარ არის.
სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ სოფლები ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუკი უშუალოდ მოსახლეობა ან ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს თანადაფინანსების ხარჯებს:
"ეს გადაწყვეტილება წარმოაჩენს მთავრობის საგანგაშო დამოკიდებულებას თვითმმართველობებისადმი, მათი დამოუკიდებლობისა და დეცენტრალიზაციისადმი.
ინფორმაციის მიწოდების ღირსადაც კი არ ჩათვალეს მუნიციპალიტეტები, გამგეობები და ხალხი. არადა, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლატალში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოტსა თუ ჩხაკაურაში, თუ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ თეთრიწყლებში, იმედი აქვთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მიიღებენ სახსრებს და ექნებათ ახალი თუ გაუმჯობესებული საბავშვო ბაღი, განათებული გზები, მოწესრიგებული წყალმომარაგება და სხვა," _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია და ამბობს, რომ ამ თემაზე მსჯელობა ფინანსთა სამინისტროში იყო:
_ ფინანსთა სამინისტროსთან ურთიერთობის დროს იყო ამაზე მსჯელობა, თუმცა დაზუსტებული არაფერია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა _ ეს ჯერ მხოლოდ პროექტია. რაც შეეხება ამ პროგრამის მნიშვნელობას, პრინციპში, მიმაჩნია, რომ ამ თანხების უფრო ეფექტურად გამოყენებაა შესაძლებელი. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ყველა სოფლის პროექტი ტენდერით კეთდებოდა, _ გვითხრა კუჭავამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ პროგრამის გაუქმების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა:
_ რა თქმა უნდა, ინფორმირებული ვიყავი. 2017 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზნები ინტეგრირდება რეგიონულ ფონდებში. შედეგად გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების როლი პროექტების გახორციელებაში და უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის ჩართულობა პროექტების შერჩევის პროცესში. შესაბამისად, პროექტები მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივ საჭიროებებს და გახდება უფრო ეფექტური. ერთადერთი პროგრამა, რომელიც 2017 წელს სახელმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდება, ეს არის მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი. ამ პროგრამაზე თავიდანვე გაცხადებული იყო, რომ დროებით ხასიათს ატარებდა, _ ამბობს ჭანუყვაძე.
ჭანუყვაძისგან განსხვავებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ამბობს, რომ პროგრამის გაუქმების შესახებ მათთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია:
_ ოფიციალურად არანაირი დოკუმენტი არ მიგვიღია და ზუსტად არ ვიცი, რა იქნება. თუკი ეს პროგრამა გაუქმდება, ალბათ, ამ თანხას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმართავენ, რომელსაც სოფლებში გადავანაწილებთ, _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრისას ურუშაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროგრამის გაუქმების მოსალოდნელ შედეგებზე ღიად საუბარი არ სურთ, თუმცა, პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება არც თუ სახარბიელოა, მით უმეტეს, საარჩევნო წელს.
სოფლის პროგრამის შეწყვეტის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს ადგილობრივი მოსახლეობა.
"გურია ნიუსის" ოზურგეთის ბიუროს ჟურნალისტთან მარინე ჩიხლაძესთან საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია:
მზია თავართქილაძე: "სოფლის დახმარების პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ვერ გვშველოდა, მაინც საქმიანი იყო. მთლიანად ყველა პრობლემას ვერ ხსნიდა სოფელში, თუმცა, გარკვეულ უბნებში ხომ ხდებოდა წყლის გამოყვანა თუ აუზების შეკეთება, მინი სტადიონების მოწყობა ბავშვებისთვის, ლამპიონების დადგმა და სხვა? ესეც ძალიან კარგი საქმე იყო. ახლა რატომ აუქმებენ? თანადაფინანსებით შესვლა რას ნიშნავს _ სოფელში ან მუნიციპალიტეტში ვინ უნდა ეძებოს სპონსორი?! გლეხი ისედაც შავ დღეშია. სოფლის მოსპობა თუ უნდათ, კი, გააუქმონ ესეც. აბა, რისთვის უნდათ ქვეყნის ბიუჯეტი, თუ სოფელს არ დაეხმარებიან? კი არ უნდა გააუქმონ, რაც შეიძლება, მეტად უნდა დაეხმარონ სოფელს, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს. ჩემი აზრით, ეს არის უარესობისკენ გადადგმული ნაბიჯი".
ჯუმბერ სურგულაძე: "ცუდია, თუ ეს პროგრამა შეწყდება. მაშინ რამე უკეთესი მოიფიქრონ. სოფელს მეტი დახმარება და მეტი ყურადღება სჭირდება. ხალხი მაინც მიდის სოფლიდან, ამიტომ სოფლის დახმარება უფრო უნდა გაზარდონ, რომ ხალხი არ გაიქცეს აქედან".
ნოდარ კალანდაძე: "სოფლის პროგრამის შეჩერება არაფრით არ შეიძლება. უნდა გაკეთდეს მეტი სტადიონი, გზა, წყალი უნდა გამოიყვანონ, რომ ახალგაზრდები არ გაიქცნენ აქედან. რაღაც მაინც კეთდებოდა იმ პროგრამით. ხალხი ელოდებოდა, რომ მომავალ წელსაც გაკეთდებოდა რაიმე. მაგალითად, ჩვენს უბანში, ჭანიეთში, ჩამოდის ღელე. იგი ყოველ გაზაფხულზე ისე დიდდება, ბოგირი მიაქვს, რომელიც რამდენიმე ოჯახს სოფლის ცენტრალურ გზასთან აკავშირებს. ასევე, საფრთხეს უქმნის იქვე მდებარე ქვესადგურს, გაზის მილს. მოსახლეობა ვერ შედის წისქვილში, რადგან ადიდებული ღელე მდინარეს უფრო ჰგავს და რამდენიმე დღე ლოდინი სჭირდება, რომ დაიკლოს. ვფიქრობდით, რომ მომავალ წელს, როგორმე, ამ მდინარის კალაპოტის მოსაწესრიგებლად, სოფლის პროგრამის ფარგლებში, გამონახულიყო სახსრები. ახლა, ვატყობ, ეს იმედი აღარ უნდა გვქონდეს და ეს ძალიან ცუდია".
ანალოგიურ მოსაზრებას აფიქსირებენ ლანჩხუთელები ჩვენს კორესპონდენტთან სოფო წილოსანთან საუბრისას:
ოთარ ჯორბენაძე: "ამ პროგრამით სოფელ ჩიბათში ბევრი რამე გაკეთდა. მაგალითად, საბავშვო ბაღი გარემონტდა. თანხები მართალია, ცოტა იყო, მაგრამ პრობლემები ეტაპობრივად გვარდებოდა _ შეიღობა სასაფლაო და საყანე ფართობები, მოწესრიგდა გზები, შეკეთდა მილხიდები, მოეწყო გარე განათება… ძალიან მეეჭვება, იგივე პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტმა ან სოფელმა შეძლოს.
კაკო ფირცხალაიშვილი: "ეტყობა, ამ პროგრამამ სოფლებში არსებული პრობლემები სრულად მოაგვარა და ახლა, ალბათ, უფრო მასშტაბური პროგრამების ჯერია".
ნოე სარჯველაძე: "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დიდად ეფექტური არ იყო, თუმცა, გათვლილი იყო უმნიშვნელო პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც სოფელს აწუხებს. ალბათ, ჩათვალეს, რომ სოფლებში ასეთი პრობლემები უკვე მოგვარებულია. რაც შეეხება თანადაფინანსების პროგრამას, ამისთვის სოფელს ფული არ აქვს და არც ექნება".
ცენტრალური ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა ჩოხატაურელებიც:
კაკო სიხარულიძე: "ამ პროგრამის ფარგლებში წლების განმავლობაში ბევრი პროექტი გახორციელდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სარიტუალო დარბაზები რად ღირს _ თითქმის ყველა სოფელში გაკეთდა და ეს ყველა ოჯახისთვის დიდი შეღავათია. იმის მაგივრად რომ დაფინანსება გაზარდონ, აუქმებენ".
დალი ჩხიკვაძე: "მართალია, დაფინანსება დიდი არ იყო, მაგრამ რაც იყო, იმით რაღაცეები გაკეთდა. თანაც სამუშაოებზე ადგილობრივები იყვნენ დასაქმებულები და სახლში პურის ფული მაინც მიჰქონდათ. მომავალ წელს კი, თურმე, ეგეც აღარ იქნება. სამაგიეროდ, არჩევნებია და კარდაკარ ჩამოივლიან, ხმა მოგვეცითო! თანაც, არც კი შერცხვებათ".
მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (გარდა, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების მოსახლეობისა) თანხის გაანგარიშებას ახდენდა შემდეგი პრინციპის დაცვით: ა) 1-დან 200 სულის ჩათვლით დასახლებისთვის _ 4 000 ლარი; ბ) 201-დან 400 სულის ჩათვლით დასახლებისთვის _ 5 000 ლარი; გ) 401-დან 1 000 სულის ჩათვლით დასახლებისთვის _ 8 000 ლარი; დ) 1 000-ზე მეტსულიანი დასახლებისთვის _ 12 000 ლარი.
დადგენილების თანახმად, პროგრამით გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარებოდა ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, რეაბილიტაციას ან/და კეთილმოწყობას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას, ან/და გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას.
პრიორიტეტები მოსახლეობას თავად უნდა შეერჩია _ გამგებლის წარმომადგენელს ან სხვა უფლებამოსილი პირს სოფლის მოსახლეობის კრება უნდა მოეწვია, საჯარო განხილვა მოეწყო და კრების მონაწილეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით პრიორიტეტი შეერჩია, რომელიც შემდგომ ოქმში აისახებოდა.
პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს სამინისტრო ახორციელებდა, რომელიც უფლებამოსილი იყო, საჭიროების მიხედვით, პერიოდულად მოითხოვა ინფორმაცია მუნიციპალიტეტებიდან პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
"სამინისტრო ახდენს ინფორმაციის შესწავლას, ანალიზს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას ორჯერ," _ ვკითხულობთ გასული წლის დადგენილებაში.
თუმცა, ეს ყველაფერი ქაღალდზე _ რადგან არც სამინისტროს და არც სხვა შესაბამის უწყებას, ამ პროგრამის ხარვეზი არ გამოუვლენია.
არადა, "გურია ნიუსის" მონიტორინგის შედეგებს თუ გადავხედავთ, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდებოდა, ვნახავთ, რომ ხშირ შემთხვევაში, პრიორიტეტები მოსახლეობის უკითხავად დგებოდა და გაკეთებული პროექტებიც კონტროლის გარეშე მიმდინარეობდა.
კონტროლის მექანიზმების არარსებობაზე და პროგრამის ხარვეზებზე არა ერთი ორგანიზაციის ანგარიშშია ხაზი გასმული.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის 2013 წლის კვლევაში, რომელიც გურიასაც მოიცავდა, ვკითხულობთ:
"სოფლის დახმარების პროგრამის შესრულებაში ჩართულ ადამიანთა საშუალო მაჩვენებელმა, დაახლოებით, სოფლის მოსახლეობის 21–35 პროცენტი შეადგინა. სოფლების ნაწილში პრიორიტეტები განისაზღვრა ძირითადად გამგეობის და ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ.
მნიშვნელოვანი პრობლემაა სამუშაოების დაუსრულებლობა. ხშირ შემთხვევებში სოფელში ხდება რამდენიმე პრიორიტეტის შერჩევა და ყველა მათგანზე სამუშაოები დაუსრულებელი რჩება. ეს, როგორც წესი, არარეალისტური დაგეგმვის ნიშანია.
ბუნდოვანია თანხების ხარჯვაზე კონტროლის მექანიზმი.
სოფლის დახმარების პროგრამის პრიორიტეტების ანალიზმა 50 სოფლის მიხედვით აჩვენა, რომ დღეისთვის სოფლებში ყველაზე პრობლემურია შიდა სასოფლო გზებისა და წყლის პრობლემა. თუმცა, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში იმის გამო, რომ ეს პრიორიტეტები დიდ დაფინანსებას მოითხოვენ, სოფლების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაფინანსებულიყო უფრო ვიწრო სფეროს ხარჯები _ სარიტუალო სახლის რემონტი, ან სარიტუალო ინვენტარის შეძენა, სოფლის სასაფლაოს შემოღობვა და სხვა."
ამავე წელს, "გურია ნიუსთან" საუბრისას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მინისტრის მაშინდელი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ამბობდა, რომ სამინისტრო სოფლის პროგრამის გახორციელებაზე მონიტორინგს განახორციელებდა:
"სოფლის განვითარების პროექტის პროცესს ჩვენ ძალიან სერიოზულ მონიტორინგს გავუწევთ. წინა წლებში, ეს ძალიან ხშირად იყო ფორმალური ხასიათის _ ხშირად, პროირიტეტები მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებით ირჩეოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა აქ უნდა იყოს მხოლოდ საორგანიზაციო, რათა მოქალაქეები გააფრთხილონ, როდის და სად ტარდება კრება," _ ამბობდა შერგელაშვილი სამი წლის წინ, რომელმაც მინისტრის მოადგილის პოსტი რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
უკვე ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ხელისუფლებამ პროგრამის დახვეწის ნაცვლად, მისი გაუქმება არჩია:
_ მონიტორინგს, რასაკვირველია, ვახორციელებდით, თუმცა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 60 00-ზე მეტი პროექტი იყო და შესაბამისად ყველაფერს ვერ გავაკონტროლებდით. მთავარი ის იყო, რომ ჩვენ ვმუშაობდით ამ პროგრამის დახვეწაზე, რადგან მისი მთავარი იდეა მოსახლეობის ჩართულობა გახლდათ. ამ მიზნით, 2015 წლის ზაფხულში თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შევიტანეთ, რომლითაც განისაზღვრა სოფლის კრების ჩატარების პრინციპი. თუმცა, იყო ერთი პრობლემა _ ამ კანონით, კრების ლეგიტიმაციისთვის განისაზღვრა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის პროცენტი, რაც რთული აღმოჩნდა. ამიტომ, სამინისტროში ჩემი საქმიანობის ბოლო დღეებში მოვამზადეთ კანონპროექტი, რომლითაც უნდა შესულიყო ცვლილება და ეს პროცენტი გაანგარიშებულიყო ბოლო არჩევნებზე ფაქტობრივად მონაწილეთა რაოდენობით, რაც უფრო რეალური სურათია. ეს უფრო გაამარტივებდა ამ კრების ჩატარებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ მოხდებოდა მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა სოფლის დახმარების პროექტის გახორციელებაში. ამისთვის კი ვგეგმავდით დადგენილებაში, რომლითაც სოფლის მხარდამჭერი პროგრამის თანხები გაიცემოდა, ჩაგვეწერა, რომ კრებების ჩატარება სავალდებულო იქნებოდა კანონის საფუძველზე. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ სოფლის თანამონაწილეობა არ ყოფილიყო ფორმალური. ამავე დროს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს ევროკავშირთან თანამშრომლობით სოფლის განვითარების გარკვეულ პროექტს, მათაც აქვთ დაგეგმილი გარკვეული ევროპული ინიციატივების შემოტანა და ალბათ, ესეც გამოადგებოდათ. გეთანხმებით, რომ ნაკლოვანებები იყო, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ტრანსფორმაცია მოგვეხდინა და მოქალაქეთა ჩართულობის კომპონენტი გაგვეძლიერებინა, გავაუქმეთ, _ აღნიშნა შერგელაშვილმა.
_ ბატონო თენგიზ, როცა 2017 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა, თქვენ მინისტრის მოადგილე იყავით. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა უნდა მიგეღოთ…
_ ეს იმ პერიოდში გაკეთა, როცა მე არ ვიყავი ჩართული.
_ რატომ, თქვენი სამინისტროდან წამოსვლა რამდენიმე თვის წინ იყო გადაწყვეტილი?
_ არა. ხომ იცით, წელს საბიუჯეტო პროცესი როგორ წარიმართა? პირველ ოქტომბერს ფორმალურად შეიტანა მთავრობამ ბიუჯეტი პარლამენტში. სინამდვილეში, ახალი ბიუჯეტი ცოტა ხნის წინ, ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ გაკეთდა და მაშინ შეიტანეს, _ ამბობს მინისტრის ყოფილი მოადგილე.
შერგელაშვილი მიიჩნევს, რომ ამ პროგრამის გაუქმება ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ იქნება:
_ თუ ეს 50 მილიონი გადაუნაწილდებოდათ მუნიციპალიტეტებს და ისინი შეძლებდნენ დამატებითი სახსრები გამოეყენებინათ პროექტებისთვის, ამას კიდევ ექნებოდა გარკვეული ახსნა, მაგრამ რამდენადაც ვხვდები, ამასთანაც არ გვექნება საქმე, რადგან რეგიონული ფონდის მოცულობა არ იზრდება. ვფიქრობ, არჩევნების წელს, იმ ფონზე, როცა სოფლები შეჩვეულები არიან ამ პროგრამას და აქტიური პრობლემის მოგვარებას, ხელისუფლებისთვის, საზოგადოებასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, ეს მომგებიანი არ იქნება.
შერგელაშვილი ჩვენთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ პროგრამის გაუქმების შესახებ მუნიციპალიტეტები წინასწარ უნდა ყოფილიყვნენ ინფორმირებულები:
_ ყველა ინიციატივა, რომელიც მუნიციპალიტეტებს ეხებათ, მათთან უნდა იყოს შეთანხმებული _ ეს პირდაპირ გვიწერია თვითმმართველობის კოდექსში. ჩვენ, მაგალითად, ყველა კანონპროექტს ვუგზავნიდით თვითმმართველობათა ევროპულ ასოციაციას და მუნიციპალიტეტებსაც. შესაბამისად, ეს ცვლილება აუცილებლად უნდა ყოფილიყო განხილული მუნიციპალიტეტებთან, რაც არ მომხდარა და მე ვიტყოდი, რომ ეს არ მოდის შესაბამისობაში არც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან და არც ევროპულ ქარტიასთან, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას თენგიზ შერგელაშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი ამბობს, რომ პროგრამაში ცვლილება შედის და მათი მიზანი, პროექტების გახორციელების დროს მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობაა:
_ ამ პროგრამის მიზანი მოსახლეობის მეტი ჩართულობა იყო პროექტების პრიორიტეტების შერჩევის პროცესში. ამან განიცადა ტრანსფორმაცია და ახლა რეგიონულ ფონდში 260 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი_ ასეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ. მოსახლეობის ჩართულობისთვის კი დადგენილებაში შევა ცვლილებები და მუნიციპალიტეტები ვალდებულები იქნებიან უზრუნველყონ ადგილობრივების ჩართვა პრიორიტეტული პროექტების შერჩევის პროცესში და ამას ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს.
_ ბატონო კახა, თქვენი წინამორბედი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ რეგიონული ფონდის მოცულობა არ იზრდება…
_ ამ ეტაპზე მე რა ინფორმაციასაც ვფლობ, არის ის, რომ 260 მილიონი ლარია გამოყოფილი. შესაბამისად, თუ ადრე ხდებოდა 50 მილიონის ლარის ღირებულების პროექტების პრიორიტეტების გამოვლენაში მოსახლეობის ჩართულობა, ამ ცვლილებებით ვგეგმავთ, რომ ჩაერთონ 260 მილიონის ღირებულების პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრაში.
_ თუმცა ეს მუნიციპალიტეტებმა არ იციან, რაც კანონმდებლობის დარღვევაა…
_ მუნიციპალიტეტებამდე მივიტანთ ამ ინფორმაციას, როგორც კი შესაბამისი ცვლილებები გვექნება.
_ ეს როდის მოხდება?
_ ახლა მუშა პროცესში ვართ და გამიჭირდება ამის თქმა, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას მინისტრის მოადგილემ.