სასამართლომ პარლამენტის ყოფილი წევრის ნოდარ მოდებაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ნოდარ მოდებაძის განზრახ მკვლელობაში ავთანდილ ზაალიშვილი დამნაშავედ სცნო, ”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ”სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ნოდარ მოდებაძეს და ავთანდილ ზაალიშვილს თელავის რაიონის სოფელ აკურას მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ ხმელიანის ადგილებში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც ნოდარ მოდებაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ავთანდილ ზაალიშვილს. აღნიშნულის გამო განაწყენებულმა ავთანდილ ზაალიშვილმა დატოვა შემთხვევის ადგილი და შურისძიების მოტივით ნოდარ მოდებაძის მკვლელობა განიზრახა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ავთანდილ ზაალიშვილი იმავე დღეს, ე.წ. ხმელიანის ადგილებში სანადირო თოფით შეიარაღებული დაბრუნდა, ნოდარ მოდებაძეს მუცლის არეში ორჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ნოდარ მოდებაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ავთანდილ ზაალიშვილი 9 აგვისტოს სოფელ აკურაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ ავთანდილ ზაალიშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.