საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, გახორციელებული ფარული ჩაწერა-მიყურადება 48 საათის განმავლობაში სასამართლომ უნდა დააკანონოს.
როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა შეთანხმებას მიაღწია.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც სამუშაო ჯგუფის ფორმატში კონსენსუსი შედგა, პირადი ცხოვრების უფლებას ეხება. კერძოდ, კონსტიტუციის მე-20 მუხლში წერია, რომ პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვა, მათ შორის, ფარული ჩაწერა, ფარული სატელეფონო მიყურადება ხდება სასამართლოს წინასწარი თანხმობით ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სასამართლოს თანხმობის გარეშე. თუკი გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება არსებობს და ფარული ჩაწერა იწყება, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს იმას, რომ 48 საათის გასვლის შემდეგ ეს სასამართლოს მიერ უნდა დაკანონდეს. დღევანდელი შეთანხმებით, „პოსტ ფაქტუმ“ სასამართლოს კონტროლი გაჩნდება საქართველოს კონსტიტუციაში“, – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.