საპატიმროდან რამდენიმე დღის წინ გამოსული თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პოლიტიკურ პროცესებში უკვე ჩაერთო და „ნაცმოძრაობიდან“ განქორწინებულებს, გვერდით აქტიურად დაუდგა. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ეს „განქორწინება“ მხოლოდ პიროვნებების შეუთავსებლობა არ ყოფილა და სავარაუდოდ, ამას წინ უძღოდა გარკვეული საერთაშორისო გარანტიები. მისი აზრით, ამავე გზას აირჩევს საპატიმროში ჯერ კიდევ მყოფი ვანო მერაბიშვილი, რომლის გათავისუფლებაზეც ასევე ბევრს საუბრობენ.
„მე, პირადად, ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების ერთმანეთთან შეუთავსებლობა არ არის. მეტისმეტად სინქრონულად გადადგა ნაბიჯი იმ გუნდმა, რომელიც გამოეყო. სავარაუდოა, რომ ამ პროცესს წინ რაღაც მოლაპარაკებები, შეთანხმებები, გარანტიების მიღება უძღოდა საერთაშორისო არენიდან. ისიც სავარაუდოა, რომ მერაბიშვილთან და უგულავასთან, მათი საპყრობილეში ყოფნის გამო, ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა. ამიტომ, უგულავამ უფრო ადრე გადაწყვიტა საკუთარი ბედი, მერაბიშვილი კი, ალბათ, მოგვიანებით… ვანო მერაბიშვილი ძალიან წონიანია. ოღონდ ორი საწინააღმდეგო მიმართულებით. მერაბიშვილის ჩართვამ, შეიძლება, ამა თუ იმ გუნდს ბევრი ხმა დააკარგვინოს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ცოდვების დიდი ნაწილი მასზეა მიწერილი. უარყოფითი ნამდვილად ექნება და დადებითი რამდენად ექნება, არ ვიცი", _ აცხადებს საყვარელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.