ზამთარში ძნელია გაციებისგან თავის დაცვა. წლის ამ ცივ დროს განსაკუთრებით საჭიროა ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება. მანდარინი კი განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან მისი მწიფე ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, რაც აძლიერებს ორგანიზმს, ანიჭებს დამცავუნარიანობას, ებრძვის რესპირატორულ, ვირუსულ ინფექციებს, ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას, ხელს უშლის დაბერების პროცესსა და გულის დაავადებებს.
C და P ვიტამინების წყალობით მანდარინი აძლიერებს შემაერთებელ ქსოვილში კოლაგენის სინთეზს, რის შედეგადაც კანი ხდება ელასტიკური და მკვრივი, უმჯობესდება ასევე, ღრძილების მდგომარეობა. მანდარინი არა მარტო ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს, არამედ გიცავთ პაროდონტოზისგანაც. ის შეიცავს კალიუმსა და კალციუმს, რომლებიც საჭიროა ძვლების, კბილებისა და კუნთოვანი ქსოვილებისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა მანდარინი ორგანიზმში სითხის დაგროვებისა და ღამით ფეხის კუნთების კრუნჩხვის დასათრგუნავად.
მანდარინის წვენი ანტიმიკრობული მოქმედებით გამოირჩევა და ის კარგია კუჭ-ნაწლავის აშლილობისა და ჭიებით დასნებოვნების დროს. ეს ციტრუსი ასევე, მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც ასრულებს უჯრედისების იმუნიტეტის იმუნომოდულატორის როლს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს შეიცავს მანდარინის ქერქი, რომელიც, ასევე, მდიდარია ეთერზეთებით და კარგი დამამშვიდებელი საშუალებაა ნერვული აშლილობისა და უძილობის დროს. 2 სადილის კოვზ მანდარინის კანს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, აცადეთ შეგრილება და შემდეგ ეს ნაყენი დალიეთ.
მანდარინის მიქსტურა კი ხველას შეგიჩერებთ: სამ სუფრის კოვზ მანდარინის გამხმარ ქერქს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ორი საათით გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ. დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. ეს მიქსტურა შემთბარი მიიღეთ, მეოთხედი ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამის შემდეგ.