29 დეკემბერს, ლანჩხუთის საკრებულომ, 19 ხმით, 2017 წლის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი გასულ წელთან შედარებით 10%-იანი კლებით დაამტკიცა. თუმცა, კონკრეტულად რაზე აისახება ეს კლება, ჯერჯერობით, ბიუჯეტში დაკონკრეტებული არ არის.
მოლოდინი იმისა, რომ საკრებულოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, გამგეობის მიერ ხელმეორედ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს დეპუტატთა უმეტესობა ისევ არ დაუჭერდა მხარს, არ გამართლდა. როგორც გაირკვა, სხდომის წინა დღეს გამგებელსა და საკრებულოში ახლადშექმნილ ფრაქციათა კოალიციის წევრებს შორის, რამდენიმესაათიანი კონსულტაცია მიმდინარეობდა და სიტუაციაც სწორედ ამ ფაქტმა შეცვალა.
მანამ, სანამ ბიუჯეტი კენჭისყრაზე დადგებოდა, კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ჩახვაძემ განმარტება გააკეთა, თუ რატომ უჭერს მხარს წარმოდგენილ მთავარ საფინანსო დოკუმენტის პროექტს კოალიცია, რომელიც, თავის დროზე, საკმაოდ ხმამაღალ და უარყოფით შეფასებებს აკეთებდა ბიუჯეტის პროექტთან მიმართებაში. ჩახვაძის თქმით, კოალიციის წევრებსა და აღმასრულებელ რგოლს შორის გაიმართა რამდენიმესაათიანი მსჯელობა, რომელსაც ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. სწორედ, ამ შეხვედრის შემდეგ, ფრაქციათა კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება და ბიუჯეტს მხარი დაუჭირა.
მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით, საკუთარი დამოკიდებულება არ შეუცვლიათ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომელთა უმრავლესობას საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე სხდომათა დარბაზი უკვე დატოვებული ჰქონდა.