მიხეილ სააკაშვილი: _ ბახმაროში ძალიან კარგი კლიმატია და ბავშვებისთვის სასარგებლო ჰავაა. ბახმაროში შიდა გზები კეთდება, კეთდება ჩოხატაურთან დამაკავშირებელი გზაც. ასევე უნდა გავაკეთოთ მამათის გზა, რომელიც რამდენიმე სოფელს ჩაუვლის.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის მაკა კვირკველიას თქმით, კარგია, გზა რომ კეთდება, მაგრამ კითხულობს, რატომ მაინცდამაინც არჩევნების წინ ხდება ეს:
_ წელს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჯერ 950 000 ათასი ლარი შემოვიდა _ ეს სოფლის განვითარების პროექტების თანხას მოჰყვა, შემდეგ კი 800 000 ათასი ლარი გადმოირიცხა. შარშან კი ტრანსფერის სახით, ორჯერ არ ჩამორიცხულა თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან. თანხების ასე შემოდინება, რა თქმა უნდა, არჩევნებს უკავშირდება. ამ 800 000 ათასი ლარიდან 240 000 ლარზე მეტი მამათის ხიდის მშენებლობისთვის არის გამოყოფილი. ახლა ლანჩხუთში კუპრეიშვილის ქუჩის გზის გაკეთება დაიწყეს, ნახევრად. ამ ქუჩაზე მე ვცხოვრობ _ ოთხი წლის განმავლობაში საკრებულოს სხდომებზე ხშირად ვსაუბრობდი იმის შესახებ, რომ გზა გასაკეთებელი იყო, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევდა, რატომღაც ახლა გაახსენდათ. აქამდე რომ გაეკეთებინათ ნაწილ-ნაწილ, ახლა უკვე ბოლომდე იქნებოდა მიყვანილი სამუშაო. კარგია, რომ კეთდება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ საარჩევნო წელს, _ გვითხრა “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მაკა კვირკველიამ.
_ მიდის პროექტზე მუშაობა, ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისიდან უკვე ჩამოსულები იყვნენ კომპეტენტური პირები. სავარაუდოდ, პროექტი 5-6 მილიონიანი იქნება. 18 კილომეტრი გზა გაკეთდება _ შუხუთი, აცანა, მამათი, ძიმითი და შეუერთდება ნასაკირალს, _ ამბობს შპს “გზამშენი 18”-ის დირექტორი, თემურ ჯახვა.
როგორც ლანჩხუთში გვეუბნებიან, არ არის გამორიცხული, ეს თანხა გურიის განვითარების ფონდიდან გამოიყოს, ან ცენტრალური ბიუჯეტიდან. ჯერ მამათის გზის მშენებლობაზე ტენდერი არ გამოცხადებულა. თუმცა, გზის სამუშაოები ერთ თვეში უნდა დაიწყოს, როდესაც უკვე ცნობილი გახდება არჩევნების თარიღი.